მსახიობი და უკვე გამოცდილი დედა, რუსკა ქარქაშაძე „იმედის“ გადაცემა „ოჯახის“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.
მან საკუთარ ოჯახზე, მშობლების მხარდაჭერასა და შვილის აღზრდის საკუთარ ხედვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვობიდან მშობლებთან ძალიან ახლო და გულწრფელი ურთიერთობა ჰქონდა, რაც მის ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს თამაშობდა.
მეორე შვილის მომლოდინე მსახიობმა თანამედროვე აღზრდის ტენდენციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა რეკომენდაციას არ ეთანხმება.
„ჩემს მშობლებთან ყოველთვის ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, არასდროს კედელი არ გვქონია და დღემდე ვენდობით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის ვიყავი და ღამეებს ვათენებდი გადაღებაზე - ამ სფეროში, რადგან სხვანაირად არ ხდება, მხარს მიჭერდნენ ბოლომდე. დედაჩემი იხსენებს, რომ სავარცხლით ხელში დავდიოდი და ვითომ სცენაზე ვიდექი. ამიხდა ყველა ოცნება. ზუკასთანაც იგივე მიდგომას გამოვიყენებ - აუცილებლად ვკითხავ, რა უნდა, როგორ უნდა და რა ეყვარება. ჩემი მშობლების თაობაში არის ბევრი მიდგომა, რაც მომწონს, მაგრამ არის ისეთებიც, რაც არ მომწონს. მაგალითად ის, თითქოს მშობლები თავიანთ ოცნებებს შვილების მეშვეობით იხდენენ. ამას შევცვლიდი.
სულ ვეცნობი თანამედროვე გიდლაინებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. ამბობენ: „თუ არ უნდა ბავშვს გამარჯობის თქმა, არ მისალმოსო“. არ ვეთანხმები ამას. ჩემი შვილი 2 წლის არის და ეს უნდა ასწავლო. მან ხომ ჯერ არ იცის, რა არის კარგი და რა არის ცუდი. მე და ჩემი ქმარი ორივე ჩართული ვართ შვილის აღზრდაში მაქსიმალურად. რაც შეეხება მის აღზრდას, ხომ არის, როდესაც მშობლები ან დამხმარეები ჰყავთ ახალბედა დედებს - მე პირადად ვარ ამ ყველაფრის ორგანიზატორი: ექიმთან წაყვანა, მოგზაურობა და ა.შ. ისეთი დედა ვარ, რომ მაქსიმალურად ვაკონტროლო ყველაფერი“, - ამბობს რუსკა ქარქაშაძე.




