2027 წლის Met Gala-ს მთავარი თემა ყოველდღიური სამოსი და ნივთები იქნება. ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა მომავალი წლის კოსტიუმების ინსტიტუტის გამოფენის კონცეფცია დაასახელა, რომელიც ჯინსის შარვლებს, მაისურებს, პუფერ-ქურთუკებს, პლასტმასსა და ქაღალდს დაეთმობა.
გამოფენას სახელწოდება extraORDINARY: Fashion and the Poetics of the Everyday ექნება.
მისი მიზანია, წარმოაჩინოს, როგორ გარდაქმნიან დიზაინერები ყოველდღიურ სამოსსა და ჩვეულებრივ მასალებს ხელოვნების ნიმუშებად - კრეატიული კონსტრუქციების, ოსტატობისა და ექსპერიმენტების საშუალებით.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც კოსტიუმების ინსტიტუტის კოლექციიდან შერჩეული ნამუშევრები, ისე სხვა მუზეუმებიდან თუ დიზაინერებისგან მიღებული ნივთები და ახალი შენაძენები. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, განსხვავებული თვალით შეხედონ ისეთ ჩვეულებრივ ნივთებს, როგორებიცაა ჯინსი, თეთრი მაისური, ჰუდი, ტყავის ქურთუკი თუ პლასტმასისა და ქაღალდისგან შექმნილი სამოსი.
გამოფენა რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს. ერთი ნაწილი ყურადღებას გაამახვილებს ყოველდღიური ტანსაცმლის დიზაინერულ გარდაქმნაზე, მეორე კი - ჩვეულებრივი მასალებისა და ნივთების გამოყენებაზე მოდაში. წარმოდგენილი იქნება გადამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და ძველი მასალებისთვის ახალი დანიშნულების მინიჭების მაგალითებიც.
კოსტიუმების ინსტიტუტის ხელმძღვანელი კურატორის, ენდრიუ ბოლტონის განმარტებით, ყოველდღიურ სამოსს გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, საყვარელი ჯინსი ან მაისური ადამიანების მოგონებებს, ჩვევებსა და პირად ისტორიებს უკავშირდება.
2027 წლის Met Gala 3 მაისს გაიმართება, ხოლო გამოფენა დამთვალიერებლებისთვის 9 მაისს გაიხსნება და 2028 წლის 9 იანვრამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ახალი კონცეფცია მას შემდეგ შეირჩა, რაც მუზეუმმა ბრიტანელი დიზაინერის, ჯონ გალიანოსადმი მიძღვნილი დაგეგმილი რეტროსპექტივა გააუქმა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კრიტიკა გალიანოს წარსულში გაკეთებული ანტისემიტური და რასისტული განცხადებების გამო, რისთვისაც დიზაინერს არაერთხელ მოუხდია ბოდიში.
Met Gala მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში იმართება და კოსტიუმების ინსტიტუტისთვის თანხების შეგროვებას ემსახურება. წითელ ხალიჩაზე ცნობილი დიზაინერები, მსახიობები, მუსიკოსები და სხვა ვარსკვლავები ჩნდებიან, რომელთა სამოსიც, როგორც წესი, გამოფენის თემით არის შთაგონებული. 2027 წლის ღონისძიების სტუმრებისა და ჩაცმულობის კონკრეტული დრესკოდის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.