სოც. ქსელის მომხმარებელი ირმა ციცქიშვილი სტატუსს აქვეყნებს და კორონავირუსით ინფიცირებული მამის შესახებ წერს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც მისი სტატუსიდან ვიგებთ, იქ „უპატრონოდ“ მისულს არავინ დაეხმარა, თუმცა როდესაც უკვე გადარეკა მამამისი 10 წუთში პალატაში იყო და ჟანგბადის აპარატიც ეკეთა.
„ჩემი ოჯახის კოვიდ ჯოჯოხეთი გრძელდება.
ახლა მამას Zurab Tskitishvili-ს ესტუმრა ეს ვერაგი ვირუსი. დღეს , კოვიდის მე -6 დღეს, სატურაცია დაეცა და გადავწყვიტეთ სტაციონარში გადაგვეყვანა.
აქედან იწყება წარმოუდგენელი ამბავი, ამიტომაც ვწერ ამ სტატუს!
მამას თხოვნით, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ჩვენი ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა მამა ინფექციურში დაგვეწვინა ( სადაც აღმოჩნდა რომ თავისუფალი ადგილი იყო ). როგორც წესი და რიგია, დავრეკე 112 -ში და ორ საათიანი ლოდინის მერე, უკვე სუნთქვა გაძნელებული მამა ინფექციურის მისაღებში იჯდა.
სადღაც ნახევარი საათი ავსეს გრძელი კითხვარი, მამა სულ უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა . „ჟანგბადი მომეცით და დამაწვინეთო” — იხვეწებოდა . ამას ემატებოდა მძღოლი/სანიტრის გაუთავებელი ფამილარული ოხუნჯობები , ვითომ გამხნევებისთვის.
მოკლედ, როგორც იქნა, უკვე მართლა ძალა მიხდილი მამა მივიყვანეთ ინფექციურის ბოქსების განყოფილებაში.
აღმოჩნდა რომ, ჟანგბადის უკმარისობით გათანგულს და გულის საშინელი ტკივილით დამძიმებულ მამას ფეხით ორი სართული უნდა აეარა. მოკრძალებულად ვითხოვეთ დახმარება და საკაცე!
აქ მოხდა საოცარი ამბავი :
შველის მაგივრად, გამოგებებულმა ექთნებმა დაიწყეს წიოკი და ჩვენი დატუქსვა : „ვინც აქ გამოგიშვათ იმათმა აგიყვანონო”, „ასე ცუდად თუ იყო აქ რატომ მოხვედითო”, „აქ მარტო არ დავიტოვებთ , თავზე (კოვიდიანს! ) უნდა დაადგეთო და მოუაროთო”… ა. შ ! წარმოუდგენელია სიტყვებით გადმოგცეთ ის უსულგულობა და აგრესია, რაც იქ დაგვხვდა!
ყორნები რომ დაგესევიან მომაკვდავს ასე დაგვჭყიოდნენ თავზე! პარალელურად მამა მართლა საგანგაშოდ დამძიმდა, ოღონდაც ამას არავინ არ იმჩნევდა და აგრძელებდნენ მე და ჩემი ძმისშვილის დამუნათებას, რომელიც ცდილობდა სანიტრების საკაცით მობილიზებას.
მოკლედ რა ძალა მომეცა ვერ გეტყვით, რომ ეს ყოველივე ამეტანა ! მამა უკვე გონებას კარგავდა, ისე ცუდად იყო ___ „წამიყვანე აქედანო , სახლში დამაბრუნეო “ ეს რომ მითხრა , მაშინ მივხვდი , რომ „უპატრონოდ“ მოსულებს აქ გადარჩენის შანსი არ გვქონდა.
და დავრეკე … !
10 წუთში პალატაში იწვა მამა ჟანგბადის ნიღბით და მზრუნველი მორიგე ექიმი თავს ევლებოდა. მოკლედ გადავრჩით … !
ახლაც ცრემლები მახრჩობს რომ მახსენდება, როგორი უსუსური ვიყავი ამ „სვავების” წინაშე!
და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ როგორც წესი და რიგია ისე მოვიქეცი და არ ვისარგებლე შესაძლებელი „პრივილეგიებით”!
ძალიან დაღლილი ვარ და მეტს ვეღარ ვწერ. დღეს, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ძალიან, ძალიან დიდი ხანი ამ ქვეყანას არაფერი ეშველება .
P.S დედასაც მისცა სიცხემ, ხვალ პისიარის შედეგს დაველოდები და მერე ვიფიქრებ სტაციონარზე. თუმცა, ზუსტად ვიცი რომ, „უპატრონოდ” და დაურეკავად არსად აღარ წავიყვან !
Mariam Tskitishvili თუ რამე გამომრჩა , დაამატე “, - წერს ირმა ციცქიშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„9 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა“ - სოფო ჯაფარიძე ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე