ბავშვის რთული ქცევის გამომწვევ მიზეზებზე ფსიქოლოგი ნინო ბუაძე საუბრობს. ბუაძე ბავშვის ფიზიკური დასჯის ნეგატიურ ასპექტებს გამოყოფს და აცხადებს, რომ მოზარდი დასჯით ვერაფერს სწავლობს.
უფრო მეტიც ფსიქოლოგო ამბობს, რომ აგრესია არსად იკარგება, ის ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის.
„როგორც წესი, რთულ ქცევას დასჯა მოჰყვება ხოლმე. რატომ არ უნდა დავსაჯოთ ბავშვი? რატომ არ ვცემთ ან წამოვარტყამთ ხოლმე ბავშვს? რატომ უნდა წამოვარტყა ბავშვს, როდესაც ცუდი სიტყვა მითხრა, ან თქვა სადღაც ისეთ გარემოში, სადაც მე შემრცხვა? შეიგინა, წამოვარტყი და ის იგივენაირად აღარ მოიქცევა, მაგრამ რატომ არ ვაკეთებ ამას? ის დაისწავლის ამ ქცევას და მის მიმართ ცუდ ქცევაზე მსგავსი პასუხი ექნება. როდესაც ბავშვს ვსჯი, წამოვარტყამ, მას ვაგრძნობინებ ჩემს უპირატესობას, ვამცირებ, მასში აგრესიას ვბადებ და მას სურვილი აქვს, როდესღაც სამაგიერო გადამიხადოს. ის ქცევაზე კი არ ფიქრობს, თუ რა დააშავა, იმ აგრესიაზეა ორიენტირებული, რომელიც მასში დაგროვდა. ავტორიტარული სტილის მშობლები ხშირ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ ცემა გამართლებულია. ისინი ხშირად ამბობენ: „მართალი იყო დედა, რომ მცემდა და ისე მატარებდა მუსიკაზე, სხვანაირად ვერ ვისწავლიდი მუსიკას, ამიტომ მეც ასე უნდა მოვიქცე.“ ბავშვს ამ დროს ძალიან ბევრი აგრესია უგროვდება და მისგან გათავისუფლებას ცდილობს. აგრესიის ცნობილი ფოტო არსებობს, ხელმძღვანელი რომ ქვეშემრდომს ეჩხუბება, მეუღლე ბავშვს, ბავშვი ძაღლს. აგრესია არსად იკარგება, ის ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის. ბავშვი ვერ იგებს, რა უნდა გააკეთოს. მან არ იცის, თუ არ შეიგინა, რა უნდა ქნას ამ დროს. ცემა და გამოხატული აგრესია იმ მომენტში მყისიერად შეწყვეტილი რთული ქცევაა და არა ის, რომ ბავშვმა ისწავლოს ალტერნატივა. ბავშვმა რომ მიუღებელი ქცევა განახორციელა, მშობელმა თუ არ იმსჯელა მასთან ერთად ამაზე, თუ მან ბავშვს არ მიაწოდა ქმედების სწორი ფორმა, ის ვერაფერს ისწავლის, გარდა იმისა, რომ მიიღებს შიშს. ერთადერთი რასაც ბავშვი სწავლობს არის ის, რომ როდესაც მას ვინმე ცუდად მოექცევა, მანაც უნდა დაარტყას,“ - აღნიშნავს ნინო ბუაძე.