„საველე ჰოსპიტალში პაციენტი შეიძლება, უფრო დამძიმდეს და გარდაიცვალოს,“ - ამის შესახებ ავსტრიაში მოღვაწე ექიმი ირმა კვიცარიძე განაცხადა.
აგვისტოში საქართველოში კოვიდით კატასტროფულ რაოდენობის, - ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა. რამდენადაა ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საველე ჰოსპიტლებში პაციენტების მოთავსებას? CNews-ი ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროს ექიმს, კლინიკის ონკოლოგიური ცენტრის კოვიდის საკოორდინაციო სამსახურის წარმომადგენელ ირმა კვიცარიძეს ესაუბრა.
- გარდაცვლილთა ასეთი მაღალი მაჩვენებელი, ვფიქრობ, მკურნალობის პროტოკოლთან პირდაპირ კავშირშია, სახელმწიფომ უნდა იფიქროს რომ შესაცვლელია კოვიდის მართვის პროტოკოლი. გარდა ამისა, ის, რომ კლინიკები გადატვირთულია, იმის შედეგიცაა, რომ სახელმწიფომ ამ დრომდე არ დაარეგულირა, თუ რომელი პაციენტი უნდა მოთავსდეს კლინიკაში და რომლის მკურნალობაა შესაძლებელი ბინაზე. ყველა ქვეყანამ აირჩია ის გზა, რომ ჰოსპიტალური სექტორი არ დატვირთულიყო.
- საველე ჰოსპიტლების გახსნა რამდენად მოაგვარებს ამ პრობლემას?
- საველე ჰოსპიტალი ვერაფრით მოაგვარებს პრობლემას. ამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ საველე სამხედრო ჰოსპიტალი, ანუ ის, რისი გამოყენებაც ხდება ომის დროს, არ შეიძლება გამოიყენო ეპიდემიის და, მით უფრო, ისეთი ინფექციური დაავადების დროს, როგორიც კოვიდია.
თუ არ არის კარგი განიავება, არ არის სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემა და ასე შემდეგ, ინფექციური დაავადება ვრცელდება მარტივად.
საველე ჰოსპიტლის გაკეთების იდეა თავიდან ავსტრიაშიც იყო, სწორედ იმ მიზეზით, რომ ვენტილაციას ვერ დაიცავდნენ, მასზე უარი თქვეს. შესაძლოა, მსუბუქად ინფიცირებულის მდგომარეობა უფრო დამძიმებულიყო იმიტომ, რომ გვერდით პაციენტის ამონასუნთქით მას ვირუსის ტიტრი აეწოდა. წარმოიდგინეთ, რეანიმაციულ განყოფილებებში ჩვენთან 4 პაციენტი ჰყავთ, თან ყველა სივრცეს აქვს დამოუკიდებელი ვენტილაციის სისტემა, ამიტომ შიდა გადადება და შიგნით პაციენტის დამძიმება, რომ იქ ვიღაცის ვირუსის ტიტრი მიიღონ, არ ხდება ჩვენთან. მანდ კი ხდება..
- როგორც ვნახეთ, საველე ჰოსპიტლებში ძალიან ახლოსაა საწოლები ერთმანეთთან, ეს ნორმალურია?
- კადრებში ვნახეთ, რომ საწოლებს შორის დაშორება არ არის, არ არის გამყოფი კედელი, რაც ძალიან არაეთიკურია.
ვიცით, რომ კოვიდის დროს ადამიანებს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვთ, ჩვენთან ფსიქოლოგები მუშაობენ კოვიდიან პაციენტებთან, ონლაინ ხდება დაკავშირება. წარმოიდგინეთ, ახლა , ამხელა დარბაზში იქით ვიღაცა იხრჩობა, აქეთ ვიღაც გარდაიცვალა, ამან შეიძლება ფსიქოემოციური ფონიც გაზარდოს, სუიციდს რომ თავი დავანებოთ, სიმულაცია გამოიწვიოს.
კოვიდინფიცირებულები ისედაც ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან. ეს პრობლემას წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ ინფექციის მართვის თვალსაზრისით, მიუღებელია ამდენი ინფიცირებულების ერთ სივრცეში მოთავსება.
სამხედრო ექიმებს ათასი წვრთნა აქვთ გავლილი და ნუთუ, მათ არ იცოდნენ, რომ ბიოლოგიური ომის დროს საველე ჰოსპიტლის ამ ფორმით გაკეთება სწორედ ამ მიზეზით, რომ იქ არ შეიძლება ერთ სივრცეში ინფიცირებული ადამიანების მოთავსება, არ არის გამართლებული?!
ცნობისთვის, საქართველოში რამდენიმე საველე ჰოსპიტალი გაიხსნა, საველე ჰოსპიტლების გახსნა რეგიონებში გრძელდება.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵 „მთლიანი ლოკდაუნი არის საჭირო“ - გიორგი ფხაკაძე
🔵ხალხო, გვეშველა! – გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
წყარო: cnews.ge