Digest Logo

„ვხედავ მბაძავენ და მინდა სამაგალითო მამა ვიყო... ასე რომ, ამ ეტაპზე საკუთარი თავის განვითარებით ვარ დაკავებული და ჩემი ოცნებაა, ჩემი შვილები ჩემით ამაყობდნენ“ - გიორგი ყიფშიძე

1729758270
გიორგი ყიფშიძე

წლების წინ, მსახიობი გიორგი ყიფშიძე ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ მრავალშვილიანი მამა იქნებოდა და შვილებისთვის არაჩვეულებრივი მშობელი. მას ოთხი შვილი ჰყავს – ნატალია, ალექსანდრე, კოსმო და ლუნა.

მართალია, ის დღეს მარტოხელა მამაა და თავად უწევს კოსმოსა და ლუნას მოვლა-პატრონობა, თუმცა არ წუწუნებს, მიაჩნია, რომ რთული პერიოდი უკან მოიტოვა და ყველაფერს გააკეთებს, რომ შვილებისთვის სამაგალითო მამა იყოს. 

„ახლა, უკან რომ ვიხედები, ცხოვრების საკმაოდ მსუყე გზა გამოვიარე, თავისი ტკივილებით, განცდებით, სიხარულებით, წარუმატებლობა-წარმატებით. ერთი სიტყვით, ფერების მთელი პალიტრა გამოვიარე, ყველა ფერი, რაც კი შეიძლება, ცხოვრების გზაზე დაგხვდეს და ამან აქამდე მომიყვანა. არ ვიცი, რა შედეგს მივიღებდი, რაღაცები რომ ამოვიღო ჩემი განვლილი ცხოვრებიდან, თუმცა, აქამდე მთელმა ჩემმა შეცდომებმა, წარმატებებმა, წაქცევებმა, ადგომებმა, ამ ყველაფერმა, ჩამომაყალიბა და მომიყვანა დღემდე. ერთი სიტყვით, პეპლის ეფექტის გზა გამოვიარე.

– რა ისწავლე შენი განვლილი გზიდან?

– რაც ვისწავლე ისაა, რომ ჩემს შემდგომ ცხოვრებას სხვანაირად ვგეგმავ. ამაშია საქმე! მანამდე ვერ ვარჩევდი ცუდსა და კარგს და იმიტომ ვიყავი გზააბნეული, ახლა კი დავკვალიანდი, ცუდისა და კარგის გარჩევა ვისწავლე. ასაკთან ერთად ფასეულობების გადაფასებაც მოხდა.

– გიორგი, რა მიგაჩნია ყველაზე დიდ შეცდომად შენს ცხოვრებაში?

– საინტერესო კითხვაა, მინდა, სწორად გიპასუხო და თან, ვფიქრობ, რადგან მხოლოდ ერთი რამე არ მიმაჩნია შეცდომად.

– ჩემი აზრით, ნარკოტიკი ყველაზე დიდი შეცდომა იყო...

– ნარკოტიკი შეცდომა არ არის, ნარკოტიკის მიმართ დამოკიდებულებაა შეცდომა. რომ გგონია, ნარკოტიკი არ არის საშიში, ესაა შეცდომა. ბევრს აქვს გასინჯული და ყველამ სხვადასხვა შედეგი მიიღო. ვისაც შიში ჰქონდა, სხვა შედეგი მიიღო. ვისაც ეგონა, ეს რას მიზამსო, იმან კისერი მოიტეხა. ჩემს შემთხვევაში ნარკოტიკი იყო კისრის მოტეხვა და არა ერთხელ.

– მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გეყო ნებისყოფა, იმკურნალე. მინდა გკითხო: რომ ამბობენ, ყოფილი ნარკომანი არ არსებობსო, ეთანხმები ამ მოსაზრებას?

– დიახ, ამბობენ, ყოფილი ნარკომანი არ არსებობსო. თუმცა მთელი ცხოვრება უნდა გახსოვდეს, რომ ძალიან სუსტი ხარ ამ პრეპარატთან მიმართებაში და სულ უნდა აკონტროლო შენი თავი – აი, ეს არის სწორი ახსნა ამ ყველაფრის. ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. რაც შეეხება, რა მიმაჩნია შეცდომად, ეს სხვა ადამიანის მორგებაა შენს თავზე. როცა გინდა, შვილი ჩამოაყალიბო რაღაცნაირად, თუმცა ის რაღაცნაირი შენ თავად არ ხარ. ეს არასწორია. თუ შვილში გინდა, დაინახო რაღაც კონკრეტული, პირველ რიგში, ჯერ შენ უნდა შეიცვალო ისეთად, რომ მან შენგან მაგალითი აიღოს. ასე რომ, თუ მინდოდა, ქალთან ან ბავშვთან რაიმე ისე ყოფილიყო და არ გამომსვლია, ეს იმიტომ, რომ მე თვითონ არ ვიყავი ისეთი. როცა გინდა, მეორე ადამიანის ფორმაში ჩასმა და კარგ გზაზე დაყენება, ჯერ შენ უნდა იყო ფორმაში და კარგ გზაზე დამდგარი. ასე რომ, ჯერ ჩვენ უნდა შევიცვალოთ, რომ სხვებმა შესაბამისი მაგალითი ჩვენგან აიღონ და მით უმეტეს, შვილებმა.

