Digest Logo

მცდარი ნაბიჯები, საოცნებო ცხოვრება და ყველაზე დიდი ტკივილი - ალექსანდრე ზაზარაშვილის გულახდილი ინტერვიუ

1778699270
ალექსანდრე ზაზარაშვილი

მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრობს. 

გთავაზობთ ამონარდს ინტერვიუდან: 

– ვინ არის ალექსანდრე ზაზარაშვილი?

ალექსანდრე ზაზარაშვილი: მეოცნებე.

– როგორია შენი საოცნებო ცხოვრება?

– მინდა, ოჯახი ახლოს მყავდეს. იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ამერიკაში ვცხოვრობ და ოჯახისგან შორს ყოფნა რთულია. ახლო მომავალში ყველაფერი კარიერას უკავშირდება. შორეულ პერსპექტივაში კი, უბრალოდ, მინდა, მომავალში წყნარი ცხოვრება მქონდეს, რომ მშვიდად ამოვისუნთქო. სულ მუშაობაში ვარ და მინდა, მივაღწიო ეტაპს, როცა მშვიდად დავტკბები ცხოვრებით ჩემი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ხარ?

– თან – ძალიან, მაგრამ იმავდროულად, საერთოდ არა. უცნაური შერწყმაა, მაგრამ ასეა. ზოგჯერ მე თვითონაც ვერ ვხვდები, რა დროს შეიძლება, ვიყო ემოციური. არის მომენტები, როცა წესით, ძალიან ემოციური უნდა ვიყო, მაგრამ რეალურად, ძალიან ცივი გონებით ვმოქმედებ. თუ ემოციებს აჰყვები, შესაძლებელია, ბევრი შეცდომა დაუშვა. შინაგანად ძალიან ემოციური ვარ, უბრალოდ, ცხოვრებამ ამის კონტროლი მასწავლა.

– რა მიგაჩნია ცხოვრებაში შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ყველაზე დიდ გამარჯვებად ის მიმაჩნია, რომ ხალხისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. შეიძლება, ძალიან ცნობილი იყო, უამრავ პროექტში გაიმარჯვო, მაგრამ ხალხის სიყვარული მაინც ვერ მოიპოვო. მე მაქვს იმის თქმის ბედნიერება, რომ ხალხს ძალიან ვუყვარვარ.

ყველაზე დიდ მარცხს რაც შეეხება, ვფიქრობ, ასეთი არ მქონია. იმას, რაც შეიძლება, მარცხად მიიღო, მე ვუყურებ, როგორც საჭიროებას იმისთვის, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს, მარცხად არაფერს აღვიქვამ.

– როდის გიტირია სიხარულის ან მტკივნეული ცრემლებით?

– სიხარულის ცრემლებით ბოლოს მაშინ ვიტირე, როდესაც „ვოისი“ მოვიგე. მაშინ 12 წლის ვიყავი.

რაც შეეხება ტკივილით გამოწვეულ ცრემლებს, დაახლოებით, სამი წლის წინ, რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ, პირველად ჩამოვედი საქართველოში და წასვლისას, როცა ჩემს ახლობლებს ვემშვიდობებოდი, ძალიან გამიჭირდა. ყველა ძალიან მენატრებოდა, ძლივს მოვახერხე მათი მონახულება და ისევ განშორების დრო რომ მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თავს ვუთხარი, ალექსანდრე, მოდი ცრემლები არ გვინდა, ვერ შევძელი თავის შეკავება და ცრემლები წამსკდა. ჩემმა დეიდაშვილმა, რომელთან ერთადაც გავიზარდე, ისე განიცადა, რომ ცუდად გახდა... მე ხშირად არ ვტირი, მაგრამ მაგ მომენტში, მთელი ოჯახი ერთად ვტიროდით.

– წარსულიდან რას მიიჩნევ საკუთარი თავის მცდარ ნაბიჯად?

– არაფერს. ყველაფერს თავისი მიზეზი და ახსნა აქვს. ხანდახან მგონია, რომ მაშინ, როცა ვფიქრობ, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მე ვიღებ, რეალურად ეს ასე არ არის და ყველაფერი ზემოთ წყდება, ღმერთი განაგებს ჩვენს ცხოვრებას – ამის ძალიან მჯერა. შესაბამისად, რაც მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერს ამ თვალით ვუყურებ და დრო რომ გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა.

