Digest Logo

რა უნდა დავახვედროთ ვეფხვს, რომ სიყვარულში იღბალი და წარმატება გავაორმაგოთ? - რა ცვლილებებს შემოიტანს წყლის ვეფხვის წელიწადი

1640626507
ფენშუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია

ახალი წლის დადგომას ყველა ახალი იმედებით ხვდება. ყველა ოჯახში ირთვება ნაძვის ხე, იშლება საზეიმო სუფრა და ჩნდება განცდა, რომ ყველაფერი ცუდი ძველ წელს ჩაბარდა და ახალ წელს ახალი წარმატებები მოაქვს. როგორც ფენ-შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია ამბობს, აუცილებელია, გავითვალისწინოთ მარტივი რჩევები, რომელიც ჩვენს პირად ბედნიერებასა და ფინანსურ კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი. ხოლო ოთახის რომელ კუთხეში უნდა დადგათ მორთული ნაძვის ხე, როგორ უნდა „შემოიტანოს“ მეკვლემ ოჯახში კეთილდღეობა და როდის სჯობს სურვილების ასახდენად სანთლის ანთება, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. 

ეკა კვარაცხელია: 2022 წელი არის იანური წყლის ვეფხვის წელი. ვეფხვი გახლავთ ძლიერი ხე, მაგალითად, მუხა, ცოცხი, არყის ხე, რომლებიც იკვებებიან წყლით. ეს სტიქიების ჰარმონიული დამოკიდებულება გახლავთ. წყალი გონებისა და კომუნიკაციის სიმბოლოა, ვეფხვი კი არის დამალული ცეცხლის ენერგია, რაც გვამცნობს, რომ 2022 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის საერთო ზრდა და 2020-2021 წლებთან შედარებით, მეტი ოპტიმიზმი და ურთიერთობები. გარდა ამისა, 2022 წელს შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მარტივად ათვისება, სწავლა და ცოდნის მიღება, რაც შემდგომი წარმატების წინაპირობა გახდება. დაიხვეწება გემოვნება, ადამიანებს მოუნდებათ ყოველივე ლამაზი და მომხიბვლელის შეძენა და სიამოვნების მაქსიმალურად მიღება. ხშირად გაუჩნდებათ მოგზაურობისა და მეტი სასიამოვნო შთაბეჭდილებების მიღების სურვილი.

– ანუ, გამოდის, რომ საკმაოდ ჰარმონიული წყლის ვეფხვის წელიწადი მოდის?

