ბოლო თვეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - კორონავირუსმა გასულ დღე ღამეში 38 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვს კიდევ 4233 დაემატა. ქვეყანა პიკის ფაზაში შევიდა. ეპიდემიოლოგები ე.წ ინდური შტამის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე საუბრობენ.
ყოველდღიურად საშუალოდ 16000 ადამიანი იცრება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის მიხედვით, ვირუსის დასამარცხებლად დღეში 25000 ადამიანის ვაქცინაცია უნდა მოხდეს. უმძიმესი და შემაშფოთებელი სტატისტიკის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და რეგულაციებს არღვევს.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ინფიცირებისა და გარდაცვალების გაზრდილ მაჩვენებელს, დელტა შტამის აქტიურ გავრცელებას უკავშირებს:
ამის უკან დგას კორონავირუსის ის მუტაცია, რომელსაც ყველაზე მეტად ახასიათებს სწრაფი გავრცელება, მიმდინარეობის სიმძიმე, ჰოსპიტალიზაციის მეტი აუცილებლობა და აქედან გამომდინარე ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
აჭარის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების თქმით, რეგიონის სამედიცინო დაწესებულებები კოვიდსიტუაციას, ჯერჯერობით, უმკლავდება
„კლინიკები და კოვიდსასტუმროები უმკლავდება არსებულ მოთხოვნას. თუკი იქნება გაზრდილი საჭიროება, ამისთვისაც მზადყოფნა არის“, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ. მისი თქმით, აცრები აქტიურად მიმდინარეობს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს ტემპი შენარჩუნდება.
წყარო: rustavi2.ge