
ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით ისტორია დაწერა. ამ წარმატებამდე მისასვლელი გზა რთული და მტკივნეული იყო, თუმცა შედეგი ყველაფრად ღირდა.
იგი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა და უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.
როგორი შეგრძნებაა, იყო მსოფლიოს ჩემპიონი და რა გზა გაიარა დიდი მიზნისკენ - ამის შესახებ იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
გთავაზობთ ამონარდს ინტერვიუდან:
– როგორი შეგრძნებაა, იყო მსოფლიოს ჩემპიონი?
– რა თქმა უნდა, ძალიან კარგი. როდესაც ვაანალიზებ, რამდენი შრომის, გულისტკივილისა და წვალების შედეგად მოვიდა ეს წარმატება, ძალიან ამაყი ვარ, რომ ყველაფერი დამიფასდა. იყო არაერთი წაგება, გულისტკივილი, მაგრამ ამ გამარჯვებით, თითქოს, ყველაფერი დამავიწყდა.
დაუვიწყარია ეს ემოციები. მინდა, ვთქვა, რომ მთელი საქართველო ერთ მუშტად შევკარი. ამ წარმატებით ყველა ძალიან გახარებული იყო, მთელი გულით მილოცავდნენ. სოციალურ ქსელში რომ შევდიოდი და უამრავი ადამიანის შეტყობინებას ან პოსტებს ვკითხულობდი, ძალიან ამაყი ვიყავი. მოვახერხე გავმხდარიყავი მსოფლიოს ჩემპიონი, დამეწერა ეს ისტორია და ჩემი ხალხი გამეხარებინა. ამისთვის ბევრი ვიშრომე.
– დიდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ძალიან პატარა ასაკში მოგიწია ოჯახის დატოვება, რაც არ არის მარტივი. რა გეხმარებოდა მაშინ, როგორ გახსენდება ის პერიოდი, თავისი გამარჯვებებით, მონატრებით თუ განცდებით?
– მიჭირს ხოლმე ამ გზის გახსენება. ათი წლის გოგონასთვის რთული იყო მშობლებისა და დედმამიშვილების დატოვება. ბევრჯერ მიტირია მონატრებისგან, მაგრამ რაღაც ძალას მაძლევდა და ვცდილობდი, მარტივად შემეხედა. მქონდა მიზნები და მინდოდა, მათი განხორციელება შემძლებოდა. ვგრძნობდი, რომ უფალი ჩემ გვერდით იყო და დაბრკოლებების გადალახვასა და ოჯახის მონატრებასთან გამკლავებაში მეხმარებოდა.
მე და ბიძა რუსთავში ვცხოვრობდით და ყოველდღე თბილისში დავდიოდით ვარჯიშებზე. 10 წლის გოგონასთვის ესეც რთული იყო. მარტო ვერ დავდიოდი და ბიძა ყოველდღე დამყვებოდა. მერიდებოდა, რომ მთელ დღეს მე მითმობდა, თავის საქმეს სწყდებოდა. 13 წლის ასაკში, როგორღაც, დავარწმუნე, რომ უკვე შემეძლო რუსთავიდან თბილისში მარტო სიარული. პარალელურად, ვსწავლობდი. სკოლის შემდეგ ბევრჯერ ჭამაც კი ვერ მომისწრია, მაშინვე ვარჯიშზე წავსულვარ. მადლობა ღმერთს, რომ ფუჭად არ ჩაიარა ამ ყველაფერმა და გაწეული შრომა დამიფასდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სცენისთვის ხარ გაჩენილი“ - ნუცა ბუზალაძემ ეროვნული სამოსი მოირგო და ქართული ცეკვა შეასრულა
„მიყვარს წითელი“ - მანუ მურღულიას ცეცხლოვანი კადრები
⭕ „უკვე მაქვს ამის თქმის უფლება...“ - ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს
წყარო: tbiliselebi.ge