– მიუხედავად ჰარმონიული ენერგიების სინთეზისა, არ შეიძლება, ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება, რადგანაც იანური წყლის მახასიათებელი, რომლითაც 2022 წელი იმართება, მოიაზრებს უზარმაზარ წყალს, როგორიცაა ოკეანე, ზღვები. ეს კი არის იმპულსური, მოუთოკავი ენერგია, რომელსაც შეუძლია, იქცეს ცუნამად. ეს უკანასკნელი კი დამანგრეველია. ვეფხვი იკავებს მნიშვნელოვან ადგილს ჩინურ მეტაფიზიკაში. მას მოაქვს სიახლეები, ახალი მოთხოვნები, ცვლილებები არა მარტო პირად ცხოვრებაში, არამედ კანონებში, თამაშის ახალი წესები ყველა სფეროში. მისი უარყოფითი თვისებები გახლავთ: სიჯიუტე, ხასიათის სიმტკიცე, შეუვალობა, აგრესია, იმპულსურობა, მყისიერად გადაწყვეტილების მიღება და დაჟინებითი მოთხოვნები. იგი არის შემოქმედი ნატურა, რომელსაც უყვარს მოვლენებზე დაკვირვება და მხოლოდ ამის შემდეგ – მოქმედების სტრატეგიის შემუშავება, ანუ, მიღებული ინფორმაციისა და ცოდნის პრაქტიკულად განხორციელება. მინდა, გითხრათ, რომ ეს ექსტრემალური სწრაფი ენერგიაა, ამდენად 2022 წელს უნდა ველოდოთ ინიცირებულ ცვლილებებს მთელ მსოფლიოში. მიღებული იქნება ,,თამაშის ახალი წესები”. სასიცოცხლო ენერგიის ფაზა 2022 წელს გახლავთ ,,ავადმყოფობა”. ამიტომაც, ინოვაციური ცვლილებები შესაძლოა, მოხდეს დაავადებებთან დაკავშირებულ სამედიცინო სფეროებში, ჯანდაცვასა და მედიცინაში. შესაძლოა, უფრო გაფართოვდეს კოდირების, კოდური პასპორტების სისტემები. ეს მსოფლიო ტენდენციაა, რომელმაც არ არის გამორიცხული, პროტესტის ახალი ტალღა წარმოშვას. განსხვავებით 2021 წლისგან, რომელიც გახლავთ ინური ლითონის ხარის წელი და რომელიც უფრო ქალური და „მაცდურია”, იანური წყლის ვეფხვი არის მძლავრი და ის მეტად შეუვალი და ჟინიანი იქნება. ადამიანები იმოქმედებენ გვერდითი მოვლენების გათვალისწინების გარეშე და შესაძლოა, გააპროტესტონ ახალი წესების დაკანონება. ასე რომ, არსებობს რევოლუციისა და გადატრიალებების მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში სადაც უკვე შეიმჩნევა არასტაბილური სიტუაცია.

– ასტროლოგები ამბობენ, რომ 2022 წელი განსაკუთრებით პოზიტიური ელფერის მატარებელია პირად ცხოვრებაში ცვლილებების შესატანად. რას იტყვით ამაზე და რა რჩევა-რეკომენდაციებს მოგვცემთ, როგორც ფენ-შუის სპეციალისტი?

– პირად ცხოვრებაში, რეკომენდაცია გეძლევათ, უფრო მეტად პოზიტიურად და დადებითი ემოციებით მიუდგეთ არსებულ მოვლენებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში მოახდინეთ იუმორის ჭარბად დემონსტრირება და მოიწესრიგეთ როგორც საცხოვრისი, ასევე სამუშაო ადგილის ფენ-შუი. ის, ვინც დაიბადეთ ტახის, მაიმუნის, ცხენის, ძაღლის ან ვეფხვის წელს, გაქვთ დიდი შანსი, შეცვალოთ თქვენი ოჯახური სტატუსი. ანუ, ეს ნიშნავს, რომ 2022 წელს მოძრაობაში მოვა თქვენი ქორწინების სახლი და ეს შეეხება არა მარტო მარტოხელა ადამიანებს, არამედ დაოჯახებულებსაც. ამიტომ, გაიზიარეთ ფენ-შუის რჩევები ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ის, ვინც დაბადებულია ხარის წელს 2022 წელი სასიამოვნო ნაცნობობას მოუტანს, ამასთანავე ეს იქნება არა მხოლოდ სექსუალური ამოფრქვევა, არამედ სულიერი ერთიანობაც.

თხის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის მოვა, ეგრეთ წოდებული, „ზეციური იღბალი”, რაც გამოვლინდება პლატონურ სიყვარულში და იქნებიან პასუხის მოლოდინში. ურთიერთობები არ განვითარდება სწრაფად, თუმცა გვპირდებიან, რომ იქნება სტაბილური და ხანგრძლივი.

კურდღლის წელიწადში დაბადებულებს „ატმის ყვავილი“ მისცემს მეტ შარმს და სექსუალურობას, ეს კი კარგი სიახლეა მარტოხელა კურდღლებისთვის, მაგრამ უკვე დაოჯახებულთათვის შესაძლოა, პირად ურთიერთობაში პრობლემის მომტანიც კი იყოს ან ბობოქარი ვნების – ინტიმურ სფეროში.

