ასტროლოგ დავით ნიბლაძის პროგნოზით, დღეს 22 სექტემბერს კომუნიკაციაში პრობლემები შეიქმნება. მისივე თქმით, კარგია რომ ადამიანებმა საკუთარი აზრები დიპლომატიურად და მოზომილად გამოხატონ. ნიბლაძე ადამიანებს კონფლიქტებისგან თავის შეკავებასა და სიმშვიდის გამოჩენას ურჩევს.
„22 სექტემბერს მერკურისა და პლუტონის ზუსტი კვადრატია (90°).
„სხვა რამეს ვამბობდი და შენ სულ სხვანაირად გაიგე“ სიტუაციები ხომ გქონია? ზუსტად ასეთ ფონს ქმნის ეს ასპექტი მთელი დღის განმავლობაში. ასეთ დროს ხშირად ვეძებთ მიზეზებს, რაში შეიძლება შევიტანოთ ეჭვი, გამოვხატოთ უნდობლობა და ვიყოთ სარკასტული. დიდია იმის შანსიც, რომ ჭიანჭველა სპილოდ ვაქციოთ და ისეთი მუქი სცენარი დავხატოთ, რომელიც საერთოდ არაფერ კავშირშია რეალობასთან. შარშანწინდელ წყენებსაც თუ არ გავიხსენებთ და მთელ დღეს რაღაცის მტკიცებაში არ გავატარებთ, ძალიან კარგს ვიზამთ.
თუ მერკურისა და პლუტონის კვადრატი დაბადების რუკაში გაქვს, აუცილებლად მოგიწევს შენი აზრებისა და შეხედულებების დიპლომატიურად გამოხატვის სწავლა. საკმაოდ ღრმა და კომპლექსური გონება მუდმივად ეძებს კითხვებზე პასუხებს, ცდილობს, ახსნას ურთიერთზემოქმედება მოვლენებს შორის და აღმოაჩინოს მიზეზ - შედეგობრივი კავშირები. კრიტიკული აზროვნება და ძლიერი თავდაცვითი რეფლექსები, სხვების შენს აზრზე გადმობირების სურვილი და განცდა, რომ თუ ვინმე შენს მოსაზრებებსა და იდეებს ეწინააღმდეგება, ე.ი. შენი მტერია, შესაძლოა, უამრავი კონფლიქტის მიზეზი გახდეს ცხოვრების განმავლობაში. კი, შენი დამოკიდებულებები დიდხნიანი დაკვირვების, კვლევა - ძიებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად ყალიბდება და შესაძლოა, სრულებითაც მართალი იყო, მაგრამ როგორია გამოხატვის ფორმები? ამით მხოლოდ კონფლიქტებს ხომ არ იწვევ? ნუ ეცდები, ყველა შენი აზრის ჭეშმარიტებაში დაარწმუნო. დაე, იარსებოს განსხვავებულმა აზრებმაც.
ამ ასპექტის დახმარებით შეძლებ, უამრავ დაფარულ და საიდუმლო ინფორმაციას მიაგნო, გააკეთო ღრმა ანალიზი და კომპლექსურად შეაფასო ნებისმიერი საკითხი. პროფესიებიდან ყველაზე მეტად ფსიქოანალიტიკა, საგამოძიებო სამსახური, საგადასახადო საქმე და ფინანსური აუდიტი მოგიხდება,“ - წერს ნიბლაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„საიდან არის ამდენი დაავადება ბავშვებში? საკუთარი ხელით მოვწამლეთ საკვები და ჰაერი“