საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კვირიკაშვილი სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, როგორც მსჯავრდებულს და როგორც პატიმარს ისე აფასებს.
ყოფილი პრემიერი კიედვ ერთხელ ხაზს უსვამს სააკაშვილს რთულ პოლიტიკურ მემკვიდრეობას და მის მიერ დაშვებულ შეცდომებსა. ამასთან ხაზგასმით აცხადებს რომ საქართველოს ომი რუსეთთან არც 2008 წელს დაუწყია და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაზე არა თუ ნაციონალური მოძრაობა ან მიხეილ სააკაშვილია პასუხისმგებელი, არამედ რუსეთი და პუტინის ხელისუფლება.
ამავე პოსტში გიორგი კვირიკაშვილი წერს რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით, რომელიც მოთხოვნილია მისი მკურნალი ექიმების მიერ.
„პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის, მასში აღმართებს (რომლებიც უდავოდ იყო) ბევრად ჭარბობს დაღმართები, რომელთა შორის ყველაზე, ყველაზე მძიმე მაინც გახლავთ ის, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ვერ ააცილა ქვეყანას რუსული ოკუპაცია. შედეგი, რაც დატოვა მიხეილ სააკაშვილმა, გახლავთ მისი წინამორბედის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების უდიდესი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად საქართველოდან გაყვანილი რუსული ჯარის დაბრუნება ჩვენს მიწაზე. საქართველოს არ დაუწყია ომი რუსეთთან, რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია იმ უბედურებაზე, რაც დაატრიალა და რასაც აგრძელებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ხელისუფალი, ყოველთვის უნდა ფასდებოდეს შედეგით, და ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც მან დატოვა, არათუ ქვეყნის მართვის, არამედ პოლიტიკაში ყოფნის მორალურ უფლებასაც კი არ უნდა უტოვებდეს მას და მის მიმდევრებს, აღარაფერს ვიტყვი „ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლობის“ აშკარად არაჯანსაღ ამბიციაზე.
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი: კანონის წინაშე ყველა თანაბარია, სისხლის სამართლებრივი ბრალები, რომელთა შედეგადაც გამოტანილია განაჩენები, დადასტურებულია არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების (რომლის მიმართაც მეც პირადად არაერთხელ გამომითქვამს პრეტენზია ჯერ კიდევ პრემიერობისას, როდესაც მძიმე წარსულის მქონე მოსამართლეები უვადოდ გაამწესეს, და ეს პროცესი დღესაც გაუგონარი სიჯიუტით გრძელდება), არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერაც. გამოძიების პროცესის და შინაარსის შეფასებაში ჩართული იყვნენ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე პროკურორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან. ამიტომაც ყოველგვარი საუბრები მის უდანაშაულობაზე რეალურ საფუძველს მოკლებულია.
პატიმარი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი: ვფიქრობ, პატიმარ სააკაშვილის ღირსების შემლახველი ვიდეო კადრების მოხვედრა ღია საეთერო სივრცეში და განსაკუთრებით რუსულ ტელეარხებზე ატეხილი ხორხოცი არის თითოეული ქართველის შეურაცხყოფა და დამაზიანებელია ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც, ისევე როგორც პატიმრობაში მყოფ ადამიანზე (როგორც არ უნდა იქცეოდეს ის) სარკასტული ქილიკი არ არის თავსებადი ქართულ და ზოგადად კავკასიურ ადათ-წესებთან. ასევე, ვფიქრობ, რომ პატიმარი სააკაშვილი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით, რომელიც მოთხოვნილია მისი მკურნალი ექიმების მიერ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართული ოცნების ხელისუფლების და შემდგომ ქვეყნის ღირსების საკითხია, ვინაიდან, როგორადაც არ უნდა ვაფასებდეთ მიხეილ სააკაშვილს პირადად და მის პოლიტიკურ მემკვიდრეობას, ის მაინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის დღემდე შიმშილობს. პარალელურად შიმშილობენ სააკაშვილი მომხრეები და მოითხოვენ მის გადაყვანას, ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან, მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში სადაც ყოფილ პრეზიდენტს სრულფასოვან გამოკვლევებს ჩაუტარებენ და სააკაშვილის სიცოცხლე დაცული იქნება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ნინო ჩხეიძე რუსეთში იმღერებს - მომღერალი უკვე მოსკოვშია
🔵ჩაიშლება მნიშვნელოვანი გარიგებები და მოლაპარაკებები - 15 ნოემბრის დეტალური პროგნოზი