Digest Logo

როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს ხმების გადათვლაზე და ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვაზე, ეს ნიშნავს, რომ მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის - მდინარაძე

1605368669
უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე

„როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს ხმების გადათვლაზე, უარს ამბობს იმ დღის წესრიგში შემოსვლაზე, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მათ სთავაზობენ ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვას, რომელიც, პრაქტიკულად, ყველა უბანზე იყო, გაშიფვრას და ანალიზს, ხმების გადათვლას და როდესაც ასეთ საკითხებზე უარი გხვდება და კვლავ რადიკალური მოთხოვნები ისმის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ინტერესია, მხოლოდ, ზოგადი პოლიტიკური მესიჯებით ფონს გასვლა და რაღაც შედეგის მიღება და დასძინა, რომ პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნა გულისხმობს იმას, რომ სანამ ოპოზიცია არ გაიმარჯვებს, მანამ ყველა არჩევნები გამოცხადდეს გაყალბებულად, რაც ბუნებრივია, კომპრომისამდე, კონსენსუსამდე ვერ მიიყვანს მხარეებს.

„თუკი, მათი მხრიდან იქნება ოდნავ რაციონალური წინადადება, ჩვენი მზაობა მოლაპარაკებისთვის ყოველთვის არის და კარი ღიაა. მაგრამ, როდესაც მოთხოვნა ისეთია, რომელსაც იურიდიული, ფაქტობრივი, რეალური, რელევანტური საფუძვლები არ აქვს და მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი მოთხოვნით შემოიფარგლება, რაც მოცემულობიდან არ გამომდინარეობს და გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებიდან, ბუნებრივია, ეს მოთხოვნა აღსრულებას, შესრულებას, კომპრომისთან მისვლასა და პოზიციების დაახლოებას ვერ მოემსახურება,“- აღნიშნა მდინარაძემ.