მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი 2025 წლის 22 დეკემბერს მეორე შვილის დედა გახდა.
ახალშობილს ქართული სახელი, შიო დაარქვეს.
ნუკიმ ჟურნალ „თბილისელებთან“ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი თემა, რომელსაც იგი შეეხო ჩვილის მოვლა იყო.
როგორც თავად ამბობს არც პირველი ბავშვის გაზრდაში ეხმარებოდა ვინმე და მეორესაც მარტო ზრდის, თუმცა მეუღლე ბენი - მაქსიმალურად არის ჩართული ამ საკითხში.
„მე, ამ მხრივ, ჩემპიონი ვარ – არც პირველი ბავშვის გაზრდაში მეხმარებოდა ვინმე და მეორესაც მარტო ვზრდი. რა თქმა უნდა, ბენს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ძირითადად, მუშაობს და სახლში რომ მოდის, შეძლებისდაგვარად ცდილობს, დამეხმაროს. ჩემი თაობის მამები რომ იყვნენ, ბენი ასეთი არ არის, ძალიან ჩართულია ბავშვების აღზრდასა და მოვლაში. თუმცა, ღამეს მე ვათენებ, რადგან ის დილით სამსახურშია წასასვლელი. მთელი ღამე ბენს და ოვის მშვიდად სძინავთ, მე და პატარა კი ვზივართ განათებული ნაძვისხის გვერდით. დედამთილ-მამამთილი შორს ცხოვრობენ და ამიტომ ფიზიკურად ვერ მეხმარებიან.
ხანდახან ოვი მიჰყავთ. ხშირად მეკითხებიან, ძიძა რატომ არ გყავსო. ოვი პირველად მაშინ დავუტოვე ძიძას, როცა 5 წლის იყო. ზოგადად კი, ისეთი მშიშარა ვარ, ბავშვებს ძიძას კი არა ოჯახის წევრებს ვერ ვუტოვებ. ამიტომ, ძიძის აყვანა გამორიცხულია! ვაღიარებ, მინდა, მყავდეს ოცდაოთხსაათიანი ძიძა, მაგრამ ნერვები არ მიშვებს. ვიცი, უარესად დავიღლები დარდისგან და მირჩევნია, ჩემი შვილებისთვის მე ვიყო დედაც, ძიძაც და ყველაფერი“, - ამბობს ნუკი.
მან ასევე ორსულ ქალებს რჩევები გაუზიარა:
„შემიძლია რჩევა მივცე ორსულ ქალბატონებს: წადით, დაიძინეთ, მაქსიმალურად დაისვენეთ, რადგან ბავშვი რომ გაჩნდება, ამის დრო აღარ გექნებათ. თუ თმა შესაღები გაქვთ, შეიღებეთ, თუ დასაგრძელებელი – დაიგრძელეთ, ფრჩხილი ახლავე გაიკეთეთ, რადგან მერე, არაფრის თავი არ გექნებათ. თმა შესაღები მაქვს, მცვივა, ფრჩხილები დაკვნეტილი მაქვს და გამორიცხულია უახლოეს კვირებში შევძლო სადღაც მისვლა და რამის გაკეთება. ამიტომ, თუ რამე გასაკეთებელი გაქვს, ახლა გაიკეთეთ, თუ დასალაგებელია, ახლა დაალაგეთ და მოემზადეთ დედობისთვის. სწორედ ეს არის, რომ ეუბნებიან ორსულებს, მოემზადეთ დედობისთვის. ვისაც ახლა გაუჩნდა ბავშვი და გული გწყდებათ, რომ სხეულმა ფორმები შეიცვალა, სადღაც ვერ მიდიხართ, შეირგეთ ეს მომენტი, ყველაფერი დაბრუნდება – სხეულსაც დაიბრუნებთ, გასართობადაც წახვალთ, მთავარია, ბავშვი იყოს კარგად. შეირგეთ და ისიამოვნეთ, თუნდაც, ჩვილით ხელში ღამის თენებით, რადგან ეს მომენტები არ მეორდება და ყველაზე ტკბილია“, - ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი.


⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მადლიერი დღე“ - 28 იანვრის კოსმოსური ამბები
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 იანვარს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით