13 სექტემბრიდან ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით ლატარია დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც მიმდინარე წლის 13 სექტემბრამდე აცრილი მოქალაქეები, ასევე 13 სექტემბრის შემდგომ აცრილი პირებიც.
კონკრეტული კატეგორიის ადამიანებისთვის ფულად ჯილდოებს ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წლის ბოლომდე, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად გაათამაშებს. ყოველდღე 100 და 500 ლარი გათამაშდება, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, ჯამური საპრიზო ფონდი კი, 2 მლნ 800 ათასი ლარია.
ლატარიას უკვე რამდენიმე გამარჯვებული ჰყავს. ერთ-ერთ მათგანი თბილისელი, 60 წლის თემურ მაჩიტაძეა, რომელმაც 500 ლარი მოიგო.
როგორც თემურმა „დაიჯესტს“ განუცხადა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა და მის ოჯახში ყველა ვაქცინირებულია.
„აცრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია, როდესაც უკვე მივხვდი, რომ ამის საჭიროება დადგა, მალევე ავიცერი „ასტრა-ზენეკით,“ ჩემს ოჯახშიც ყველა აცრილია.
ლატარიის შესახებ გავიგე, სადღაც მქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა მე ვყოფილიყავი ერთ-ერთი იღბლიანი, ვინც ფულს მოიგებდა და მოვიგე კიდეც, 500 ლარი. ფულს პირადი მანქანის შეკეთებაში დავხარჯავ.
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ვერ ხვდება აცრის აუცილებლობას, მაგალითად ჩემმა სიძემ არ დამიჯერა, არ აიცრა და გარდაიცვალა.
ყველას ვურჩევ აიცრას და ერთად დავამარცხოთ პანდემია“ - ამბობს „დაიჯესტთან“ თემურ მაჩიტაძე.
ინფორმაციისთვის, ლატარიის გათამაშებები ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge -ზე მიმდინარეობს, თუ გაგიმართლათ და თქვენმა ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, თქვენ შემდგომში მონაწილეობას მიიღებთ შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 31 დეკემბერს გაიმართება და 100 000 ლარი გათამაშდება.