
„ქართველი ხარ, ბიჭო?!“, „აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანო, შენა“... დიახ, სწორედ „ჯარისკაცის მამაზე“ მინდა გესაუბროთ.
სერგო ზაქარიაძე, ყველა ჯარისკაცის მამაა, მისი ცხოვრება გაჭირვებითა და ტრაგედიითაა სავსე, ალბათ სწორედ ეს გახდა „ჯარისკაცის მამობის“ მიზეზი.
მას ჰქონდა დაპირისპირება კოლეგებთან, თითქოს მის სიდიადეს ჩრდილქვეშ აყენებდნენ, წინ არ უშვებდნენ... თუმცა ხალხის სიყვარულში გაუმართლა.
ფილმ „ჯარისკაცის მამის“ გამოსვლის შემდეგ ის მაყურებლისთვის საყვარელ მსახიობად იქცა...
ბიოგრაფია
სერგო ზაქარიაძის მამა, დეპოს მუშა, წერა-კითხვის გამავრცელებელი თბილისის საზოგადოების წევრი იყო. ამ საზოგადოების ფილიალთან, ბაქოში, გახსნილი იყო ქართული სკოლა, მუშაობდა ქართული თეატრი და რკინიგზელთა დრამწრე, რომელიც ქართულ ენაზე დგამდა პიესებს.
მოულოდნელად ოჯახს უბედურება დაატყდა თავს – გარდაიცვალა სერგოს მამა. იგი სულ რაღაც 28 წლის იყო და იმდენის გამომუშავებაც ვერ მოასწრო, რომ რიგიანი პენსია მაინც დაეტოვებინა დაობლებული ოჯახისთვის.
სამშვილიან ქვრივ ქალს თანასოფლელი ნათესავების დახმარებითა და ქსოვით მოპოვებული გროშებით გაჰქონდა თავი. დრო გადიოდა. ბიჭს ეჩვენებოდა, რომ მეტისმეტად ჩქარა გარბოდა დრო. მას ჯერჯერობით ძალიან ცოტა როლი აქვს ნათამაშები, უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებ და ფუჭად, უთეატროდ გაატარებ მთელ ცხოვრებას.
ყველაზე მეტად იმის შიში აქვს, არ გამოეპაროს მომენტი, როცა ჩვეულებრივ მოკვდავს შეუძლია, ნამდვილი არტისტი გახდეს.
აი, მამამისი ხომ ძალიან კარგად თამაშობდა?! მაგრამ მაინც ვერ გახდა ნამდვილი მსახიობი! ვინ იცის, იქნებ, მასაც გამოეპარა ხელსაყრელი შემთხვევა, მერე კი ცხოვრების ორომტრიალში ჩაეფლო, იძულებული გახდა, ოჯახის შენახვაზე ეზრუნა.
თანაც, ასაკოვანი კაცი როგორღა ისწავლიდა არტისტობას. სერგო საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ გულმოდგინედ ამუშავებდა მამამისი როლს, როგორ ნაყოფიერად იყენებდა ყოველ წუთს.
ქალაქად წასვლა
ქალაქში ისე გაიპარა, რომ მხოლოდ ძმას, ბუხუტის გაენდო – არაფერი არ მჭირდება, მაგრამ, თუ დედა მოისურვებს, ლობიო და მჭადის ფქვილი გამომიგზავნოს, თორემ, ვაითუ შიმშილით მოვკვდეო. იქნებ ცოტა ხნით გადაედო კიდევ წასვლა, მისი აზრით, ბედნიერ შემთხვევას რომ არ შეეწყო ხელი: ძმასთან ერთად, ერთი სკოლის ამხანაგს აცილებდა, რომელიც პოლიტექნიკურ სასწავლებელში ჩასარიცხად მიდიოდა დედაქალაქში.
გაცილებისას ფეხი აითრია, დაძრული მატარებლიდან ჩამოსვლა „ვეღარ მოასწრო“ და „უნებურად” დარჩა ვაგონში. ასე მოხვდა ის თბილისში, მაგრამ, ცარიელი ხელით როდი ჩამოვიდა, რამდენიმე რეკომენდაცია ჩამოიტანა, რომლებიც ადრევე გამოართვა უშანგი ჩხეიძესა და მის ამხანაგებს.
სიმართლე რომ ითქვას, რეკომენდაციები არც კი ყოფილა მსახიობები რუსთაველის თეატრის მსახიობ, მიშა ლორთქიფანიძეს, სალამს უთვლიდნენ და სთხოვდნენ, დახმარებოდა კარგ ყმაწვილს, რომელსაც სტუდიაში მოწყობა უნდოდა.
1922 წლის აგვისტო იყო, როცა სერგომ პირველად იხილა მისი სანუკვარი თბილის-ქალაქი. სწორედ იმავე ზაფხულს, სერგო რომ ჩამოვიდა დედაქალაქში, მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა სახელგანთქმული კოტე მარჯანიშვილი. სერგო კი თავის წლოვანებას მალავდა. თოთხმეტისაც არ იყო და, ჩვიდმეტისა ვარო, განაცხადა სტუდიაში. მაინც შეიტანა განცხადება, ყველაფერი სიმართლე დაწერა, მხოლოდ წლოვანება მოიმატა.
გამოცდებამდე დარჩენილი დრო ქალაქის გაცნობას მოანდომა. თბილისმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა – ეროვნული სიამაყით აღავსო, ესთეტიკური გრძნობები გაუღვივა.
გამოცდის დღე
დადგა გამოცდის, დიდი ხნის ნანატრი და საშიში დღე. თბილისში ყოფნისას სერგო ღამეს ერთ ზესტაფონელ ამხანაგთან ათევდა, რომელიც ბიძამისთან ცხოვრობდა ნაძალადევში. დედის ნაჩუქარი ველოსიპედის გაყიდვით აღებული ფულით გვარიან კოსტიუმში გამოეწყო და უთენია წავიდა სტუდიაში.
საშინელი ამბები დახვდა იქ: ჯერ ერთი, თურმე, მასთან ერთად კიდევ ოთხმოც პრეტედენტს ჰქონია განცხადება შეტანილი; მეორეც, აღმოჩნდა, რომ გამოცდები საჯარო იქნება – გარეშე ხალხი, ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები: მწერლები, ვექილები, ექიმები, ჟურნალისტები დაესწრებიან და მესამეც, გამომცდელთა შორის ვიღაც ცნობილი მარჯანიშვილი იქნებაო.
პრეტენდენტები ერთმანეთს ცვლიდნენ გამომცდელთა მაგიდასთან. ხან იმედის ნაპერწკალი უღვივდებოდა სერგოს გულში ხან სასოწარკვეთილება ეუფლებოდა და ბურანში იყო. გამოსაცდელთა გვარებს რომ ასახელებდნენ, თითქოს არც კი ესმოდა, მხოლოდ ნერვიულად თვლიდა „კარგებს“ და „ცუდებს“ – მისი აზრით, ჯერ კიდევ თავისუფალ ვაკანტურ ადგილებს ანგარიშობდა.
გულში კი, გადაწყვიტა, როცა გამომიძახებენ, არ გავალ, ვითომ არც მოვსულვარო, მაგრამ, რამდენჯერაც ეს გაიფიქრა, იმდენჯერვე, თითქოს, მეორე შინაგანი ხმა შეეპასუხა – „თვითონ ამათ გითხრან უარი!“ „სერგო ზაქარიაძე!” – ორჯერ დაიძახა აკაკი ფაღავამ. სერგომ მაშინვე ჰალსტუხზე იტაცა ხელი, მოიგლიჯა, ყელზე დედამისის თავსაფრის შემოხვევა დაიწყო და გამომცდელთა მაგიდისკენ გასწია.
დარბაზში სიცილი ატყდა. ყმაწვილი საკმაოდ მოსული ტანისა იყო, მაგრამ, გამომეტყველება ჰქონდა მეტისმეტად ბალღური. ფაღავამ რომ უთხრა, მოიწიეო, სერგოს „გაიწი” მოესმა და განზე გახტა, ამან კიდევ უფრო გააძლიერა დამსწრეთა სიცილი. „მოიწი, მოიწი”, – გაუმეორა ფაღავამ, – დაჯექი! რამდენი წლის ხარ?
– ჩვიდმეტის, – უპასუხა სერგომ. რას ჩქარობ, ორი, სამი წლის მერე მოდი.
