უკვე მეჩვიდმეტე სეზონი დაიწყო, რაც ტელეკომპანია „იმედზე“ გადის „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“. რთულია, ამდენი ხანი იარსებოს გადაცემამ და იყოს რეიტინგული, ჰყავდეს ერთგული მაყურებელი და გადაცემაში მიმსვლელი სტუმრისთვისაც სასიამოვნო გარემო შექმნას.
ცნობილი ტელეწამყვანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს, გთავაზობთ ამონარდს ინტერვიუდან:
– ტელევიზიაში როგორ მოხვდი?
– „მანსანკანს“ ვთამაშობდი, აქედან მოვხვდი ტელევიზიაში. ზვიად ბლიაძესა და შალვა რამიშვილს ჰქონდათ გახსნილი რადიო, სადაც სამუშაოდ წამიყვანეს, სცენარისტი ვიყავი და ანეკდოტებს ვკითხულობდი. მერე ინტერნეტტელევიზია „პოსტ-ტივი“ გაიხსნა და იქ ვმუშაობდი. შემდეგ, გარისკეს და, სატელევიზიო მიმართულებით გამოუცდელ ტიპს მომცეს საშუალება, „ღამის შოუ წამეყვანა“. ამისთვის, მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები. „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ „მაესტროზე“ გადიოდა, მერე, – „იმედზე“ და იყო „პოსტ-ტივის“ პროდუქტი და მერე ისე მოხდა, რომ „იმედზე“ გადმოვედით სამუშაოდ და ახლა აქ მიმყავს იგივე ღამის შოუ. სხვათა შორის, მეჩვიდმეტე სატელევიზიო სეზონი დავიწყეთ, საიუბილეო და მგონი, ამდენ ხანს, ამდენი წელი, კონკრეტულ არხზე არცერთი შოუ არ ყოფილა.
– როდის იყო შენთვის ყველაზე რთული მომენტი, ყველაზე მძიმე დარტყმა?
– ბევრი რთული მომენტი იყო, მაგრამ პირველი და ყველაზე მძიმე იყო, როცა მამა გულით გარდაიცვალა. თბილისში ვიყავი, დამირეკეს ბაბუაა ცუდადო, წავედი და სულ სხვა სურათი დამხვდა. ეს იყო ჩემთვის უმძიმესი ამბავი, თან პირველი, რაც ცხოვრებამ მომაყენა. ისეთ ასაკში ვიყავი, როცა ბევრი რამ არ იცი, შეიძლება, შეცდომა დაუშვა, ბევრ რამეზე გინდა პასუხი, მამაზე კარგი მრჩეველი კი ვინ არის ამ დროს? 19 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა, მაშინ ხომ ძალიან მჭირდებოდა მისი გვერდში დგომა და ახლა, უფრო მეტად მჭირდება. რომ ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ასე არ არის. დროსთან ერთად ვეჩვევით რაიმე კონკრეტულთან, მათ შორის დარდთან და ტკივილთან ცხოვრებას, თორემ დრო ვერ გავიწყებს ვერაფერს და ვერც მკურნალობს ბოლომდე. ყოველღამე და დილით ღმერთს შევთხოვ, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები ჯანმრთელად და კარგად და მერე – მეც, თუ ღირსი ვიქნები. ბევრი მედგა გვერდში, როცა რთული პერიოდი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად დედა, ბებიები და ბაბუები. თუმცა, მამის გარდაცვალების შემდეგ, ბაბუა – მამის მამაც, მალე გარდაიცვალა. ოჯახი ისეთი ადგილია, სადაც მოგისმენენ და ყოველგვარი ანგარების გარეშე გაგიკეთებენ მაქსიმუმს, რაც შეუძლიათ. სულ ვგრძნობ ღმერთის თანადგომას, რადგან ისეთ მომენტებში, რომ გგონია, არ იცი, სად წახვიდე, ვის რა უთხრა და რა ქნა, ამ დროს ვხვდები, გამოსავალი გამოჩნდა, რომელიც მიწიერი გადაწყვეტილება არ იყო. ზოგადად, რაც ცხოვრებაში ხდება, მათ შორის ცუდიც, გწყდება გული, თუმცა რაღაცის მომასწავებელია, ამიტომ უნდა მომხდარიყო ის ცუდი, რომ ამას კარგი მოჰყოლია. ბევრი დამიდგა გვერდით ცხოვრების გზაზე, ვცდილობ, ახლა მეც გადავუხადო სამაგიერო მათ და რაც შემიძლია, გავუკეთო. ასე რომ, კეთილი ადამიანების გარდა, სულ ვგრძნობ უფლის გვერდით ყოფნას. ვფიქრობ, იღბლიანი ადამიანი ვარ, გამიმართლა ოჯახში, სიყვარულში, არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს, ჩემი საუკეთესო მეგობარია. ერთად გაგვაქვს ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. არაჩვეულებრივი შვილი მყავს, ძალიან მაგარი და მეგობრები და ყველა – ჯანმრთელად... და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. დღემდე ბევრი იმედგაცრუებაა – გარედან, შიგნიდან, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერს ვუმკლავდები. იღბალი უნდა დაგყვებოდეს ადამიანს, თორემ ისე გამორიცხულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნუ ჩაიციკლებით ერთ პრობლემაზე, იყავით მოქნილი“ - 2 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი