ჯენიფერ ლოპესსა და ჰოლივუდის ცნობილ რეჟისორ რობერტ ზემეკისს შორის შემოქმედებითი უთანხმოების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. როგორც მედია წერს, მომღერალი და მსახიობი Netflix-ის ახალი თრილერის, The Last Mrs. Parrish-ის მონტაჟის პროცესში აქტიურად ჩაერთო, თუმცა თავად ლოპესი და რეჟისორი კონფლიქტის შესახებ გავრცელებულ ცნობებს უარყოფენ.
როგორც გამოცემა OK! Magazine წერს, წყაროების ინფორმაციით, ლოპესსა და ზემეკისს ფილმის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები აქვთ. ერთ-ერთი ინსაიდერის მტკიცებით, მსახიობი პროექტზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდა, რადგან ფილმის სატესტო ჩვენებების შედეგებით უკმაყოფილო იყო.
„მან სცადა ფილმის საკუთარ ხელში აღება. თავს კინორეჟისორად მიიჩნევს“, - განუცხადა გამოცემას ანონიმურმა წყარომ.
სხვა წყაროს თქმით, ლოპესი ფილმის გადარჩენას ცდილობს. გამოცემის ინფორმაციით, მსახიობი, რომელიც პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერიცაა, მონტაჟის პროცესში აქტიურად მონაწილეობს.
თუმცა გავრცელებულ ცნობებს Netflix-ი, ჯენიფერ ლოპესი და რობერტ ზემეკისი ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ და ისინი უარყვეს.
„ეს ინფორმაცია კატეგორიულად მცდარია. ნებისმიერი მტკიცება, თითქოს ფილმის შემქმნელები შეთანხმებულად არ მუშაობენ, საფუძველს მოკლებულია“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.
Netflix-მა ასევე აღნიშნა, რომ ფილმის სატესტო ჩვენებებმა დადებითი შედეგი აჩვენა, განსაკუთრებით ჯენიფერ ლოპესის გულშემატკივრებში.
ფილმი The Last Mrs. Parrish 2017 წელს გამოცემულ, ლივ კონსტანტინის ამავე სახელწოდების ბესტსელერს ეფუძნება. სიუჟეტი თაღლით ქალს, ამბერ პატერსონს ეხება, რომელიც მდიდარი წყვილის ცხოვრებაში შეღწევას ცდილობს. მისი გეგმაა, დაუმეგობრდეს ცოლს, აცდუნოს ქმარი და საბოლოოდ თავად გახდეს ქალბატონი პერიში.
ჯენიფერ ლოპესი ფილმში დაფნი პერიშის როლს ასრულებს, მის მეუღლეს კი ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ განასახიერებს. ამბერ პატერსონის როლში იზაბელ მეი გვევლინება. ფილმის რეჟისორი რობერტ ზემეკისია, რომელიც მაყურებელმა ისეთი ცნობილი ნამუშევრებით გაიცნო, როგორებიცაა Back to the Future და Forrest Gump.
ფილმის გადაღებები 2025 წლის სექტემბერში დაიწყო. მედიის ცნობით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 100 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო Netflix-ზე მისი გამოსვლა 2027 წელს იგეგმება. გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით გამოცხადებული არ არის.
წყარო: okmagazine.com