– ძალიან მინდა... ახლა...
– კარგი, წაიკითხე.
სერგომ წარმოადგინა სცენა „გადაჭრილი მუხიდან“, გიმნაზისტს ლექსის ბოლომდე წაკითხვა რომ უჭირს, აი, ისე.
მაინც ჩაჭრილად ჩათვალა თავი, მით უმეტეს, რომ, სხვა აბიტურიენტებისგან განსხვავებით, არც სმენა შეუმოწმეს, არც რიტმი, მაგრამ, აი, მიშა ლორთქიფანიძე მივიდა მასთან, მხარზე ხელი დაარტყა და უთხრა:
„რა გადარდებს, ბიჭო, ნახევარზე მეტს ხომ აჯობე!“ ამ სიტყვებმა ჯადოსნურად იმოქმედა სერგოზე. „მიმიღეს!“ – გაიფიქრა გახარებულმა.
მიღებულთა სიებს ხვალვე გამოვაკრავთო, – უთხრეს, მაგრამ, ხვალამდე ლოდინი ჯოჯოხეთად იქცა. თავისი ამხანაგის სახლში რომ დაბრუნდა, ისეთი ხალისით შეხვდნენ მის გამარჯვებას მასპინძლები, ლხინიც გადაიხადეს.
მერე მთელი ღამე თეთრად გაათენა, თვალი არ მოუცილებია კედლის საათისთვის. ღამის 3 საათზე სწრაფად წამოდგა, ჩაიცვა და ჩუმად გამოვიდა სახლიდან, ითვლიდა სახლებს, ხეებს, ფარნის ბოძებს. რუსთაველის პროსპექტი ორჯერ გაიარა აქეთ-იქით და აქ სხვა თავშესაქცევი მოძებნა – ქვაფენილის ფილებს ითვლიდა და ისე გაერთო, ვერც კი დაინახა, როგორ გამოაკრეს სიები. მივარდა და სწრაფად ჩაჰყვა გვარებს. „რაა ეს? ვაიმე! რატომ არ ვწერივარ?“ სული რომ მოიბრუნა, სტუდიის ადმინისტრატორს შეეკითხა:
– მე რატომ არ ვწერივარ, ბატონო, ხომ ჩავაბარე? – კი ჩააბარე, შეგაქეს კიდეც, თვითონ გავიგონე, მაგრამ, წლოვანებამ შეგიშალა ხელი.
დიდხანს იდგა გაქვავებულივით თეატრის წინ, მაგრამ, მერე ახალგაზრდობამ მაინც თავისი გაიტანა. გულის კუნჭულში იმედმა გაუელვა – გაახსენდა თავისი მეგობარი მსახიობები, რომლებიც სულ მალე უნდა დაბრუნებულიყვნენ ზესტაფონიდან თბილისში.
ვინ არ შეუსრულებდა პატარა თხოვნას – სტუდიაში მიეღოთ ერთი კარგი ბიჭი! სეზონის გახსნისას სერგომ მთელი თავისი ფული ბილეთებში დახარჯა. ასე რომ, უახლოესი სპექტაკლების ნახვა უზრუნველყოფილი ჰქონდა.
რუსთაველის თეატრში იგი ისე შევიდა, როგორც ტაძარში. ზესტაფონის თეატრის შიშველი კედლებისა და ჭერის ჩაშავებული კოჭების შემდეგ, ძერწილმა ჭერმა, ბროლის ჭაღმა ისე დააბნია სოფლიდან ჩამოსული ბიჭი, რომ კედლის დიდი სარკე ფოიეს გაგრძელება ეგონა და პირდაპირ განაგრძო გზა...
იმ წუთას ისე შესჯავრდა ყველაფერი, რომ უკან მოუხედავად გამოიქცა თეატრიდან, მაგრამ, მეორე დილით უკვე აღარ ახსოვდა წინა ღამის განცდები. ამიტომ, გადაწყვიტა, მოეძებნა დოდო ანთაძე, რომელიც რეჟისორის თანაშემწე იყო.
დოდომ სარეპეტიციო დარბაზში შეიყვანა სერგო, სადაც იმ დროს ფაღავა მსახიობებთან მუშაობდა. ზაქარიაძემ დაინახა, თუ როგორ მიუახლოვდა ფეხის წვერებზე ანთაძე ფაღავას და მოწიწებით რაღაც წასჩურჩულა ყურში. ასე თუ ისე, ფაღავა დათანხმდა დოდო ანთაძეს, ზაქარიაძე თავისუფალ მსმენელად ჩაერიცხათ. დოდომ სტუდიის მდივანთან წაიყვანა სერგო. ფოტოსურათი მოიტანე და მოწმობას მოგცემო, – უთხრა მდივანმა, მაგრამ, სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ სერგო უკვე ქუჩაში გარბოდა. ალექსანდრეს ბაღში შევარდა, სურათი გადაიღო და სირბილით დაბრუნდა სტუდიაში. „ძალიან გთხოვთ, ახლავე ჩამიკარით!“ – უთხრა მდივანს.
– კი ბატონო, ახლავე! სტუდიიდან გამოსულს, მოწმობა გადაშლილი ეკავა ხელში, ვითომდა, სურათის გასაშრობად, უფრო კი იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ წაეკითხა ძუნწი ფრაზა: „მიეცა ესე სერგო ზაქარიაძეს მასზედ, რომ იგი ნამდვილად ირიცხება...“ იგი მართლაც ირიცხებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელებულა ასე...
პირველ ხანებში ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. დედამისი ჩამოვიდა და დიდად გაიხარა, სერგო რომ სტუდიელი თუ სტუდენტი გამხდარიყო, მაგრამ, როცა შეიტყო, რომ მის შვილს იატაკზე ეძინა ბინძურ ფიცრულში, გული აუჩუყდა და ტირილი დაიწყო.
მერე ქალაქში მცხოვრები შორეული ნათესავები მოძებნა და უკეთეს პირობებში უშოვა ბინა თავის ბიჭს. სტუდიაში კარგად მიიღეს. მართალია, პატარა იყო და არავინ ემეგობრებოდა, მაგრამ, პირველ ხმას კარგად ამბობდა გუნდში და ეს ძალიან მოსწონდათ. მაგრამ, სერგოს დიდხანს არ დასცალდა სტუდიაში ყოფნა – ერთმა უაზრო ფათერაკმა პირველივე კურსიდანვე ააკრეფინა გუდა-ნაბადი...
კოლეგების სიძულვილი
ის არ უყვარდათ კოლეგებს, მაგრამ უყვარდა და უყვარს ხალხს.
მას უყვარდა თეატრი, კინოში მუშაობას ტანჯვას ეძახდა, მაგრამ სწორედ კინომ მოუტანა დროში განფენილი დიდება.
ჯარისკაცის მამას ქმნიდა, როგორც ქართვლის მამას, მსოფლიო აღიარებამ კი დაარწმუნა, რომ ზოგადსაკაცობრიო სიმებს ჩამოჰკრა ხელი…
ბაქოში დაიბადა, სწორედ იქ დადგა პირველად სცენაზე ფეხი ჯერ კიდევ 7 წლისამ ქართველ სცენისმოყვარეების წარმოდგენაში… მერე იყო ზესტაფონის სადგურში წაკითხული თეატრალური სტუდიის განცხადება. მუდარა დედისამდმი – გამიშვი. უარი. მერე გაპარვა. მერე ტყუილი – 17 წლის ვარ… ისევ ხვეწნა-მუდარა და 14 წლის ყმაწვილის ჩარიცხვა სტუდიაში… მერე თბილისის უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი… რუსთაველის თეატრი. ახმეტელის მასოვკაში დგომა… მერე მარჯანიშვილის თეატრი... მადლიერება სიცოცხლის ბოლომდე – მარჯანიშვილის მიმართ, მაგრამ რამდენიმეგზის წასვლა მისი დაარსებული თეატრიდან – კონფლიქტებით და ტკივილებით.
ეროსი მანჯგალაძესთნ დაპირისპირება
ზაქარიაძე რუსთაველის თეატრში მაშინ მივიდა, როცა იქ ეროსი მანჯგალაძე იყო ზენიტში. მხოლოდ თეატრში კი არა, ეროსი მანჯგალაძე იმხანად ყველაზე პოპულარული არტისტი იყო საქართველოში...
