Digest Logo

წამალი უცხოეთიდან გამომიგზავნეს - როგორ ებრძოდა კორონავირუსს ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი

1606671642
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი ინტერვიუ ექსკლუზიურად „იმედის კვირას“ მისცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა საკუთარი მკურნალობის და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ ისაუბრა.

ცერცვაძე ასევე იხსენებს, რომ მისი ასაკის და თანმხლები დაავადების გამო კოლეგები პაციენტებთან კონტაქტის შეწყვეტას ურჩევდნენ.

„ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები. ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს. ხუთშაბათსვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო „რემდესივირის“ გადასხმა. სამწუხაროდ ის ჯერ საქართველოში არ არის შემოტანილი და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს. „რემდესივირი“ შესაძლოა, არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი არ არსებობს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არსებულ ვითარებას, შეფერხებებით, მაგრამ უმკლავდება, საუბარი იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არ იყო კი, უბრალოდ ტყუილია.

თენგიზ ცერცვაძეს COVID 19 17 ნოემბერს დაუდასტურდა. მოგვიანებით ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც 28 ნოემბერს გაწერეს.