სასწორის ნიშნის წარმომადგენლები მშვიდი, წინდახედული, საზრიანი ადამიანები არიან, რომლებიც სტაბილურობისკენ ისწრაფვიან. აქვთ მახვილი გონება, აზროვნებენ ლოგიკურად და მკაფიოდ. განვითარებული აქვთ მშვენიერების აღქმის გრძნობა...
ცნობილი ტელეწამყვანი ნატუკა გულისაშვილი სწორედ სასწორის ნიშნის წარმომადგენელია და იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„5 ოქტომბერს ვარ დაბადებული, შესაბამისად, ზოდიაქოთი სასწორი ვარ. ასტროლოგიის მჯერა, რადგან საკუთარ თავში სასწორის ძალიან ბევრ თვისებას ვიჭერ. ერთხელ მიშა ცაგარელმა მითხრა, შენში მორიელის თვისებებიც არისო, მაგრამ ჩემი პირადი რუკა არასდროს გამიკეთებია და ეს არ ვიცი, თუმცა ჩემ გარშემო ბევრი სასწორია და კარგად ვუგებთ ერთმანეთს. რაც შეეხება ასტროლოგიურ პროგნოზებს, მოვიტყუები, რომ ვთქვა, ვითვალისწინებ-მეთქი, ასე არ არის. დღეებს ამის მიხედვით ნამდვილად არ ვგეგმავ“, - ამბობს ნატუკა გულისაშვილი.

– სასწორი ზოგჯერ ზედმეტად დამოკიდებულია სხვების აზრზე...
– მართლა ძალიან ვიყავი დამოკიდებული სხვების აზრზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არ ახასიათებთ, ეს ქართველების დამახასიათებელი თვისებაა. ჩვენ გავიზარდეთ აზრით – „რას იტყვის მეზობელი“... ამიტომ ეს შეიძლება, სასწორის ნიშნის კი არა, ჩვენი აღზრდის ბრალია. თუმცა ერთსაც ვიტყვი, რაღაც პერიოდის შემდეგ, ალბათ, რაც 40 წელს გადავაბიჯე, მას შემდეგ სხვის აზრზე აღარ ვარ დამოკიდებული. ძალიან რთულია, როცა რამის გაკეთება, თქმა ან ჩაცმა გინდა და ამას მხოლოდ იმიტომ არ აკეთებ, რომ სხვისი აზრი გაშინებს. ალბათ, მკითხველიც დამეთანხმება, რომ ეს თვისება ზოდიაქოს სხვა ნიშნის ქვეშ დაბადებულებსაც ექნებათ, რადგან ჩვენ ტრადიციულ ოჯახებში გაზრდილი ქართველები ვართ. სხვას ძალიან დიდი დოზით ვითვალისწინებდით. აქ არ არის საუბარი სხვის პატივისცემაზე, არამედ „რას იტყვის სხვა“.
– ვთქვით, რომ კონფლიქტების მოგვარების კარგი უნარი გაქვთ, მაგრამ იმავდროულად, სასწორი გაურბის კონფლიქტებს, ძალიან არ უყვარს მსგავსი მომენტები. თქვენს შემთხვევაში?
– მართლა არ მიყვარს. ამიტომ ყოველთვის, როცა კონფლიქტია, ჩუმად ვარ, რადგან ვხვდები, რომ არ მინდა კამათში შესვლა და რაღაცების მტკიცება. ასევე, ვერ ვიგებ, რატომ უნდა იყო კონფლიქტური. ადამიანი ერთხელ ცხოვრობ ამქვეყნად და მშვიდად და სიყვარულით მირჩევნია ცხოვრება. მით უმეტეს, კონფლიქტში ხმამაღალი საუბარი არ მიყვარს. პირიქით, მშვიდად და ხმადაბლა ვიტყვი ჩემს სათქმელს და გავჩერდები. კონფლიქტიდან კი არ გავდივარ, უბრალოდ ვჩუმდები და თუ გვერდით კონფლიქტური ადამიანია, რომელსაც სურვილი აქვს კონფლიქტში ჩაგითრიოს, გასაქანი აღარ აქვს და ამით ყველაფერი მთავრდება.