ხორავა თანდათან უთმობდა კიდეც ლიდერობას ეროსი მანჯგალაძეს. სწორედ ამ დროს მივიდა სერგო ზაქარიაძე რუსთავლის თეატრში და როგორც ვასილ კიკნაძე იტყვის, სერგო ზაქარიაძე ხორავასა და ეროსი მანჯგალაძის შუაში ჩაჯდა.
„ჩაჯდა” და გახდა კიდეც ეროსის ნაცვლად, თეატრის ლიდერი.
ზაქარიაძისთვის თეატრის სარეპეტიციოში სპეციალურად აიგო დეკორაციები, რომ მოსკოვში, ქართული დეკადისთვის მოესწროთ მისი სპექტაკლში შეყვანა. შევიდა კიდეც სპექტაკლში და მოსკოვმა სამი ოიდიპოსი ნახა...
სწორედ ოიდიპოსის როლით გაიცნეს პირველად მოსკოვში. „თქვენ ტრაგიზმით აღაგზნეთ მოსკოვი,” – ასე მიმართეს რუსმა თეატრის კორიფეებმა ზაქარიაძეს…
დეკადის შემდეგ, მოსკოვმა რუსთავლის თეატრს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ერთი ლიმიტი გამოუყო. ამ წოდებაზე წარდგენილი იყო სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი დოდო ალექსიძე, მაგრამ… მიიღო ზაქარიაძემ.
ხალხის სიყვარული
იღბალი ჰქონდა ხალხის სიყვარულში… იყო დიდი არტისტი და ამბობენ, რომ არ ესმოდა პატარა არტისტების ტკივილი… რუსთაველის თეატრში „ფიროსმანი” იდგმებოდა. ფიროსმანს სერგო ზაქარიაძე თამაშობდა, მარგარიტას – მედეა ჩახავა.
მედეა ჩახავას დუბლი კი ელენე საყვარელიძე იყო. ელენე საყვარელიძე მოუთმენლად ელოდა, როდის მოუწევდა რეპეტიციების გავლა. ხუმრობა ხომ არ იყო, მის სათაყვანებელ სერგო ზაქარიაძეს მედეა ჩახავას მარგარიტა ხელში აჰყავდა, ტახტზე სვამდა და შესციცინებდა.
ჰოდა, საყვარელიძეც ელოდა ამ წამებს. მოუწია რეპეტიციის რიგმა, მივიდა საქმე იმ სცენამდე და… სერგო ზაქარიაძემ ელენე საყვარელიძეს უბიძგა – დაწე ტახტზეო. დოდო ალექსიძეს კი განუცხადა – ეს მარგარიტა ნამეტანი მსუქანია, ხელში ვერ ავიყვანო. გულმოკლულმა მსახიობმა თვენახევარში ათი კილო დაიკლო. სერგო ზაქარიაძემ მაინც არ აიყვანა ხელში – მუხლის ტკივილი მოიმიზეზა. მაგრამ მუხლი რატომღაც არ სტკიოდა მედეა ჩახავას მარგარიტასთვის…
„დიდმა მსახიობმა სულ ვერ იგრძნო პატარას ტკივილი, რაღას ვიზამდი, ვიკადრე და წამოვწექი ტახტზე,” _ იხსენებდა ელენე საყვარელიძე. სწორედ „ფიროსმანის” დადგმისას გაუნაწყენდა ძმა – ბუხუტი ზაქარიაძე.
ბუხუტი ზაქარიაძეს ერთ-ერთი, პატარა როლი ჰქონდა. რეპეტიციისას რეჟისორმა და სერგო ზაქარიაძემ გადაწყვიტეს, რასაც ბუხუტის გმირი ამბობდა, ჯობდა, ნიკალა ფიროსმანს ეთქვა. რეჟისორმა ბუხუტი ზაქარიაძეს როლიდან ის რამდენიმე წინადადება წაართვა და სერგო ზაქარიაძეს ათქმევინა. ბუხუტი ზაქარიაძემ სიკვდილამდე არ დაივიწყა ეს წყენა… ხმასაც არ სცემდა ძმას…
სოფი ლორენი
ქართველი მსახიობის სერგო ზაქარიაძის და ულამაზესი იტალიელი მსახიობის სოფი ლორენის შეხვედრა 1965 წელს შედგა.
რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობდა, სადაც მიწვეულ სტუმართა შორის ულამაზესი მსახიობიც აღმოჩნდა.
სწორედ ამ კინოფესტივალზე გაიცნეს სერგო ზაქარიაძემ და სოფი ლორენმა ერთმანეთი. მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ისაუბრეს და ივახშმეს კიდეც.
სერგო ზაქარიაძეს უკვე ნათამაშევი ჰქონდა რეზო ჩხეიძის ფილმში “ჯარისკაცია მამა”, სოფი ლორენს კი – ვიტორის დე სიკას ფილმში “ჩოჩარა”.
ქართველ მსახიობს ამ შეხვედრაზე საუბარი მაინცდამაინც არ უყვარდა. სოფი ლორენის სილამაზეზე საუბრის დროს კი აღნიშნავდა, სილამაზე არც ქართველ ქალებს აკლიათო.
მწვერვალების დაპყრობა
სერგო ზაქარიაძეს მინიჭებული აქვს უამრავი სახელმწიფო ჯილდო, მაგრამ მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია "ჯარისკაცის მამის" ეკრანზე გამოსვლის შემდეგ. სად აღარ იწვევდნენ მსახიობს, ყველგან საზეიმო შეხვედრებს და საღამოებს უწყობდნენ.
ცნობილია ერთი რუსი ჟურნალისტის მოგონებები სერგოზე. ეს გახლდათ ვადიმ სერგეევი, ჟურნალ "ოგონიოკის" კორესპონდენტი.
სერგოს არ უყვარდა ინტერვიუები. მაღალჩინოსანსაც რომ ეთხოვა, ჟურნალისტი მოვა შენთან და გაგესაუბრებაო, იმასაც კი ტაქტიანად მოიშორებდა თავიდან. სერგოს "თბილი დამოკიდებულება" ჟურნალისტებთან ყველაზე კარგად ისევ და ისევ "მეოთხე ხელისუფლების" წარმომადგენლებმა იცოდნენ.
როცა ვადიმი რედაქტორმა იხმო და დაავალა, რადაც უნდა დაგიჯდეს, თბილისში უნდა გაფრინდე, მივლინებას რამდენდღიანსაც გინდა, გამოგიწერ და ზაქარიაძესთან ინტერვიუ უნდა ჩაწეროო, ვადიმს "დასცხა" თურმე. იცოდა, ეს არ იყო იოლი საქმე. ორი კვირა ითხოვა მასალის მოსაპოვებლად. წინდაწინ ყველა ინფორმაცია მოაგროვა მსახიობზე.
გაიგო ისიც, რომ სერგო "ფანატიკოსი" გულშემატკივარი ყოფილა თბილისის "დინამოსი" და არც ერთ თამაშს არ აცდენდა, ყველას ესწრებოდა. უსაზღვროდ გაიხარა, როცა გაიგო, რომ მისი მივლინება და "დინამოს" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩი ერთმანეთს ემთხვეოდა. თუმცა ქართველების მოწინააღმდეგე გუნდი ვადიმის საყვარელი მოსკოვის "ტორპედო" აღმოჩნდა. სხვა რა გზა იყო?
ვადიმს უნდა ეთამაშა არა "ტორპედოს", არამედ თბილისის "დინამოს" გულშემატკივრის როლი. ჟურნალისტმა ასეთ ტაქტიკას მიმართა: ზაქარიაძეს სახლთან ჩაუსაფრდა. შინიდან გამოსულ სერგოს უკან აედევნა. მსახიობი "დინამოს" სალაროებთან მივიდა. ჟურნალისტიც უკან ამოუდგა, ასე რომ, მათი ადგილებიც გვერდიგვერდ მოხვდა. იმ დღეს მთელი სტადიონი გუგუნებდა, ნემსი არ ჩავარდებოდა, იმდენი ხალხი იყო მატჩის საყურებლად მოსული. სერგოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სლავი ახალგაზრდა, რომელიც ქართველ ფეხბურთელთა ყოველი შეტევის წამოწყებაზე ემოციას ხმამაღლა გამოხატავდა.
- ბიჭოს, რა ხდება? - უკითხავს გაკვირვებულ სერგოს მისთვის, - რუსი ხარ და ქართველებს გულშემატკივრობო?
