ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მსუბუქი და მძიმე კოვიდპაციენტების დანახარჯების, ასევე მედიკოსების გადამზადებასა და კლინიკურ სასტუმროებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, სირთულეების მიუხედავად ჯანდაცვის სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს.
მინისტრის თქმით, კლინიკურ სასტუმროებში პაციენტებს ზედამხედველობას კვალიფიციური ექიმები უწევენ.
„დღეს ამ ბრძოლაში ჩართულია 13 300-ზე მეტი მედიკოსი, რომლებიც გადაუდებელ და ჰოსპიტალურ მომსახურებას უწევენ ინფიცირებულებს. მათი როლი თითოეული ადამიანის გადარჩენაში უდიდესია. სამინისტროს ექიმების კომპეტენციის გაძლიერების მიზნით შესაბამისი პროფესიების მიხედვით ჰოსპიტალების პერსონალის 90%-ზე მეტის გადამზადება მოახერხა და ამავდროულად ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა.
ჩვენ შევძელით, პანდემიის პირველი ტალღა იმდენად შეგვეკავებინა, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მას დრამატული შედეგები არ ჰქონოდა . ყოველთვის ღიად ვაცხადებდით, რომ ვემზადებოდით მეორე ბევრად უფრო რთული ეტაპისთვის, რომელიც ჩვენი გათვლებით შემოდგომაზე დაიწყებოდა. პროგნოზი გამართლდა. ჯანდაცვის სისტემა ინარჩუნებს მდგრადობას და ყველა პაციენტს მიეწოდება მისთვის საჭირო მომსახურება.
კლინიკურ სასტუმროებში პაციენტებს ზედამხედველობას უწევენ კვალიფიციური ექიმები. კლინიკურ სასტუმროებში მედპერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი სტაბილურად დაბალია და გაზაფხულის შემდეგ მხოლოდ 3 მედპერსონალის ინფიცირება ფიქსირდება. კლინიკურ სასტუმროებში მობილიზებულია 9500 საწოლი.
ნამდვილად უნდა აღვნიშნო, რომ პანდემიას საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა. მიუხედავად თანმდევი სირთულეებისა, მაინც მოხერხდა რესურსების მობილიზება. სახელმწიფოს მიერ აპარატურით აღიჭურვა სოფლის 100 ამბულატორია, მიმდინარე კვირაში გაიხსნება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ჩვენ 400-ზე მეტი საწოლი გვექნება“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
რაც შეეხება კოვიდ დაფინანსებას, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კოვიდ 19-ის მართვის ბიუჯეტი 236 მლნ 440 ათას ლარს შეადგენს.
„კოვიდ 19-ის მართვა ნამდვილად ვერ იქნებოდა ეფექტური, რომ არა ის ფინანსური რესურსი, რომლის მოძიებაც მოხერხდა და ასევე მოხერხდა მისი სწორად განკარგვა. მსუბუქ პაციენტზე დანახარჯი წარმოადგენს 1200 ლარს, ხოლო მძიმე პაციენტზე დანახარჯი აღემატება 3000 ლარს“, - დასძინა ტიკარაძემ.