ვეფხვს კარგი ურთიერთობა აქვს ტახთან, ამას ჰქვია „კომბინაცია დიდებულ თავადთან“, ამიტომ ტახის წელს დაბადებულები 2022 წელს უნდა მოელოდნენ ძალიან სასიკეთო კავშირებს.

წყლის ვეფხვს კონფლიქტური ურთიერთობა აქვს მაიმუნთან. ეს შესაძლოა, გამოვლინდეს მოულოდნელი ცვლილებებით და ფინანსური დანაკარგებით. თუმცა ექნებათ ბევრი მოულოდნელი სასიამოვნო პერიოდიც. ერთი სიტყვით, მათთვის რთულად პროგნოზირებადი წელია.

გველებს ფინანსურად წარმატებული და შესრულებული სამუშაოსთვის ჯილდოების მიღების წელი ექნებათ, რითაც გაიუმჯობესებენ საერთო კაპიტალს.

დრაკონებს, ხარებსა და ძაღლებს გაუმართლებთ – მათთვის ფინანსურად საუკეთესო წელია.

თუ შევაჯამებთ ყოველივე ზემოაღნიშნულს, გველის ახალი რეალობა და უნდა შეგვეძლოს მასთან შეგუება. ეს ნიშნავს ბევრი ახალი შესაძლებლობის მოსვლას ამიტომ, ვიყოთ ოპტიმისტები.

– ყველა დიასახლისი საახალწლოდ საგულდაგულოდ ალაგებს სახლს, ასევე ყველა აწყობს გეგმებს, სად და ვისთან შეხვდეს დამდეგს. ამ მხრივ, რა რჩევებს მოგვცემთ? რა უნდა დავახვედროთ ვეფხვს, რომ სიყვარულში იღბალი და წარმატება გავაორმაგოთ?

– ვეფხვი კატისებრი ოჯახის წარმომადგენელია და სისუფთავეს აფასებს, სახლის საგულდაგულოდ დალაგება 1-2 დღით ადრე უნდა დაასრულოთ, რათა სახლის ენერგეტიკა ,,დაჯდეს”. გადაყარეთ ზედმეტი და უსარგებლო ნივთები, განსაკუთრებით ბასრი და წვეტიანი. ახალი წლის დადგომას ჯობია, სახლში, ოჯახთან ერთად შეხვდეთ, ეს განსაკუთრებით დასაოჯახებელ პირებს ეხება.

ვეფხვის წელიწადში წარმატებისა და იღბლის საწინდარი პიტნის ნერგი და ფოთლებია. ისინი შეგიძლიათ დააწყოთ ნაძვისხესთან, დაკიდოთ მასზე და დაალაგოთ სუფრაზე, ოთახსა თუ კაბინეტში. ვეფხვის ენერგეტიკას, ასევე, მოიზიდავს სახლში მომზადებული პიტნის ლიმონათი ან კოქტეილი. შეყვარებულებმა 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე დაწერეთ სურვილები, რომლებიც გინდათ, რომ მომავალ წელს ახდეს. როგორც ცნობილია, ვეფხვი სასიყვარულო კავშირების გულშემატკივარი და დამხმარეა. თუ არ გყავთ პარტნიორი, დაწერეთ, როგორი გსურთ, რომ გყავდეთ. ასევე სასიყვარულო პარტნიორის მოსაზიდად ჯიბეში ჩაიდეთ გულის ფორმის ფიგურა, მასალას არ აქვს მნიშვნელობა და 12 საათი რომ ჩამოჰკრავს, ხელის გულში მოიქციეთ და სურვილი ისე ჩაიფიქრეთ. ფინანსური წარმატებისა და იღბლის მოსაზიდად სასურველია, ახალი წლის ღამეს ჯიბეში გედოთ ვეფხვის ფიგურა და ფენ-შუის მონეტები. ფეიერვერკების გასროლისას კი ჩაიფიქრეთ სურვილი და გაიმეორეთ ეს სურვილი იმდენჯერ, რამდენჯერაც თქვენი მაშხალა გაისვრის. სხვათა შორის, ფეიერვერკების ფერსაც მნიშვნელობა აქვს: წითელი სიყვარული და იღბალია, მწვანე – ბედნიერება და ჯანმრთელობა, ოქროსფერი – ფინანსური კეთილდღეობა, ლურჯი – კარიერა.