- კი! - უპასუხია ვადიმს, - ქართველების თამაშზე ვგიჟდები და საერთოდ, ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანაო.
გადარეულა სერგო თურმე, ამისთანა კაცი უპატივცემულოდ როგორ გაგიშვაო, თან იმ დღეს ჩვენებს მოუგიათ... და რუს "გულშემატკივარს" ხელი ჩაავლო ზაქარიაძემ, ჩემთან გეპატიჟებიო. რაღა თქმა უნდა, სიხარულით გაჰყვა ვადიმი თავის "მოუხელთებელ" რესპონდენტს.
რაზე აღარ ილაპარაკეს სტუმარმა და მასპინძელმა, საქართველოზე, ფეხბურთზე, რუსებისა და ქართველების ურთიერთობაზე, კინოზე, თეატრზე, ნადირობაზე... ჭკუაზე არ იყო "ოგონიოკის" ჟურნალისტი, ეხუმრებით საქვეყნოდ აღიარებული მსახიობის ასეთ გულწრფელ სიტყვა-პასუხს? ჰოდა, წასვლის წინ, როცა სერგომ პატარა ყანწი "აჯახა" სტუმარს, ვადიმმა დალოცა ზაქარიაძეების ოჯახი, მისი თავკაცი, ქვეყანა, სადაც სერგოსნაირი დიდებული მსახიობები და ადამიანები იბადებიან და... ვერ მოითმინა, - საყვარელო კაცო, არ მიწყინოთ, თუკი დღევანდელი დღის ამსახველ რეპორტაჟს ნახავთ "ოგონიოკის" ფურცლებზეო. ღიმილი შეეყინა სერგოს სახეზე, ხელში ჭიქა ეჭირა, თითქოს ხელიც გაუშეშდაო. დაძაბული წუთები ისე გაიწელა, სტუმარს ეგონა, აღარასოდეს დასრულდებოდა, მაგრამ სერგომ მოჭმუხნილი წარბები გაშალა, ჯერ გაეღიმა, მერე კი კარგა გვარიანად გადაიხარხარა. ოგონიოკელმა ჟურნალისტმა იმ მასალაში პრემია აიღო და დღემდე მიიჩნევს, რომ საუკეთესოა იმათ შორის, რაც კი დაუწერია.
„ჯარისკაცის მამა“
რეჟისორმა საგრიმიოროში მიაკითხა სერგო ზაქარიაძეს და ფილმში გადაღება შესთავაზა. ზაქარიაძემ შინაარსის მოყოლა მოსთხოვა. მანაც დაიწყო. როდესაც ხსენებულ სცენას მიადგა, მსახიობმა გრიმის გაკეთებას თავი მიანება და დაძაბულმა იკითხა: - მერე, მერე? - ბოლოს კი ცრემლით სავსე დიდრონი თვალებით მიუბრუნდა და ჰკითხა, - როგორ, კაცო, რას ამბობ, მოკვდა?! იმ წუთში სერგო ზაქარიაძემ რეალურად გადაიტანა შვილის სიკვდილი, - იგონებს რეჟისორი. რეზო ჩხეიძე იმ სცენის გადაღებასაც იხსენებს, სადაც გოდერძი მახარაშვილი შვილის პოვნის იმედით ტანკების კოლონას აედევნება. მსახიობი იმდენად იყო ატანილი მონატრებულ "შვილთან" შეხვედრის სურვილით, რომ ლამის ქვეშ უვარდებოდა უზარმაზარ საბრძოლო მანქანებს. რამდენჯერმე გადაღებაც შეწყდა, რადგან შეშინებულმა სამხედროებმა შეაჩერეს ტანკები, რომ მსახიობი არ გაესრისათ.
ვისაც ფილმი უნახავს, არასოდეს დაავიწყდება ის მამაპაპური ალიყური, რითაც რიგითი გიორგი მახარაშვილი უმასპინძლდება რუს ჯარისკაცს, მის დასაცავად გამოვარდნილ ოფიცერს კი საყელოთი დაითრევს და გინებასაც მიაყოლებს, რადგანაც მათ ბრძოლის ველად ქცეულ გერმანულ ქალაქში ვიღაცის მადლიანი ხელით გაშენებული ვაზი გაანადგურეს.
