მოდელი, ინფლუენსერი, ტელეწამყვანი, სამი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია ლიკა კვარაცხელია „იუთუბის“ არხზე გადაცემა „სფიქიზის“ Speak easy მორიგი სტუმარი იყო. გადაცემაში მან საკუთარ მრავალფეროვან კარიერულ გზაზე, ცხოვრებისეულ როლებზე, ალკოჰოლთან დამოკიდებულებასა და აფხაზეთის ტკივილზე ისაუბრა.
მოდელი, სააგენტო „ჯეომოდელსის“ დამფუძნებელი, „თბილისის ფეშენ ვიკის“ თანაორგანიზატორი, ჟურნალ „ნარგისის“ არტ-რედაქტორი, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი, კულინარიული რუბრიკები და სარესტორნო ბიზნესიც კი - ეს ის სფეროებია, რომელშიც კვარაცხელიამ ბედი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სცადა.
ამასთან კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ბავშვობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კალათბურთსაც კი თამაშობდა.
„სადღაც ესე ცხოვრება წამიყვანს, რაღაცნაირად აღმოჩნდა, რომ შემიძლია ლავირება და ავყვე ცხოვრების ტემპს, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების სხვადასხვა საფეხურზე აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა როლი უნდა მოვირგო... ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში“,- აღნიშნა ლიკა კვარაცხელიამ.
ლიკას თქმით, ალკოჰოლთან „დისტანციური“ ურთიერთობა აქვს, თუმცა ღონისძიებებზე ზომიერად მიირთმევს და ახალი გემოების აღმოჩენა უყვარს. მან გაიხსენა მადრიდში, ქართულ რესტორანში გასინჯული ჭაჭისა და მარაკუიას კოქტეილი. რაც შეეხება ფავორიტ სასმელს, უკვე 12 წელია ერთგულად უყვარს კოქტეილი „მაიტაი“ (Mai Tai).
ლიკა კვარაცხელია სამოდელო სფეროში 13-14 წლის ასაკში ჩაერთო. მიუხედავად წარმატებისა, აღიარა, რომ სცენაზე დგომა და ყურადღების ცენტრში ყოფნა მისი მოწოდება არასდროს ყოფილა.
„საერთოდ არ ვიყავი თავდაჯერებული, აი საერთოდ, და ძალიან მიჭირდა სცენაზე გამოსვლა... მაშინ უნდა წავსულიყავი უცხოეთში, სადაც მამაჩემმა არ გამიშვა, თორემ მქონდა მოწვევები ამერიკაში. მაგრამ რადგანაც არ გამიშვეს, არაფერს არ ვნანობ... 94-95 წლებში საერთოდ ვის ემოდებოდა, მეც არ ვიცოდი რა იქნებოდა და დიდი სიამოვნებით შევეშვი ამ სფეროს“,- იხსენებს მოდელი.
გადაცემაში მან ოჯახზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეუღლეს, მურთაზ შელიას, კამერების წინ გამოჩენა არ უყვარს, თუმცა ვიდეოების გადაღებისას კადრს მიღმა ხშირად ხალისობენ.
„რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო მძაფრად განვიცდი სოხუმს... ძალიან ხშირად ვფიქრობ იმას, რომ ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებს არ ვაწყენინო და რაღაცა ისეთი არ დავდო ხოლმე, ამასაც ვუფრთხილდები ძალიან“,- აღნიშნა ლიკამ.
ვრცლად, ნახეთ ბმული კომენტარებში: