სერიალ „მაშველების“ ვარსკვლავი და 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სექსსიმბოლო, პამელა ანდერსონი სილამაზის საკუთარ აღქმაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის მთავარი არა გარეგნული სრულყოფილება, არამედ შინაგანი ნათებაა. ვარსკვლავი, რომელიც 2023 წლიდან საჯარო ღონისძიებებზე ხშირად მაკიაჟის გარეშე ჩნდება, მიიჩნევს, რომ სილამაზის აღქმა ინდივიდუალურია და საზოგადოებამ ქალებს გარეგნობის სტანდარტები არ უნდა მოახვიოს თავს.
„არავის მივცემ უფლებას, მიკარნახოს, რა არის სილამაზე. სილამაზის საკუთარი აღქმა მაქვს - ის ასაკს არ ექვემდებარება და სხვებთან შედარებას არ საჭიროებს“, - განუცხადა პამელა ანდერსონმა გამოცემა PEOPLE-ს.
მსახიობის თქმით, თანამედროვე სამყაროში სილამაზის წარმოდგენას ხშირად განსაზღვრავს ის, რასაც საზოგადოებას მედია და სოციალური ქსელები სთავაზობს. ანდერსონი კი ცდილობს, ყურადღება საკუთარ სურვილებსა და იმაზე გაამახვილოს, რაც თავად მოსწონს.
„ეს მხოლოდ ლამაზად გამოყურებას არ ეხება. ვფიქრობ, სილამაზე, უპირველეს ყოვლისა, შინაგანი ნათებაა. მინდა, საკუთარი განწყობის დაფა თავად შევქმნა. მე თვითონ ვარ ჩემი შთაგონება“, - ამბობს მსახიობი.
პამელა ანდერსონის მაკიაჟის გარეშე გამოჩენამ განსაკუთრებული ყურადღება 2023 წელს, პარიზის მოდის კვირეულზე მიიპყრო. მაშინ მსახიობმა რამდენიმე ღონისძიებას ბუნებრივი გარეგნობით დაესწრო, რამაც მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაში ფართო განხილვა გამოიწვია.
ანდერსონის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება წინასწარ დაგეგმილი კამპანია ან განცხადება არ ყოფილა. მას უბრალოდ აღარ სურდა, მაკიაჟი მისი გარეგნობის აუცილებელ ნაწილად აღექვა. ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია მისმა დიდი ხნის ვიზაჟისტის, ალექსის ვოგელის გარდაცვალებამაც, რომელიც 2019 წელს დაკარგა.