– ოთახის რომელ კუთხეში სჯობს განათებული ნაძვისხის დადგმა და რა ფერებში მოვკაზმოთ?

– ნაძვისხის დადგმა სახლის ნებისმიერ სექტორში შეგიძლიათ, იმდენად, რამდენადაც თვითონ ნაძვისხე არ წარმოადგენს, ეგრეთ წოდებულ, აქტივატორს. აი, გირლანდების განთავსება კი ყველგან არ შეიძლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ნებისმიერი კაშკაშა და მოციმციმე შუქი უძლიერესი აქტივატორია. თუ თქვენ გაგიმართლათ და სექტორი სასიკეთო აღმოჩნდა, შეგიძლიათ, თამამად დადგათ ნაძვისხე გირლანდებთან ერთად. თუ სექტორი აქტივაციისთვის არასასიკეთოა, მაშინ მხოლოდ ნაძვისხე დადგით და სანათები არ გაუკეთოთ. შეგიძლიათ, მორთოთ სათამაშოებით, ბაფთებით, ზანზალაკებით, მაგრამ არა გირლანდებით. გირლანდებსა და სანათებს ვანთებთ მხოლოდ სასიკეთო სექტორში, რათა ჩვენდა უნებურად არ მოვიზიდოთ გაუთვალისწინებელი და მძიმე პრობლემები. გირლანდებით მორთვა შეიძლება მხოლოდ შემდეგ სექტორებში: სამხრეთი – შეგიძლიათ გამოიყენოთ წითელი ფერის სათამაშოები და სანათები, რადგანაც სამხრეთი არის მზის, სიხარულის, ოპტიმიზმის სექტორი. ასევე, დაკიდეთ მწვანე, ყვითელი, ფორთოხლისფერი სათამაშოები, სანათები ამ მხარეს გაააქტიურებენ ფინანსური ენერგიის შემოდინებას. ასევე, ხელს შეუწყობს ცოდნის მარტივად ათვისებას, სწავლისთვის ინტერესის გაღვივებასა და ურთიერთობების დალაგებას. დასავლეთი – შეგიძლიათ, გამოიყენოთ თეთრი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ლურჯი სათამაშოები და სანათები. ეს დაგეხმარებათ ყურადღების კონცენტრირებაში, დაწყებული პროექტების იღბლიან დასრულებაში, კარიერული წინსვლის პერსპექტივაში, შემოსავლების გაზრდაში და ცოდნის მარტივად ათვისებაში. სამხრეთ-დასავლეთი – ოქროსფერი და ყვითელი, ეს არის ძირითადი ფერები. მაგრამ, შეგიძლიათ დაამატოთ წითელი, ფორთოხლისფერი, თეთრი და ვერცხლისფერი. ამ სექტორში განთავსებული სანათები დაგეხმარებათ ცოდნის ათვისებაში, პიროვნულ განვითარებაში, ასევე, ცოდნიდან მიღებული ფინანსების მოზიდვაში. მაგრამ ამ ენერგიას, ასევე, შეუძლია გამოიწვიოს კონფლიქტები. ამიტომ, დაუფიქრდით სიტყვებს და გააკონტროლეთ ემოციები, გამონახეთ კომპრომისები და მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ აღმოსავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩრდილო-დასავლეთითა და ჩრდილოეთით.

