Digest Logo

„მთელ რიგ ქვეყნებში სიკვდილიანობის შემთხვევების ზრდა აღინიშნება“ - თენგიზ ცერცვაძე

1643952639
თენგიზ_ცერცვაძე

„კოვიდ 19“-ის კლინიკური მართვის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ, „პირველ არხზე“ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მხოლოდ საქართველოში არ ფიქსირდება ყოველდღიურად ინფიცირების მაღალ მაჩვენებელი და ეს ასეა მსოფლიო სხვა ქვეყნებშიც.

„ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი გასცდა საპროგნოზო რიცხვებს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე ხდება მთელ მსოფლიოში. ამერიკის და ევროპის ყველა ქვეყანაში ფიქსირდება ახალი შემთხვევების რაოდენობის ისტორიული მაქსიმუმი. იმის მიუხედავად, რომ „ომიკრონს“ შედარებით ნაკლები მძიმე მიმდინარეობა და სიკვდილიანობა ახასიათებს, ვიდრე დელტა შტამს, ინფიცირებულთა საერთო რიცხვის ძალიან სწრაფი მატების გამო, მთელ რიგ ქვეყნებში სიკვდილიანობის შემთხვევების ზრდა აღინიშნება. მაგალითად, უძლიერეს, სრულად ვაქცინირებულ და ძლიერი ჯანდაცვის მქონე ქვეყანაში, აშშ-ში ყოველდღე ფიქსირდება 3 000 და მეტი გარდაცვალების შემთხვევა. ასე რომ, ეს ტენდენცია არის მთელ მსოფლიოში და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა. ჩვენ ამას დავუპირისპირეთ მაქსიმალურად ეფექტიანი მართვა, რასაც ჯერ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა წარმატებით ახორციელებს“, - განაცხადა ცერცვაძემ „დღის თემაში".

ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემა მაქსიმალურად არის მობილიზებული და მომზადებული, რათა პაციენტებს საჭირო მკურნალობა გაეწიოთ.

განსაკუთრებით გამართულად მუშაობს ჰოსპიტალური სექტორი. მობილიზებულია 8 000-ზე მეტი საწოლი და დაკავებულია მხოლოდ 5 700. ყველა პაციენტს, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, დახმარება ეწევა სტაციონარში, ანუ, ხდება მისი ჰოსპიტალიზაცია და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც სიკვდილიანობის შემთხვევები გაორმაგდა და გაოთხმაგდა, ჩვენთან, შვიდჯერ გაზრდილი ახალი შემთხვევების ფონზე, მოვახერხეთ და სიკვდილიანობა განახევრდა. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემა და კლინიკური სექტორი ამ გამოწვევას ელოდა და მას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა „მწვანე პასპორტების“ გაუქმებაზე ისაუბრა. ცერცვაძის თქმით, „კოვიდ პასპორტმა“ ისეთი შედეგი ვერ გამოიღო, როგორ დისკომფორტსაც ის მოსახლეობას უქმნიდა.

„ყოველ შემთხვევაში, იმის საპირწონე შედეგი ვერ დადო, რა დისკომფორტსაც ის მოსახლეობის ნაწილს უქმნიდა და მწვანე პასპორტები ამიტომ გააუქმეს. მოსახლეობის კანონმორჩილ ნაწილს, რომელსაც მწვანე პასპორტი ჰქონდა, გულწრფელად ვურჩევდი, ნუ იქნება გულდაწყვეტილი. მათ ის მწვანე პასპორტი ვინმესთვის და ვინმეს ხათრით კი არ ჰქონიათ, არამედ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ჰქონდათ. მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანს ამ პასპორტს სადმე რესტორანში, ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოსთხოვენ, თუ არ მოსთხოვენ. თუ ადამიანს მწვანე პასპორტი აქვს, ესე იგი, მან შეასრულა სავალდებულო რეკომენდაციები და ის დაცულია კორონავირუსისგან, ავად გახდომიდან და სულ ცოტა, დაცულია დამძიმებისგან და გარდაცვალებისგან. ასე რომ, მათ არაფერი აქვთ გულდასაწყვეტი. გარდა ამისა, მწვანე პასპორტები ისევ მუშაობს უცხოეთში წასვლისას, მთელ რიგ ქვეყნებში და ვინც მოგზაურობს, მათ ის გამოადგებათ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში.