Digest Logo

რა გახდა ნიკოლოზ ხაჩიძის „რუსთავი 2“-იდან წამოსვლის მიზეზი? - „დასვენების პირველი პერიოდი სასიამოვნო აღმოჩნდა, შემდეგ უკვე სტრესული გახდა“

1698825595
ნიკოლოზ ხაჩიძე

ჟურნალისტი ნიკოლოზ ხაჩიძე, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ტელეეკრანს გადაცემა „ნიკოლოზის კითხვებით“ დაუბრუნდა. ახალ არხზე, მაყურებლისთვის საყვარელი ფორმატით და საინტერესო ცვლილებებით მისი ნახვა ყოველ კვირაშია შესაძლებელი.

ნიკოლოზი ჟურნალ „თბილისელებთან“ „რუსთავი 2“ -იდან წამოსვლის მიზეზებზე და სხვა პროფესიულ საქმიანობაზე საუბრობს.

„16 წლის ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. წელს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა, როცა ხანგრძლივი უმუშევრობის პერიოდი მქონდა. შეიძლება ითქვას, რომ არაფერს ვაკეთებდი. ეს დაახლოებით ცხრა თვე გაგრძელდა და მთელი ეს დრო წიგნების კითხვას დავუთმე. ხომ იცით, წლების განმავლობაში რომ ყიდულობ წიგნებს და დებ, მაგრამ წასაკითხად ვერ იცლი. გადავწყვიტე, რომ ამის დროც მოვიდა.

დასვენების პირველი პერიოდი სასიამოვნო აღმოჩნდა. შემდეგ უკვე სტრესული გახდა. დავიწყე ფიქრი, რა გამეკეთებინა. არ დავმალავ, მქონდა შემოთავაზებები ტელევიზიებიდან და პიარიდან. ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, პიარში წავსულიყავი სამუშაოდ და ამ ვარიანტს ახლაც განვიხილავ. ტელევიზიებს რაც შეეხება, არ იყო ცუდი წინადადებები, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ, ვერცერთგან ვერ დავინახე ჩემი თავი. დიდი შესვენების შემდეგ, ჩემს თავს ვკითხე, საერთოდ, მინდოდა თუ არა ისევ ტელევიზიაში მუშაობა და მივხვდი, რომ მომენატრა ეს გარემო. ამიტომ გადავწყვიტე, აღმედგინა გადაცემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, თუმცა ცოტათი განსხვავებული სახით.

აღარ მინდოდა სტუდია, რადგან მგონია, რომ ერთი და იგივე ატმოსფერო თვალისთვის ცოტა მოსაბეზრებელია. მირჩევნია, ინტერვიუები სხვადასხვა ლოკაციაზე ჩავწეროთ. მაქსიმალურად ვცდილობ, ლოკაცია სტუმარს მოვარგო. იყოს ეს მისი საცხოვრებელი სახლი, გარემო ან მისთვის მნიშვნელოვანი სხვა ადგილი, სადაც გულახდილად საუბრის სურვილი გაუჩნდება.

გადაცემის სტუმრად ვარჩევ ადამიანს, რომლის ცხოვრებაც მე თავადაც მაინტერესებს, რომ მერე ამით სხვაც დავაინტერესო. არ ვუყურებ არის თუ არა ამ მომენტში ესა თუ ის ადამიანი აქტუალური. მე ვიცი, რომ ეს დიდი შეცდომაა, პროდიუსერი ვიყავი და წლების განმავლობაში აქტუალობის მიხედვით ვარჩევდი სტუმრებს, მაგრამ გადავწყვიტე, ახლა ეს ხაზი შემერჩია. ჯერჯერობით ეთერში გასულ გადაცემებს ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს და კმაყოფილი ვარ ასეთი სტარტით“, - ამბობს ნიკოლოზი ხაჩიძე „თბილისელებთან.“

– სიახლე ეხება არხსაც. წლების განმავლობაში „რუსთავი 2-თან“ ასოცირდებოდი. ბოლოს ორი გადაცემა მიგყავდა ამ არხზე და როცა იქიდან წამოხვედი, ბევრი კითხვა გაჩნდა. იყო ეს დაკავშირებული კონფლიქტთან? რა გახდა წამოსვლის მიზეზი?

– „პროფილის“ დროს რვა წელი ვმუშაობდი „რუსთავი 2-ზე“. ეს გადაცემა რომ შეწყდა, რამდენიმე თვე მეც აღარ ვიყავი ამ არხზე, მაგრამ შემდეგ ისევ დავბრუნდი და ზუსტად ერთი წელი ვიმუშავე. ეს ერთი წელი ძალიან კომფორტული იყო. „სხვა კითხვების“ ძალიან კარგი გადაცემები შევქმენი და ამით ვამაყობ. ბოლოს, არხის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ეს გადაცემა აღარ ყოფილიყო, მაგრამ „ღამის პრაიმ ტაიმში“ ჩვეულებრივად უნდა გამეგრძელებინა წამყვანად მუშაობა. მივხვდი, რომ იმ ეტაპისთვის აღარ მინდოდა მხოლოდ „ღამის პრაიმტაიმში“ ყოფნა და ვარჩიე, გარკვეული პერიოდით დამესვენა, ანუ, წამოვსულიყავი. როდესაც ორი გადაცემის წამყვანი ხარ და ერთი სრულდება, პირობებიც იცვლება და ახალი პირობები ჩემთვის არ იყო მისაღები. ბოლო პერიოდში ყველა ნაწყენი მიდის ამა თუ იმ არხიდან და მერე იწყება მტყუან-მართლის გარჩევა. ბედნიერი ვარ, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა. დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს არხის ხელმძღვანელებთან. არანაირი გაუგებრობა და კონფლიქტი არ მქონია მათთან და საერთოდ, არ მახსენდება სამსახური, საიდანაც კონფლიქტით წამოვსულვარ. არ ვარ კონფლიქტური, პირველ რიგში, მადლიერების გრძნობა მაქვს მოცემული შანსისთვის. თუ რამე არ მომწონს, არჩევანის უფლება მაქვს – ან შევეგუები ან წამოვალ. წყენა როგორ არ ყოფილა, მაგრამ პირველ პლანზე არასდროს წამომიწევია.

რაც შეეხება ახალ ტელევიზიას, ეს სულ ახალი არხია „TVC”, რომელიც ყოფილმა „რუსთავი 2-ელებმა“ გააკეთეს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი. ამიტომ მათ შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემი კოლეგები და მეგობრები, ვისთან ერთადაც მიწევს მუშაობა, ხუმრობენ, ეს რა შემართებით მოხვედიო, დღეში რამდენიმე გადაცემის ჩაწერა შემიძლია და მეუბნებიან, ცოტა დაისვენე და ჩვენც დაგვასვენეო.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ

🔵ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2024 წელს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელით

🔵რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებიდან - ფოტოები

🔵🎥 „ამხელა მასშტაბზე რომ გავდივართ, ძალიან დიდი შინაგანი სიძლიერე უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა“ - როგორ ემზადება ნიკოლოზ ხარატი ევროვიზიისთვის?