Digest Logo

„ნამდვილი საჩუქარი სიყვარულია და არა ის, რომ უყვარდე“ - დევა კასელის კინოდებიუტი, რომელმაც ყურადღება მიიპყრო!

1792399784
დევა კასელი

22 წლის იტალიელ-ფრანგმა მოდელმა და მსახიობმა დევა კასელმა რომის კინოფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მონიკა ბელუჩისა და ვინსან კასელის ქალიშვილმა ფესტივალზე ალექსანდრ კასტანიეტის ახალი ფილმი Le Fantôme de l’Opéra წარადგინა, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს. იტალიაში ფილმი სახელწოდებით L’amore immortale - „უკვდავი სიყვარული“ გამოვა.

ფილმი გასტონ ლერუს ცნობილი გოთიკური ნაწარმოების, „ოპერის მოჩვენების“, თანამედროვე ინტერპრეტაციაა.

დევა კასელი ანასტასია მარესკუს განასახიერებს - რუმინელ ბალერინას, რომელიც პარიზის ოპერის თეატრში ხვდება და იდუმალი პიანისტის მიმართ გრძნობები უჩნდება. სიუჟეტში რომანტიკა, მუსიკა და მისტიკური ელემენტები ერთმანეთს ერწყმის.

მთავარი როლისთვის კასელი სამი თვის განმავლობაში ემზადებოდა

როგორც მსახიობმა რომის კინოფესტივალზე განაცხადა, კლასიკური ბალეტის შესწავლა მისთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო. დევამ სამი თვის განმავლობაში ინტენსიურად ივარჯიშა, რათა ეკრანზე ბალერინას მოძრაობები დამაჯერებლად გადმოეცა. მსახიობის თქმით, ამ პროცესმა საკუთარი სხეულის მოძრაობისა და შესაძლებლობების უკეთ გაცნობაში დაეხმარა.

რეჟისორ ალექსანდრ კასტანიეტის ნამუშევარი ცნობილი სიუჟეტის ახლებურ, თანამედროვე ვერსიას გვთავაზობს. ფილმი მაყურებელს არა მხოლოდ სიყვარულის ისტორიას, არამედ ოპერის, კლასიკური მუსიკისა და ცეკვის სამყაროსაც აცნობს.

რომის კინოფესტივალზე დევა კასელმა სიყვარულისა და ოჯახის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მშობლებმა ასწავლეს, რომ სიყვარულისთვის მნიშვნელოვანია მეორე ადამიანის მოსმენა და მისი გაგება.

„ნამდვილი საჩუქარი სიყვარულია და არა ის, რომ უყვარდე“, - აღნიშნა მსახიობმა.

კასელმა ასევე ისაუბრა მოდისა და კინოს შორის განსხვავებაზე. მისი თქმით, კინოში მსახიობს საკუთარი თავის სხვადასხვა მხარის წარმოჩენის მეტი შესაძლებლობა აქვს, სიტყვების, მუსიკისა და პერსონაჟის ემოციური გამოცდილების საშუალებით.

მიუხედავად იმისა, რომ დევა კასელი ორი ცნობილი მსახიობის ქალიშვილია, ის ცდილობს, საკუთარი პროფესიული იდენტობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს. მოდის ინდუსტრიაში წარმატების შემდეგ მსახიობი კინოში უფრო აქტიურად გამოჩნდა და ახალი როლებით საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობს.

მისი მონაწილეობა ფილმში L’amore immortale კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპია, ეს მისი პირველი მთავარი როლია სრულმეტრაჟიან ფილმში.

✕