– როდის ყოფილხარ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება, ეს თვისება გააღვიძოს შენში?

– ალბათ, ყველაზე სასტიკი ისეთ მომენტებში ვარ, როცა საყვარელი ადამიანისგან პატივისცემას ვერ ვხედავ. ჩემთვის ურთიერთობაში პირველ რიგში პატივისცემა დგას, შემდეგ – სიყვარული და ყველაფერი დანარჩენი. ჩემი აზრით, თუ ადამიანს პატივს არ სცემ, თუ არ აფასებ, სხვა ყველაფერს აზრი არ აქვს. თუ პატივისცემას ვერ ვხედავ ურთიერთობაში, აუცილებლად დისტანციას ვიჭერ. რაც უფრო ახლობელია ადამიანი, მით უფრო მძაფრი რეაქცია მაქვს.

– რა გსმენია საკუთარ თავზე განსაკუთრებით კარგი, რაც ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა და ისეთიც, რამაც ცოტა გული გატკინა და ფიქრობ, რომ არ იმსახურებდი?

– ის, რაც ძალიან მესიამოვნა, იყო შეფასება, რომელიც ამერიკაში, კონექტიკუტის „ნიჭიერში“ მივიღე. ქასთინგზე მთავარმა პროდიუსერმა მითხრა, ათასი მომღერალი რომ დააყენო და თვალდახუჭულს მომასმენინო, შენი ხმა იმდენად უნიკალურია, მას ამოვირჩევდი ჩემი სიმღერებისთვისო. ეს ადამიანი ძალიან ცნობილი პროდიუსერია, ასევე, ვიდეოთამაშების საუნდტრეკების შემქმნელი და მისგან ძალიან გამიხარდა ასეთი სიტყვები.

რაც შეეხება ცუდს, გული არ მტკენია, მაგრამ არ იყო სასიამოვნო ისეთი კითხვების მოსმენა, რომელიც „ვოისში“ ჩემი გამარჯვების სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს. არიან ადამიანები, ვისაც ჰგონიათ, რომ ასეთი რამეები არ ხდება ფულისა და „ჩაწყობის“ გარეშე. ვინ დაგეხმარა? ჩაწყობილი იყო?.. ასეთი კითხვები არ მსიამოვნებს ხოლმე.

თუმცა, მე კარგიც და ცუდიც, ორივე მოტივაციას მაძლევს. კარგი – იმ მხრივ, რომ გავამართლო მოლოდინები, ცუდი კი – იმ მხრივ, რომ საპირისპირო დავამტკიცო.

– როდის განიცადე ყველაზე დიდი შიში?

– ჩემი ყველაზე დიდი შიში საყვარელი ადამიანების დაკარგვას უკავშირდება.

– ყველაზე დიდი სულიერი და ფიზიკური ტკივილი?

– ჩემი შეძენილი ძმის გარდაცვალება, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი. ამერიკაში ვიყავი, როცა დედამ დამირეკა და ეს ამბავი მითხრა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე იყო. სრულიად გავიყინე...

რაც შეეხება ფიზიკურ ტკივილს, ერთხელ თხილამურებზე სრიალისას ხელი ამომივარდა. ყველაზე ძლიერი ფიზიკური ტკივილი მაშინ განვიცადე.

– ვამაყობ იმით, რომ ასეთი კარგი, თბილი, კეთილი, შეკრული და უბოროტო ოჯახი მაქვს. ეს იშვიათობაა.

და ბოლოს, 10 მაისს მაქვს თბილისში კონცერტი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვიტყოდი, რომ ეს ნაბიჯიც მეამაყება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕პლუტონი მერწყულში: წინ დიდი რეფორმების 20 წელი გველის - „ნუ შეებრძოლებით ცვლილებებს, პირიქით გახდით ცვლილებების ნაწილი“

⭕„ექიმის სიტყვას შეუძლია მკურნალობდეს, მაგრამ შეუძლია პირიქითაც — პაციენტი სირცხვილში, იზოლაციაში და თვითსიძულვილში დატოვოს“ - ნატა გაგუა ციცინო შურღაიაზე

⭕მარინა კარპი დაბადების დღის წვეულებიდან კადრებს გვიზიარებს - „ჩემი 36-ე“

წყარო: tbiliselebi.ge