რძალ-დედამთლის თანაცხოვრება უკვე წლებია საქართველოში დავის საგანია. უმრავლესობა თანხმდება, რომ მუდმივი ოჯახური კონფლიქტების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ცოლ-ქმრის დამოუკიდებლად ცხოვრებაა, თუმცა ზოგჯერ მისი განხორციელება ფინანსური თუ სხვა, მაგალითად მენტალიტეტის გამო შეუძლებელი ხდება, ამიტომ რძალ-დედამთილს ერთად ცხოვრება უწევს.
„დაიჯესტი“ გთავაზობთ 6 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ იცხოვროთ დედამთილთან ისე, რომ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება არ იყოს კონფლიქტებით სავსე, მაშ ასე;
1. არასოდეს ეკამათოთ თქვენს მეუღლეს დედამისის თანდასწრებით. გახსოვდეთ, დედებს საკუთარი შვილები ყველაზე მეტად უყვართ და აღიზიანებთ, როდესაც მის შვილს ეჩხუბებიან. თუ გამოუვალი სიტუაციაა, ეცადეთ რჩევის სახით მისცეთ შენიშვნა.
2. უტაქტო და ზედმეტი ემოციით წამოსროლილმა სიტყვებმა შეიძლება თქვენს ურთიერთობაში გამოუსწორებელი ბზარი შეიტანოს, ასაკოვანი ადამიანები ემოციურები არიან, ამიტომ დედამთილთან აკონტროლეთ თქვენი სიტყვები.
3. როდესაც ხელფასის დღე გექნებათ, ეცადეთ აჩუქოთ მცირედი საჩუქარი, რომელიც იცით, რომ მას უყვარს და სჭირდება, ამით მის გულს უფრო მოიგებთ.
4. თუ თქვენი დედამთილი მუშაობს და სამსახურიდან დაღლილი მოდის, სახლი ეცადეთ სუფთად დაახვედროთ, ასევე გქონდეთ მზად ვახშამი ან ეცადეთ, სახლში არ დახვდეთ.
5. თქვენი ოთახი და პირადი ნივთები ყოველთვის მოწესრიგებული გქონდეთ. გახსოვდეთ, ეს თქვენს იმიჯზე მოქმედებს და ყველა დედამთილს სურს მისი რძალი იყოს მოწესრიგებული.
6. თუკი დედამთილმა საჩუქარი მოგიტანათ, მაგრამ თქვენ გემოვნებაში არ ჯდება ან გქონდათ უკვე ეს ნივთი, არ აგრძნობინოთ ეს დედამთილს, რადგან ის დაკარგავს მოტივაციას გიყიდოთ შემდეგზე საჩუქარი. გაუღიმეთ და გადაუხადეთ მადლობა.