ფინანსური ენერგიის გასახურებლად და გასააქტიურებლად კარგია სანთლით აქტივაცია ახალი წლის დღეებში. სანთელი უნდა იყოს დიდი, არა აქვს მნიშვნელობა პარაფინის იქნება თუ საეკლესიო. მთავარია, იწვოდეს 2 საათის განმავლობაში. 20 დეკემბერს, 12:00-14:00, 15:00-17:00 ან 19:00-21:00 დროის შუალედში, დაანთეთ სანთელი თქვენი სახლის ან ოფისის სამხრეთ მხარეს. ეს განსაკუთრებით კარგია თხის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის. 23 დეკემბერს, 15:00-17:00, 17:00-19:00 ან 19:00-21:00 დროის შუალედში, დაანთეთ სანთელი თქვენი სახლის ან ოფისის ჩრდილო–დასავლეთ მხარეს. გაითვალისწინეთ, ამ დღეს არ უნდა დაანთოთ სანთელი ვირთხის წელიწადში დაბადებულმა ადამიანებმა. 30 დეკემბერს, 05:00-07:00, 07:00-09:00 ან 15:00-17:00 დროის შუალედში, დაანთეთ სანთელი თქვენი სახლის ან ოფისის სამხრეთ მხარეს. არ უნდა დაანთონ ტახის წელიწადში დაბადებულმა ადამიანებმა.

– ახალი წლის ღამეს მეკვლე გარდაუვალი ტრადიციაა, რომელსაც ოჯახში ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატება მოაქვს. ზოგი ამბობს, ზოგიც ამტკიცებს, რომ თუ გვსურს, მეკვლე ფეხბედნიერი იყოს, ის გულმოდგინედ უნდა შეარჩიოთ – არ უნდა იყოს უმუშევარი, კაცი სჯობს ქალსო და ასე შემდეგ. თქვენ რას იტყვით და წელს რა უნდა მოიტანოს ოჯახში მეკვლედ მოსულმა ადამიანმა?

– დიახ, ახალი წლის ღამეს, როგორც წესი, ყველა ოჯახს საკუთარი მეკვლე ჰყავს. მეკვლე უნდა იყოს წარმატებული, ჯანმრთელი და ავტორიტეტული პიროვნება. ზუსტად 12 საათზე მეკვლემ უნდა დააკაკუნოს სახლის კარზე ხუთჯერ და მხოლოდ ამის მერე, უნდა გააღოთ კარი. მეკვლემ ლანგრით უნდა მოიტანოს ტკბილეული, პიტნის ფოთლები, ხილი: 3 მანდარინი, 3 კივი, 3 ფორთოხალი და 1 ბანანი. უნდა მიართვას ეს ხილი ოჯახის წევრებს და ყველამ უნდა დააგემოვნოს. მისი გადაყრა არ შეიძლება. პიტნის ფოთლები, უნდა დაიწყოს ნაძვისხის ტოტებზე და ოჯახის ყველა წევრს უნდა აჩუქოს მეკვლემ 1-ლარიანი, 3 მონეტა ან 5-ლარიანი კუპიურა. ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ის უნდა მოათავსოთ საფულეში, რათა უზრუნველყოთ ფინანსების შემოდინება. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მეკვლემ ახალი წლის ღამეს ვეფხვის ფიგურა უნდა დადგას ოჯახის უფროსის, ანუ „შემომტანი“ მამაკაცის ხელმარჯვნივ, ხარის ფიგურა კი – ჩრდილო-აღმოსავლეთით. თუ არ გყავთ ასეთი მამაკაცი, მაშინ მეკვლემ ვეფხვის ფიგურა უნდა დადგას მაგიდის ჩრდილო-აღმოსავლეთით და ხარის ფიგურა კი – ვეფხვის ფიგურის ხელმარჯვნივ. წლის მთავარი თილისმა გახლავთ ტახის სიმბოლო. ამიტომ, მეკვლემ ის ვეფხვის ფიგურის მარცხენა მხარეს უნდა დადგას და მას მწვანე ლენტით გადააბას.

✅აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას წინასწარმეტყველებით? - დაუჯერებელი დამთხვევები და ფაქტები

🔵„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები

🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე

წყარო: tbiliselebi.ge