– როგორ გგონია, პირად ცხოვრებაში რატომ არ გაგიმართლა?

– მე ვთვლი, რომ პირად ცხოვრებაში გამიმართლა, რადგან ყველა ჯანმრთელი მყავს და გარშემო არანაირი პათოლოგიები არ არსებობს, არც რაიმე დაავადება, არც ფიზიკური და არც ფსიქიკური. ამ კუთხით თუ შევხედავთ, კი ბატონო, ძალიან გამიმართლა. თუ ფინანსურ მხარეს შევხედავთ, არა (იცინის).

– ცოლებში?

– რვა და ათცოლიანი კაცები მინახავს და გამიგია, რომლებსაც არ გამართლებიათ, მაგრამ წარმატებული ხალხი იყვნენ. მაგალითად, მიშა გომიაშვილი, ცნობილი მექალთანე და ცოლების მომყვანი (იცინის). ზოგს ცოლი არ მოუყვანია, ზოგს ერთი ჰყავს და ისეთი უბედურია, რომ იმან რომ თავისი ცხოვრება მოგიყვეთ, შეიძლება, გული გაგისკდეთ. რამდენი ცოლი გყავდა ან გყავს, არ განაპირობებს ადამიანის ბედნიერებას ან უბედურებას. ცოლი არ მყავს და აწი, ალბათ, აღარც მოვიყვან, მაგრამ მე ყველა ჩემს ყოფილ ცოლთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და არ გამიმართლას, ვერ ვიტყვი. უბრალოდ, ჩვენ არასწორ დროს გადავეყარეთ ერთმანეთს და საბოლოო ჯამში, შედეგი ასეთი იყო. თუმცა, შედეგი ბავშვებია, რომლებიც ყველა ჯანმრთელი მყავს და ვგიჟდები მათზე. აი, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ცხოვრებაში ესაა, რომ ოთხი შვილი მყავს და ბედნიერი მამა ვარ. შეიძლება, ქმარი არ მქვია, მაგრამ ბედნიერი მამა ნამდვილად ვარ. და, არა მარტო მამა, ლუნასთვის და კოსმოსთვის, მამაც ვარ და დედაც (იცინის).

– მიხარია, რომ იმკურნალე და ნარკოტიკთან დამოკიდებულება დაამარცხე. კარიერის მხრივ, რა ხდება შენკენ? ბავშვების გაზრდა რთულია, მით უფრო, როცა პასუხისმგებლობა შენს თავზე გაქვს აღებული. გრჩება დრო სამსახიობო კარიერისთვის?

– ოთხი თვეა, რაც ამ ჯოჯოხეთიდან გამოვედი, ჯერ ადაპტაციის პერიოდი მაქვს. თეატრში სეზონი იხსნება და სპექტაკლებში დავკავდები. ახლა ბავშვებზე ვარ გადართული და ჩემი კარიერის უფრო გასაღრმავებლად ფიზიკურად დრო არ მრჩება. თუ როლს შემომთავაზებენ, ძალიან კარგი, მაგრამ ეს მე თავად რომ „ვიჩალიჩო“, ამ პროცესში არ ვარ ჩართული. არ მცალია.

– ადაპტაციამდე საკმაოდ რთული პერიოდი გაიარე და ამ რთულ პერიოდში ვინ დაგიდგა გვერდით?

– ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული. ერთადერთი, ვინც გვერდით დამიდგა, არის პიროვნება, ვინც ჩემი მკურნალობის თანხა გადაიხადა – 25 ათასი დოლარი და ეს ადამიანი ჩემთვის აბსოლუტურად უცხო იყო. სახელსა და გვარს ვერ ვიტყვი, რადგან თავად არ უნდა ამის გაჟღერება. ჩემს მკურნალობაში კი იმიტომ გადაიხადა ამდენი თანხა, რომ მერე სხვა ადამიანებს დავხმარებოდით. ანუ, მითხრა: შენ თუ გიშველი, თუ გამოხვალ მდგომარეობიდან, იქნები მაგალითი სხვებისთვის და ამით ბევრს დავეხმარებითო. ჩემი მფარველი ანგელოზი – ასე მიწერია ტელეფონში. ახლა 46 წლის ვარ და 45 წლამდე, მიუხედავად ჩემი ოთხი მცდელობისა და ნარკოლოგიურში დაწოლებისა, მაინც არაფერი გამომივიდა. ბევრი ვერ ხვდებოდა, როდის ვიყავი ფხიზელი და როდის – არა. თუმცა, ბოლო პერიოდში, ძალიან დამეტყო, გავხდი და ორგანიზმმა მიმტყუნა. წარმოიდგინეთ, ორჯერ C ჰეპატიტი დავარმარცხე. ამ დაავადებამ იცის საშინელი სიგამხდრე, ნერვულ სისტემაზე მედიკამენტებიც უარყოფითად მოქმედებს.

ფსიქიატრთანაც დავდიოდი, რადგან მედიკამენტის მიღების მერე, ისე მომერღვა ნერვული სისტემა, ისეთი გადარეული ვიყავი, კინაღამ აივნიდან გადავხტი, ლამის გავგიჟდი, მაგრამ გადავრჩი. სულ მეუბნებოდნენ, ნებისყოფა არ გაქვსო და მეც სუსტი ტიპი მეგონა ჩემი თავი, მაგრამ, თურმე, ძლიერი ვყოფილვარ. ცოცხალი რომ ვარ, იმ ადამიანის დამსახურებაა და მისი მადლიერი, ვიღაცები საერთოდ ვერ მოვიდნენ ჩემს ასაკამდე, ისე „დაიბრიდნენ“. ახლა წონაში 11 კილო მოვიმატე, დილაობით ვვარჯიშობ და მაქვს ამბიცია, დიდხანს ვიცხოვრო ჯანმრთელად (იცინის). სხვა გზა არც მაქვს, ვალდებულება ავიღე ჩემს თავზე – ბავშვები მყავს გასაზრდელი და უფლება არ მაქვს მათ ვუღალატო. ადრე არ ვიყავი ასეთი, გამოუვალ სიტუაციაში რომ ჩავვარდი, ამან „გამოწუწნა“ ჩემში ეს თვისება. ამ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდი, ჩემდა უნებურად გავხდი ასეთი.

– ვერ დაგეთანხმები. შენ სულ კარგი მამა იყავი შვილებისთვის, ყურადღებიანი და თბილი.

– ნატალიაც ჩემს ხელში იძინებდა და ალექსანდრეც ჩემს გვერდში გაიზარდა, მაგრამ მათ დედები ჰყავდათ და ძირითადად, მათზე იყვნენ მიწებებულები. მე მამის წილს არ ვაკლებდი, მაგრამ მათთვის დედა არ ვყოფილვარ. ლუნა და კოსმო კი მარტომ გავზარდე, თავისი ბანაობებით, გარეცხვებით, საჭმლის გაკეთებებით, ჩაბანა-დაძინებით, გაღვიძებითა და ბაღში წაყვანა-მოყვანით. რაც ბავშვებს სჭირდებათ, ყველაფერს მარტო ვაკეთებ. თან, მეც რთულ პერიოდში ვიყავი და ზუსტად ბავშვებზე ზრუნვა დამეხმარა ნარკოტიკული ეიფორიები გადამეტანა, ადვილად გადამეგორებინა და დეპრესიაში არ ვმჯდარიყავი. ერთი მეორეს დაეხმარა და ხშირად ვამბობ, რომ ეს ბავშვები მფარველ ანგელოზებად მომევლინენ-მეთქი. ნატალია და ალექსანდრე უკვე დიდები არიან, ესენი – პატარები, თან, მხოლოდ ჩემს იმედად. მე მათ ვჭირდები და მე – ისინი და მათ გადამარჩინეს თავიანთი არსებობით. მათი დედა რომ წავიდა, კი განვიცადე და დამანგრია, მაგრამ „რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს“ დამემართა. ახლა ახალ ეტაპზე გადავედი ცხოვრებაში, ჩემს თავს ვავითარებ, გურუებსა და ინდუსებს ვუსმენ და ყველაფერი იმისკენ მიმანიშნებს, როგორც მე გამოვსწორდები და როგორიც მე ვიქნები, ავტომატურად იქითა მიმართულებით წავლენ ჩემი შვილებიც. ბავშვების დასჯით კი არა, ჩემი თავის აღზრდითა და დასჯით ვარ დაკავებული, რომ ბავშვებმა სწორი რაღაცები დაინახონ. სულ ცდილობენ, რასაც მე ვაკეთებ, იმის იმიტაცია გააკეთონ. ვხედავ, მბაძავენ და მინდა, კარგი და სამაგალითო მამა ვიყო. ასე რომ, ამ ეტაპზე საკუთარი თავის განვითარებით ვარ დაკავებული და ჩემი ოცნებაა, ჩემი შვილები ჩემით ამაყობდნენ. რომ დავბერდები, მინდა, შვილებმა მითხრან: მამიკო, შენ ხარ მსოფლიოში ყველაზე კარგი მამა, ჩვენ შენით ვამაყობთ!

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 „ჩემი საოცნებო ხელის თხოვნა კომოს ტბაზე“ – ბლოგერმა გიორგი ნაჭყებიამ რჩეულს ხელი სთხოვა

🎥 „დღეს მინიშნებების დღეა“ - რა გზავნილებს მივიღებთ სამყაროსგან და რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა დღეს?

წყარო: tbiliselebi.ge