ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის საფუძველზე, იტყობინება, რომ გრიპზე ვაქცინირებულ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ინტენსიური თერაპია იშვიათად სჭირდებოდათ.
აქედან გამომდინარე ბუწაშვილი მოსახლეობას გრიპზე ვაქცინის ჩატარებისკენ მოუწოდებს:
„ბრაზილიაში ჩატარდა კვლევა 92664 კოვიდის მქონე პაციენტზე, რომლის მიზანი იყო კოვიდის გართულებების შედარება გრიპზე აცრილ და აუცრელ ადამიანებს შორის. (როგორც ვიცით, სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში გრიპზე ვაქცინაცია მიმდინარეობს რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში). წელს გრიპზე ვაქცინაციის კამპანია ბრაზილიაში დაიწყეს 2020 წლის მარტიდან.
კვლევამ აჩვენა, რომ გრიპზე ვაქცინირებულ კოვიდის მქონე პაციენტებში 8%-ით ნაკლები იყო იმის რისკი, რომ დასჭირვებოდათ ინტენსიური თერაპია, 18%-ით ნაკლები იყო შანსი, რომ გადაყვანილი ყოფილიყვნენ მართვით სუნთქვაზე და 17%-ით ნაკლები იყო ლეტალური გამოსავალი.
ამიტომ მოსახლეობის მაქსიმალურად მეტი ჯგუფების გრიპზე ვაქცინაცია კოვიდის გართულებების რისკის შესამცირებლადაც მნიშვნელოვანია“, - წერს მაია ბუწაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 10752 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 5866 და გარდაცვლილია 72 პაციენტი.