აშშ-ის ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer-მა Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება დაიწყო. Forbes -ის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე რამდენიმე ასეულ ათას დოზას აწარმოებენ.
კომპანია აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოებისგან ვაქცინის რეალიზაციის დასაწყებად შესაბამის ნებართვას ელოდება. ამ ნებართვის გაცემა ნოემბრის დასაწყისში იგეგმება.
იმ შემთხევაში, თუ კომპანია აშშ-ის ხელისუფლებისგან დადებით პასუხს მიიღებს, ის წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 მილიონ დოზას გამოუშვებს, ხოლო მომავალ წელს ვაქცინის წარმოებას 1,3 მილიარდ დოზამდე აიყვანს.
აშშ-ის გარდა ვაქცინების გაგზავნა სხვა ქვეყნებშიც იგეგმება. ცნობისთვის, კომპანია Pfizer კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე გერმანულ კომპანია BioNTech-თან ერთობლივად მუშაობს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენჯერმე აცხადებდა, რომ კორონავირუსის ვაქცინა ქვეყანაში არჩევნებამდე შეიქმნება, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, Pfizer-ის მიერ ვაქცინის რეალიზაციისთვის აუცილებელი ნებართვის მიღება არჩევნებამდე ვერ მოესწრება.
ცნობისთვის, მსოფლიოში ამჟამად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე ათეულობით კომპანია მუშაობს, თუმცა ვაქცინის შექმნის დასკვნით, მესამე ფაზამდე მხოლოდ ათი კომპანია მივიდა.