ეგვიპტეში ქალები სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით დუმილს არღვევენ. როგორც BBC წერს, ისინი სულ უფრო ხშირად საუბრობენ მეუღლის მიერ გაუპატიურების შესახებ, რაც, ამ დრომდე, ეგვიპტეში ტაბუდადებულ თემად რჩებოდა.
„მენსტრუაცია მქონდა, არ ვიყავი მზად იმ ღამეს სექსისთვის. ჩემმა ქმარმა იფიქრა, რომ მე მასთან ინტიმურ ურთიერთობას თავს ვარიდებდი, მცემა, ბორკილები დამადო და გამაუპატიურა", - ამბობს საფა.
ძალადობის მიუხედავად, საფამ ქმარს პოლიციაში არ უჩივლა, რადგან საზოგადოებაში ეს სტიგმად მიიჩნევა. ეგვიპტეში მსხვერპლის დადანაშაულება ძალიან ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მსხვერპლი ქალია.
ქალებს შორის, რომლებიც ძალადობაზე საუბრობენ, 27 წლის სანაც არის.
„ის ანგელოზი იყო. ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ კი, როდესაც მე ორსულად ვიყავი და უკვე მალე უნდა მემშობიარა, უბრალო რამეზე ვიკამათეთ და გადაწყვიტა, დავესაჯე. მან გამაუპატიურა, ბავშვი მუცელში მომიკლა", - წერს სანა.
ქალმა განქორწინებისთვის ბრძოლა წამოიწყო და საბოლოოდ მიზანს მიაღწია, თუმცა შვილის გარდაცვალებას ამ დრომდე გლოვობს.
ყველაზე ბოლოს, 2015 წელს ჩატარებულ კვლევაში, რომელიც სახელისუფლებო ორგანიზაცია, „ეროვნული საბჭო ქალებისთვის" ჩაატარა, აღნიშნულია, რომ ყოველ წელს 6500-ზე მეტ ქალს აუპატიურებენ ქმრები, მათზე ძალადობენ და ავიწროებენ.
🛑ასევე დაგაინტერესებთ:
რამდენი უძილო ღამეა საკმარისი, რომ ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა შეირყეს
წყარო: rustavi2.ge