ფილმი 1964 წელს გადაიღეს. მაშინდელი წესისამებრ, სურათი „დასამტკიცებლად“ მოსკოვში უნდა წაეღოთ და თუ იქაური კომისია "დაბრაკავდა", უარეს შემთხვევაში სამუდამოდ თაროზე შემოდება, უკეთეს შემთხვევაში კი უმოწყალოდ დაჩეხა არ ასცდებოდა. გაიმართა დახურული ჩვენება.
დარბაზში საკავშირო კინოს ჩინოსნებისა და ათასი ჯურის ცენზორების მხარდამხარ მრავლად სხედან საპარადო ფორმაში გამოწყობილი მილიციისა და სამხედრო უწყების ოფიცრები და გენერლები. დასრულდა ფილმი და წამოვიდა ლანძღვა-გინების ნიაღვარი. სურათის თაროზე შემოდებას ვინღა ჩივის, რეჟისორი და გადამღები ჯგუფი იმის მოლოდინშია, რომ დარბაზიდან გასვლისთანავე დააპატიმრებენ. მთელი ეს დავიდარაბა კი იმ ცნობილ სცენაში ნაჩვენებმა კახურმა ალიყურმა გამოიწვია, რის გამოც ფილმის შემქმნელები სუბორდინაციის დარღვევაში, ნაციონალური შუღლის გაღვივებასა და კიდევ ათას ანტისაბჭოთა ქმედებაში დაადანაშაულეს. ბოლოს ერთი ხნოვანი გენერალი წამოდგა, რომელსაც "ვერდიქტი" უნდა გამოეტანა. "ოფიცერს რიგითმა ჯარისკაცმა კი არ დაარტყა, არამედ მამამ ასწავლა შვილებს ჭკუა!" - განაცხადა გენერალმა, რომელმაც ფილმში გადმოცემული ამბავი სწორად შეაფასა. ამ სიტყვებმა ყველაფერი შეცვალა. დარბაზში ტაშის ხმა გაისმა.
ყველა ულოცავდა მოფერიანებულ რეჟისორს ამ „შესანიშნავი, იდეურად სრულიად გამართლებული“ ფილმის შექმნას. გადარჩნენ „ჯარისკაცის მამაც“ და მისი ავტორიც.
გარდაცვალება
დიდი ხელოვანი სერგო ზაქარიაძე 1971 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა, 62 წლისა.…ბევრის გაკეთებას აპირებდა, ბევრ როლზე ოცნებობდა... არ დასცალდა... გულთან მიჰქონდა ყველაფერი და სწორედ გულმა უმტყუნა. იგი მთაწმინდის მიწამ მიიბარა.
დაპირისპირება სერგო ზაქარიაძესა და დასის მსახიობებს შორის უფრო და უფრო დრამატულ ხასიათს იღებდა. ბატონი სერგო საშინლად ნერვიულობდა. რამდენჯერმე გადაწყვიტა სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის დატოვება. აქეთ-იქით აწყდებოდა, ნერვიულობდა, როცა სპექტაკლები არ გამოსდიოდათ. დღე და ღამეს ასწორებდა თეატრის გრანდიოზულ რეკონსტრუქციებზე, თან კინოშიც იღებდნენ…
გადაიღალა, გადაიქანცა მისი გული, სამკურნალოდ დაწვა „ლეჩკომბინატში” და სულ მალე გარდაიცვალა..”
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, რაიკომში თეატრიდან დარეკეს, შეამოწმეთ მართლა ავად არის თუ?.. მისი არტისტული ნიჭი – დღემდე გვაოგნებს. შრომისმოყვარეობა ჰქონდა მიქელანჯელოსდარი, დღემდე საარაკო ამბად რომაა თაობებისთვის გადმოცემული.
აგრეთვე წაიკითხეთ:
გაჭირვება, დაცინვა, 2-ღმერთიანობა, ტანჯვა და აუხდენელი ოცნებები - ყანჩელის პორტრეტი
ეკა მამალაძის 2 ქმარი, მარტოხელა დედობა და რომანი მეგობრის ქმართან
„ღალატი“, 2 ქორწინება, ეჭვიანობა და აგარაკზე გარდაცვლილი მეუღლე - გურამ საღარაძის პორტრეტი