უკვე მე-19 დღეა ჟურნალისტი ზურა ბალანჩივაძე კორონავირუსს ებრძვის. ამ ხნის განმავლობაში მასზე იმდენი რამე გავიგეთ, მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში რომ არ გვსმენია.
მის ფეისბუქ პოსტებს კორონავირუსული დღიურები უკვე დავარქვით და „დაიჯესტიც“ ჟურნალისტის სტატუსებს ყოველდღიურად უცვლელად გთავაზობთ:
დღე მე-19.
უვკვე 15 დღეა, აქ ვარ. ჯერ ისევ არ არის ანალიზები წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდული სიცხის გარდა, სხვა ჩივილები არ მაქვს, სისხლში კვლავ ცვლილებებია. ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები დაბალანსებისკენ მიდის (დაახლოებით 200 ერთეულით აღემატებოდა ნორმას და ახლა 60-ით აჭარბებს მხოლოდ). რჩება ისევ და ისევ დე დიმერი (სისხლის შედედების კოეფიციენტი), რომელიც ისევ იმატებს, თუმცა სვლა შენელებული აქვს. ამიხსნეს, რომ სისხლის გამათხელებლები მოიყვანენ ნორმაში, ოღონდ ცოტა მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ვვარაუდობდით. ვისაც გაინტერესებთ ტერმინი "საყურადღებო", თურმე დაახლოებით ამდაგვარი დინამიკის მქონე პაციენტები ითვლებიან.
ჩემს ძმას რაც შეეხება, უნარჩუნდება პერიოდული ხველა, ოფლიანობა და დღის განმავლობაში ტემპერატურა, რაც ფილტვების ანთების ნიშნებია. ესენი რომ არ ჰქონდეს, ანალიზები ნორმაში აქვს და შეიძლებოდა მისი გაწერა. ასე რომ, ჯერ ისევ აქ ვართ, მოკლედ.
პი-სი-არ ტესტი არ გვიტარდება, რადგან ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. როგორც ვიცი, 8-12 დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის და ვირუსი შეიძლება, ისევ იყოს ორგანიზმში. რომც არ იყოს, თუკი ორგანიზმის ფუნქციები კვლავ არაა წესრიგში, კოვიდუარყოფითობა დიდად დამამშვიდებელი არგუმენტი ნამდვილად არ არის, რადგან მისი არეული ისევ დასალაგებელია.
ჩემი გუშინდელი პოსტის გაზიარებები ვნახე და ხალხის ერთ ნაწილს ეკლესიაზე გადაბრუნებული სიტყვა არ მოწონებია, მეორეს - ჩემი საუბრის ტონი, მესამეს კი - რა თქმა უნდა, კოვიდის არსებობის არ სჯერა. კიდევ კარგი, ეს სამივე კლასტერი არის საგრძნობლად ცოტა და არც ვნერვიულობ ამაზე. სქრინები შევინახე მხოლოდ სამახსოვროდ.
ზოგადად, უკვე ბევრ რამეზე აღარ ვნერვიულობ. წლევანდელმა წელმა მაქსიმუმი ჩამიტარა. ასე რომ აღარც იმაზე ვშფოთავ, თუ როდის გავალ, აღარც ანალიზებზე ვღელავ და აღარც იმათზე, ვისაც კორონასი არ სჯერა. აი, დარდი. ვარ იქ, სადაც ახლა უნდა ვიყო და ვაკეთებ საყვარელ საქმეს.
მთავარია, ვინც მისახედია, ის არ დარჩეს უყურადღებოდ. იმ საზოგადოებისგან კი, რომელშიც ავარიის დღიური სიკვდილიანობა თითქმის კოვიდით დღიური გარდაცვალების მაჩვენებლის ტოლია, ბევრის იმედი არ უნდა გქონდეს. უბრალოდ, უნდა აკეთო შენი საქმე და დაელოდო, როდის დაიხოცავენ თავებს. გაუნათლებელი და შეუგნებელი ადამიანი თვითგანადგურებისკენ მიმავალი ადამიანია. დაე, იარონ. მათ ამის უფლებაც აქვთ.
ხოლო ის ხალხი, ვისაც სიკვდილი არ უნდა, უბრალოდ, უფრო ფრთხილად მოიქცევა და ადამიანის სიცოცხლეს დააყენებს ყველა სხვა ღირებულებაზე მაღლა. ვერანაირი საუცხოოდ გამოთლილი ქვა ვერ უშველის კაცობრიობას, თუკი აღარც შემქმნელი დარჩება და აღარც შემფასებელი.
დღეს კლინიკის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზურა უტიაშვილმა შემომიარა და მოკლედ მოვასწარით ზოგადი ვითარების განხილვა. ჩემს სართულზე 72 პაციენტი მკურნალობს, ზემოთ - 68. მიყვარს ეს ხალხი და ყველა, ვინც ახლა საკუთარ სუნთქვას ორი პირბადით, ფარითა და ეკიპირებით იზღუდავს იმისთვის, რომ სხვამ თავისუფლად ისუნთქოს.
ჯანმრთელობა ყველას.", - წერს ბალანჩივაძე.