ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია დაავადებაა, რომელიც ადამიანის სხეულზე ჭინჭარის ნასუსხის მაგვარ გამონაყარს იწვევს და ახასიათებს შემაწუხებელი ქავილი. ის ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში შესაძლოა განვითარდეს, როგორც ბავშვებში ასევე მოზრდილებში.
ამ დაავადების მაპროვოცირებელ ფაქტორებთან, მკურნალობისა და მართვის გზებთან დაკავშირებით, დაიჯესტი დაუკავშირდა ექიმ-ალერგოლოგ, მედიცინის დოქტორ ნინო ლომიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ჭინჭრის ციების დამარცხება და კარგად მართვა შესაძლებელია.
მისი თქმით, დაავადება ალერგოლოგებისთვის იოლი ამოსაცნობია, რადგან ის ვიზუალურად ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს და მაქსიმუმ 24 საათში თავისით ან ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებით უკვალოდ ქრება, ხოლო შემდეგ შესაძლებელია ისევ გაჩნდეს. მას შესაძლებელია ჰქონდეს, როგორც მსუბუქი ისე მძიმე მიმდინარეობა. ჭინჭრის ციების მქონე პაციენტების დაახლოებით 40% აღენიშნება შეშუპება, მას ანგიოედემას, ანუ „კვინკეს შეშუპებას“ უწოდებენ, ვლინდება ტუჩის, ქუთუთოების, სახის, კიდურების შეშუპებით - ამბობს ალერგოლოგი ნინო ლომიძე.
რამდენგვარი ჭინჭრის ციება არსებობს?
ჭინჭრის ციება შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობის.
მწვავე ფორმის - ხანგრძლივობა 6 კვირას არ აღემატება. ის მსოფლიო პოპულაციის 20%-ს აღენიშნება. მწვავე ჭინჭრის ციების გამომწვევი ფაქტორი შესაძლებელია იყოს საკვები, როგორიცაა რძე, კვერცხი, ხორბალი, თევზი, თხილეული, ასევე ემულგატორებითა და დანამატებით გაჯერებული საკვები. ასევე მედიკამენტები (ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატები ა.შ), მწერის ნაკბენი, ვირუსული და ბაქტერიული ინფეციები.
ქრონიკული ჭინჭრის ციების - ხანგრძლივობა 6 კვირაზე მეტია, ის შესაძლებელია წლების მანძილზეც გაგრძელდეს. მისი გამომწვევი მიზეზის პოვნა უფრო რთულია. აღენიშნება მსოფლიო მოსახლეობის 1 %-ს და ამ პაციენტთა 30 %-ში გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ქრონიკული ჭინჭრის ციების დროს ექიმმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პაციენტის თანარსებული დაავადებები, როგორიცაა აუტოიმუნური დაავადებები, ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები, ჰელიკობაქტერ პილორისთან ასოცირებული გასტრიტი, ტკივილ გამაუჩებელი პრეპარატების ხშირი გამოყენება და ა.შ.
ქრონიკული ურტიკარიის მაპროვოცირებელი შესაძლებელია იყოს ფიზიკური ფაქტორები, როგორიცაა მზე, სიცივე, ფიზიკური დატვირთვა, წყალი და ა.შ, ამ ფორმის ჭინჭრის ციებას ინდუციბელურს უწოდებენ.
რა ამწვავებს ჭინჭრის ციებას?
ჭინჭრის ციებას ამწვავებს სტრესი, ფიზიკური დატვირთვა, ინფექციები, ჰისტამინით მდიდარი საკვები: როგორიცაა ალკოჰოლი, ყავა, კენკროვანი ხილი (მარწყვი, ჟოლო), პომიდორი, შებოლილი და კონსერვირებული საკვები, განსაკუთრებით სადაც ასპირინია დამატებული, ცხარე და ემულგატორებით მდიდარი საკვები.
როგორ ვიმკურნალოთ და ვმართოთ ჭინჭრის ციება?
ურტიკარიის მკურნალობა და მართვა ხორციელდება ახალი თაობის ანტიალერგიული პრეპარატით, რომლის დოზირებასა და ხანგრძლივობას ინდივიდუალურად საზღვრავს ალერგოლოგი, მწვავე ჭინჭრის ციება შედარებით იოლად ემორჩილება მკურნალობას და როგორც წესი გადის 1-3 კვირამდე. ის შესაძლებელია აღარასდროს განმეორდეს.
შედარებით რთულია ქრონიკული ურტიკარიის მართვა, რადგან ზოგ შემთხვევაში ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამეტების გარდა საჭიროა უფრო ძლიერი პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა სტეროიდების ხანმოკლე კურსი, ბიოლოგიური პრეპარატები (ომალიზუმაბი), იმუნოსუპრესანტები და ა.შ.
1 ოქტომბერს ჭინჭრის ციების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, რას ურჩევდით ქრონიკული ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებს?
„ვურჩევდი, რომ არ დაკარგონ იმედი, არ მიმართონ თვითმკურნალობას და დროულად მივიდნენ ექიმთან. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დანიშნულებით მივაღწიოთ სიმპტომებზე სრულ კონტროლს, რაც ხშირ შემთხვევაში გულისხმობს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივ მიღებას.
მინდა დავაწყნარო ქრონიკული ჭინჭრის ციების მქონე პაციენტები, რადგან პაციენტთა 50-60%-ში ქრონიკული ფორმაც 6-12 თვის მანძილზე გადის და მხოლოდ მცირე ნაწილს უგრძელდება წელიწადზე მეტი ხანი. თანამედროვე მედიცინა კი გვაძლევს დიდ შესაძლებლობებს, რომ ახალი პრეპარატებით ჭინჭრის ციება იყოს ეფექტურად მართული და ხშირ შემთხვევაში დაძლეული.“- ამბობს „დაიჯესტთან“ საუბრისას ექიმი.