მთვარის ახალი თვის დაწყებას ველოდებით 10 ივლისს 05:20-ზე კირჩხიბის ზოდიაქოს მე-19 გრადუსში. ამ დღეს გველის ახალმთვარეობა. მთვარე მზარდი იქნება 24 ივლისამდე. ხოლო შემდეგ მთვარე კლებადი გახდება 8 აგვისტომდე - მომდევნო ახალმთვარეობამდე.
ახალმთვარეობა არის პერიოდი, როცა შეგვიძლია ცხოვრება და საქმეები თავიდან, ახლებურად დავიწყოთ. ყოველი ახალმთვარეობა თავის მისიებს გვაკისრებს და სასურველია, გავითვალისწინოთ. 10 ივლისამდე დაასრულეთ საქმეები, გაისტუმრეთ ვალები (ფულიც და ემოციურიც). არასდროს შეხვდეთ ახალმთვარეობას მოწყენილი, ცუდ გაწყობაზე, კონფლიქტში გარშემო მყოფებთან.
ახალმთვარეობაზე ცაზე თუ ავიხედავთ, მთვარე საერთოდ არ ჩანს. რადგან მას მზე ფარავს. მთვარე მართავს ჩვენს შინაგან სამყაროს, ემოციებს, მოთხოვნებს.
სავსემთვარეობამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება თავი დათრგუნულად, უენერგიოდ იგრძნოს. გაფრთხილდით, ამ პერიოდში იმუნიტეტი სუსტდება, ზოგიერთს კი შფოთი იპყრობს. ზოგსაც თავის ტკივილები აწუხებს. ამიტომ, აკონტროლეთ საკუთარი თავი.
გარდა ამისა, ამ დღეს, მთვარე კირჩხიბშია.
მომატებულია ემოციურობა, წუნიაობა და ბუტიაობა. ეცადეთ, არც თქვენმა ნათქვამმა სიტყვამ ატკინოს ახლობლებს გული და არც თქვენ გაბრაზდეთ მათზე. ნებისმიერი კონფლიქტი უკანასკნელ ენერგიას წაგართმევთ.
ენერგია კი ახალმთვარეობაზე ისედაც ცოტაა. შინაგან სიმშვიდეზე იყავით მომართული. ყველას, ვინც ეცდება, რომ გაწყენინოთ, გაუგზავნეთ სიკეთისა და სიყვარულის სხივი. ეს მეთოდი შეგიძლიათ სხვა დროსაც გამოიყენოთ, თუმცა, ახალმთვარეობაზე განსაკუთრებით.
ახალმთვარეობა შაბათს უწევს, ეს სატურნის დღეა. სატურნის მკაცრი მასწავლებელია, ის ხშირად გვაყენებს რთული ამოცანების წინაშე, რათა მოვიპოვოთ სიბრძნე და მშვიდად გავუმკლავდეთ დაბრკოლებებს.
ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე კირჩხიბის ნიშანში იმყოფება. კირჩხიბი წყლის სტიქიის წარმომადგენელია. ღრმა და ემოციური ნიშანია. უყვარს ტრადიციები, არის პატრიოტი. სასურველია, ისწავლოთ პატიება, დაივიწყოთ გაბუტვა. არ შეიქმნათ გონებაში ჩარჩოები, პირიქით, ეცადოთ, მშვიდად გამოხვიდეთ დაბრკოლებებიდან. მთვარის ამ თვეში მოიმატებს საქმიანი კონტაქტები, კონკრეტული საქმის კეთებისა და ფულის მიღების სურვილი. მოგიწევთ ძალიან მოინდომოთ, გადალახოთ შინაგანი ეჭვები და დაკვირვებულად, გათვლილი ნაბიჯებით მიუახლოვდეთ სასურველს. გაფრთხილდით, რომ არ დაგეძაბოთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან.
ახალმთვარეობამდე 1 საათით ადრე გაიღვიძეთ და ადექით, აანთეთ სანთელი, გაიხსენეთ ყველაფერი, რაც მთვარის ამ თვეში მოხდა თქვენს ცხოვრებაში. იყავით მადლიერი კარგისთვისაც და გამოცდილებისთვისაც. ახალმთვარეობის დადგომისას სიკეთე, სიყვარული და ჯანმრთელობა გაუგზავნეთ საკუთარ თავს, ახლობლებს.
ახალმთვარეობა კირჩხიბის ზოდიაქოში დგება. კირჩხიბი არის ჩვენი ოჯახის, საგვარეულოს სიმბოლო, წინაპრების. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, წინაპრებთან, ნათესავებთან. აღადგინეთ და მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები. გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყანაზე ოჯახზე საიმედო საყრდენი არ არსებობს. მიუტევეთ და მოეფერეთ მშობლებს და მეტად გაანებივრეთ შვილები სიყვარულით.
ახალმთვარეობიდან 1 საათის განმავლობაში ჩამოწერეთ ის მიზნები და სურვილები, რაც გსურთ, რომ ამ პერიოდში განახორციელოთ. იყავით კონკრეტული, დეტალებისადმი დაკვირვებული.
ვინ იგრძნობს ახალმთვარეობას ყველაზე მეტად? ისინი, ვინც 7-13 ივლისის შუალედში არიან დაბადებულები. თქვენთვის ცვლილებების დრო დგება, მოემზადეთ სასიამოვნო სიახლეებისთვის და ნუ შეგეშინდებათ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის.
5-11 იანვრისა და აპრილის და 8-14 ოქტომბრის შუალედში დაბადებულებს მეტი დაკვირვება და სიფრთხილე მოგეთხოვებათ. არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯი. 5-11 მარტისა და მაისის და 8-14 სექტემბრის და 7-13 ნოემბრის პერიოდში დაბადებულებს კი ფორტუნა გიღიმით.
თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ნახეთ, სად, რომელ სახლში ხვდება კირჩხიბის მეცხრამეტე გრადუსი. მთვარის ამ პერიოდში მოსალოდნელია ცვლილებები ამ სფეროში. ხოლო, თუ კირჩხიბის 16-22 გრადუსში პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები გაქვთ განლაგებული, მთვარის ამ თვეში მნიშვნელოვანი მოვლენების წინაშე აღმოჩნდებით. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ პლანეტასა და სახლზე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 რა არის თქვენი ხასიათის ყველაზე აუტანელი თვისება?
🔵 ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მომავალი ზაფხულის ნამდვილი „მეფეები“ გახდებიან
🔵 გაიხსენეთ რა ხებოდა თქვენს ცხოვრებაში 2015 წელს - ეს თვე იმ ენერგიების დუბლირებას ახდენს