მსახიობი ქეთი წიქვაძე ირინა ქიქოძის პოდკასტს „მერე“ სტუმარი იყო, სადაც მან გადაცემაში პირად ცხოვრებაზე, მესამე შვილის დაბადების შემდეგ გადატანილ მძიმე ტრავმაზე, ბრენდ „მაიკას“ წარმატების საიდუმლოსა და ახალ წამოწყებაზე ისაუბრა.
ქეთი არველაძეების ცნობილი ოჯახის რძალია, იგი რეზი არველაძის ვაჟის, ნიკას მეუღლეა. წყვილს ერთი საერთო შვილი - რეზი უმცროსი ჰყავთ.
ქეთი წიქვაძეს 17-წლიანი სხვაობით მესამე შვილი, რეზი არველაძე შეეძინა. როგორც მან აღნიშნა, სამშობიაროდან გამოწერის მეორე დღესვე უცნაური ინციდენტი შეემთხვა:
„რეზიზე ფეხმძიმობის დროს ძალიან აქტიური ორსული ვიყავი. სამშობიაროდან რომ გამოვედი, ვიმაიმუნე - რატომ გამოვიჩინე საქმე, არ ვიცი - და წავედი მაღაზიაში, ვიყიდე ისეთი პროდუქტი, რაც საერთოდ არ მჭირდებოდა. სადღაც ტვინში მეჩქარებოდა სახლში, სისწრაფით ავირბინე და, ხომ არსებობს კიბეზე დაგორება, მე კიბეზე ავგორდი. უცებ საოცარი ტკივილი ვიგრძენი. მაშინვე გადავრეკე ნიკასთან და, სახლში რომ ავედი, მივხვდი, რომ ეს ტკივილი არანორმალური იყო. ვიცოდი, რომ რაღაც დაზიანება მქონდა მიღებული. წავედით საავადმყოფოში და მხოლოდ სამ ადგილას მოტეხილობა კი არ მქონდა, ოპერაციაც დამჭირდა. ესეც გაიწელა, რადგან ვერ მიკეთებდნენ ოპერაციას, ახალნამშობიარები რომ ვიყავი“.
მსახიობმა გაიხსენა, თუ როგორ შეძლო ეტლში გატარებული ორი თვის მანძილზე ახალშობილის მოვლა:
„ტვინში რაღაც გადამიტრიალდა, მივხვდი, რომ ახლა უნდა მოვძლიერდე. ტკივილზე საერთოდ არ ვფიქრობდი... მოვითხოვე ეტლი, ჩავჯექი, წინ დავიყენე ბავშვის ეტლი. თვითონ პატარა რეზიც, რაღაც მშვიდი ბავშვი არის და მოკლედ აი ასე გავატარე ეტლში ორი თვე“,- იხსენებს ის.
ქეთის უფროს და უმცროს შვილებს შორის 17-წლიანი სხვაობაა. მისი თქმით, ეს განწყობაზე და დედობრივ გამოცდილებაზე დადებითად აისახა:
„სიყვარულში განსხვავება არ არის, რამდენიმე შვილიც არ უნდა გყავდეს, მაგრამ ტვინში ხდება გადალაგება, მეტი დროის დათმობა გინდა ბავშვისთვის და გენანება, რომ რაღაცებში დაკარგო დრო“, - ამბობს ქეთი წიქვაძე.
რაც შეეხება მის მეუღლეს ნიკა არველაძეს, ამბობს რომ შესანიშნავი მამაა და პირადი ურთიერთობაც ნდობაზე აქვთ აშენებული.
„ნიკა ძალიან კარგი მამაა, მით უმეტეს, ფეხის ამბავი როცა იყო. ყველაფერში მეხმარებოდა და, მოკლედ, კარგი მამაა ნიკა. მე არველაძეების ოჯახს მანამდეც ძალიან კარგად ვიცნობდი, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ახლა, რაც უფრო დავახლოვდით, მე ამ ადამიანებით ვარ გაოცებული. ყველაზე საყვარლები არიან დედამიწის ზურგზე. ჩემი და ნიკას ურთიერთობის საფუძველი, ალბათ, ერთმანეთის 100%-იანი ნდობაა. ჩემი აზრით, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაში“, - დასძენს მსახიობი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: