მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ტრანსგენდერ კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, მისი სახელით სხვადასხვა გვერდები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.
„ჩემი სახელით ვრცელდება დეზინფორმაცია, მოისმინეთ სიმართლე❗️ დაარეპორტეთ ეს გვერდები თხოვნაა. სად უნდა ვდიო, რამდენს ვდიო გაურკვეველი ჯგუფები, რომ სიცრუეს წერენ?! მე რომ არ მქონდეს მაგარი გული და ნერვები, მე ალბათ მათი კომენტარების გამო გულის შეტევით მოვკვდებოდი“ ,- ამბობს ვიდეომიმართვაში მომღერალი.
მანამდე გიორგი სუხიტაშვილმა აღნიშნული პოსტი გაავრცელა, რაც მისი თქმით არასწორად გავრცელდა:
„ყოველთვის თავშეკავებული ვარ ასეთ მგრძნობიარე თემებთან, ან პოპულიზმში არ ჩამომართვან, ან ჩემს საუბარს უნებლიედ და არ მოჰყვეს ვინმეს უფლების ან გრძნობების შელახვა.
მე რა მომწონს და რა არა ეს არ განსაზღვრავს ვინ უნდა იცხოვროს, ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ უნდა ისუნთქოს.
ბევრი რამე და ვინმე არ მომწონს.
არ მომწონს ზოგი მუსიკალური ჟანრი, არ მომწონს ზოგი შემსრულებელი, არ მომწონს ზოგის ჩაცმულობა და ა.შ.
ასევე ვერასოდეს ვერ გავიგებ რატომ უნდა მოვიწონო და შევიყვარო ის რაც არ მომწონს და არ მიყვარს.
მე არავის არ ვუკითხავ მორალს, იქამდე ვიდრე მათი ე.წ. მორალი არ გახდება დანაშაულის, და ნამდვილი ცოდვის საამქრო.
ბევრმა ადამიანმა ეს ადამიანი უამრავჯერ მოკლა, და ბევრიც უსურვებდა ამას.
მე საერთოდ არ ვიცნობდი, გულწრფელად რომ გითხრათ არც არანაირი სურვილი არ მქონია მისი არც გაცნობის და არც მასთან ურთიერთობის.
ის ქალები არ არიან ამ ქვეყანაში დაცულები ვისაც, ოჯახის და საზოგადოების მხარდაჭერა აქვთ და ადამიანს რომელსაც საზოგადოების ზიზღი აქვს ის განწირულია ასეთი სიკვდილისთვის.
ახლა არ გამოიდოთ თავები იმათ, ვინც მთელი ეს წლები ამას გაჰკივით.
ქრისტიანობის სახელით "კუდიანებზე" ნადირობა ხო თქვენ გაქვთ გამოცხადებული?
გეყოთ ახლა ვაჟკაცობა და თქვით რომ ღირსი იყო.
რატომ ხართ ჩუმად, მურტალია ხო სადღაც თანამონაცილედ რომ გრძნობ თავს?
ამიტომ.
არ იღებთ ხმას, მაგაშიც მშიშრები ხართ რადგან ელოდებით ბევრმა თქვას მერე რამე თქვენთვის საკბილო არგუმენტების მოთხრობა მოჩმახოს რომ გადააზიაროთ შინაარსი.
ჯოგური მენტალიტეტი თავისას შვრება.
ქრისტიანობის დაცვის მიზნით გამართლებულია ხო?
ქრისტე რას იზამდა? მოკლავდა? ან მოიწონებდა მკვლელობას?
შესაძლოა უსიამოვნოა ეს საუბარი მაგრამ, წეღან ადამიანი მოკლეს რომელსაც უმრავლესობამ დიდი ხნის წინ მიუჩინეთ ეგ ბედი და ეგ ადგილი.
მას განაჩენი თქვენ გამოუტანეთ, უბრალოდ დროის ამბავი იყო...
კიდევ ბევრზე გაქვთ ეს განაჩენი გამოტანილი და ელით აღსრულებას, რა თქმა უნდა მხოლოდ "ერის უკეთესი მომავლის სურვილით"
კარგად დაფიქრდით, ფრთხილად იყავით თქვენს სურვილებთან...“,- დაწერა გიორგი სუხიტაშვილმა.
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.