განო გერლიანი ულამაზესი და უნიჭიერესი ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც ახლახან სერიალ „სიყვარულს მიღმაში“ გამოჩნდა და მაყურებლის გულის მოგება მალევე მოახერხა.
მისი თქმით, სერიალში ქასტინგის მეშვეობით მოხვდა.
„თავიდან დიდად არ მქონდა იმედი, რომ დამამტკიცებდნენ და აბსოლუტური შოკი მივიღე, როცა პასუხი დადებითი იყო. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ“, - ამბობს ის.
განო სერიალში ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟის - გოგას შეყვარებულია, ხოლო რეალურ ცხოვრებაში მისი საქმრო ასევე მსახიობი ლუკა თარხან-მოურავია.
როგორია მისი სიყვარულის ამბავი ეკრანს მიღმა, ამაზე მსახიობმა „თბილისელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ლუკა: იმიტომ არ მოსწონს, რომ „ინსტაგრამზე“ აღმოვაჩინე. უნდოდა, სადმე პოსტაპოკალიფსურ მდგომარეობაში გადამერჩინა ზომბებისგან (იცინის). რეალურად კი „ინსტაგრამზე“ რაღაც დროის მიმოწერის შემდეგ შევხვდით. პირველივე შეხვედრის შემდეგ ჩემს დეიდაშვილს დავურეკე, მომილოცე, ცოლი მომყავს-მეთქი (იცინის). მაშინვე დავრწმუნდი, რომ ის ერთადერთი იყო.
განო: მეც ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა.
ლუკა: სხვათა შორის, პირველ პაემანზე ექვსი საათი მალოდინა. თვითონაც საცობში მოყვა და ფორსმაჟორი ჰქონდა. მე მანქანაში მეძინა კარგა ხანს, მაგრამ მთავარია, ჩვენი შეხვედრა შედგა (იცინის).
განო: პირველად რომ ვნახე, ანუ, მანქანაში რომ ჩავჯექი და შევხედე, ჩემი პირველი სიტყვები იყო – რა ლამაზი ხარ...
ლუკა: ვუყურებ და მართლა შოკირებული ვარ. ჩემთან ერთად ზის მანქანაში და ისეთია, გეგონება, ციდან ჩამოფრინდა. დამუნჯებული ვუყურებ, ვერაფერს ვამბობ და უცებ, თვითონ მეუბნება, რა ლამაზი ხარო (იცინის).
განო: პირველი შთაბეჭდილება იყო და გულწრფელად ვუთხარი, რაც ვიფიქრე. სამი დღის გაცნობილი მყავდა, როცა შინაგანად უკვე ვიცოდი, რომ საქმრო იყო და მანაც უკვე იცოდა, რომ საცოლე ვიყავი. რამდენიმე თვის წინ დავინიშნეთ კიდეც.
– რა მოხდა პარიზში?
ლუკა: იქ მეგობრები ჩავედით სამოგზაუროდ და ყველა გაფრთხილებული მყავდა, რომ პარიზში უნდა მეთხოვა ხელი.
განო: მე არ ვიცოდი, რომ ხელის თხოვნას აპირებდა და ისე გამოვიდა, რომ ეიფელის კოშკიდან უკვე დანიშნული გამოვედი (იცინის).
– როგორც მსახიობი, პირველ ნაბიჯებს დგამ და ასეთ დროს საყვარელი ადამიანისა და თან, მსახიობის გამხნევება, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორი შემფასებელია ლუკა?
– რადგან მე ასაკით პატარა ვარ, ლუკას სულ ტელევიზორში ვხედავდი და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ძალიან ნიჭიერი იყო. რაც შეეხება ჩემს პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესში ყველაზე მეტად ლუკასი მეშინია. ალბათ, სტივენ სპილბერგმა რომ მომცეს შენიშვნა, ისე არ მეწყინება, როგორც ლუკას ნათქვამი. ყველაფერში მეხმარება, მეხვეწება, რომ მასთან გავიარო რეპეტიციები, თუმცა ჩემთვის ლუკასთან ერთად თამაში და მასთან ერთად კასტინგზე მისვლა კოშმარია, ძალიან მიჭირს. რომ წარმოვიდგენ, რომ მის წინაშე უნდა ვითამაშო, ძალიან ვნერვიულობ. როცა ცუდი უნდა მითხრას, მაშინაც არ მეუბნება, მაგრამ მე მაინც ვნერვიულობ. თუმცა, მაინც მიწევს, რადგან საერთო პროექტში ვართ, მოკლემეტრაჟიან ფილმში ვთამაშობთ შეყვარებულების როლებს.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ვის ელის ყველაზე მეტი წარმატება 2024 წელს - სრული ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის