ორი ბიძაშვილი, 24 წლის ემა და 25 წლის მზია მანგოშვილები 300 ლარამდე ღირებული მობილური ტელეფონის გამო გაასამართლეს. ბიძაშვილები განაჩენს ტირილით შეხვდნენ. ძარცვის მუხლით გასამართლებულ გოგონებს არცთუ მცირე – ერთს 5, მეორეს კი 4 წლით პატიმრობა ერგოთ. არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ მათგან ერთ-ერთის ძმაც პატიმარია, მაგრამ, დისგან განსხვავებით, ის სასჯელს სხეულის მსუბუქი დაზიანებისთვის იხდის.
თბილისში 34 წლის მეძავ ქალს თავი მოაჭრეს
გოგონების ისტორია ძალიან ტრაგიკულია, იმდენად გულის ამაჩუყებელი, რომ ყველაზე გულქვა ადამიანსაც კი ააღელვებს. საგულისხმოა, რომ ბიძაშვილები ერთად, ერთ სახლში, დებივით გაიზარდნენ. უფრო ზუსტად, მზია და მისი ძმა (რომელიც სასჯელს იხდის) 24 წლის ემა მანგოშვილის მშობლებმა გაზარდეს, რადგან მზიას მშობლები ადრე გარდაიცვალნენ. მალე ემას მამაც გარდაიცვალა და სამი ბავშვის პატრონობა ემას დედამ, უკიდურესად გაჭირვებულმა, ლამარა მანგოშვილმა ითავა.
ერთი სიტყვით, მანგოშვილების ტრაგიკულ საქმეს ანალოგი არ მოეძებნება, რადგან თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომ გაჭირვებული ოჯახიდან სამართალდამცველებს სამი ადამიანი დაეპატიმრებინოს (ყოველ შემთხვევაში, ადრე სამართალდამცველები ამას ძალიან ერიდებოდნენ), მით უმეტეს, მათგან არც ერთს არავინ მოუკლავს.
საქმის მასალების თანახმად, ციხეში მყოფი ბიძაშვილებიდან ერთს – 4, მეორეს – 6, მესამეს კი 8 კლასის განათლება აქვს. თუმცა, როგორც მოწმეები ამბობენ, „ბავშვები პატარაობიდანვე ძალიან ყოჩაღები იყვნენ“ – მარტო ბიჭი კი არა, გათენებული არ იყო, გოგონებს ბოსტანი გათოხნილი ჰქონდათ. მაგრამ, მოწმეთა თქმით, ემას თავს საშინელება დაატყდა. ისინი დაუჯერებელ, უცნაურ ისტორიებს ჰყვებიან. სწორედ ამიტომ, ბიძაშვილების ნამდვილ ვინაობასა და სოფელს, სადაც ისინი გაიზარდნენ შეგნებულად არ ვასახელებთ. ინტიმური დეტალების განხილვისას სასამართლო პროცესი დროდადრო დახურული იყო.
გაუპატიურებული გოგონას ისტორია
24 წლის ემა მანგოშვილს, რომელსაც 5 წლით პატიმრობა მიესაჯა 15 წლის ასაკში საშინელება დაატყდა – გოგონა მეზობელმა გააუპატიურა, მაგრამ ფულითა და გაქნილი ადვოკატის წყალობით, მოძალადემ ციხეს თავი დააღწია.
ერთ-ერთი ახლო ნათესავის ჩვენებიდან: „მაშინ ემა 15 წლის იყო. ოჯახს ძალიან უჭირდა. ამიტომ, ინდაურები იყიდეს, ამრავლებდნენ, საახალწლოდ ყიდდნენ და ამით ირჩენდნენ თავს. ერთ დღეს ემას დედამისმა ბაზარში ინდაურები გაატანა გასაყიდად. გზად თანასოფლელი კაცი შეხვდა და უთხრა ბაზარში არ წაიღო, ჩემს რძალს უნდა და ის იყიდისო. ამიტომ, ემამ ინდაურები იმ ოჯახში მიიყვანა და მთელი დღე მათთან დარჩა, რადგან შეძლებულ ოჯახს სახლიც ჰქონდა დასალაგებელი და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ გოგონას დაალაგებინეს. ოჯახში 18 წლის ბიჭი ჰყავდათ, რომელსაც დედა გაეხუმრა – ეს ყოჩაღი გოგო კარგი სარძლოაო. საღამოს კი, როდესაც ემა სახლისკენ წამოვიდა, დედის მიერ შეგულიანებული ბიჭი ბავშვს უკან მანქანით დაედევნა და გასეირნება შესთავაზა. ემას ძალიან გაუხარდა და გაჰყვა, მაგრამ ბიჭმა ტყეში წაიყვანა და გააუპატიურა. რამდენიმე დღის განმავლობაში ემა სახლში აღარ მისულა. სად არ ეძებდნენ ოჯახის წევრები, მაგრამ ვერ პოულობდნენ. ბოლოს ის თბილისში, ვაგზლის ტერიტორიაზე იპოვეს და შინ წაიყვანეს“.
როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც ემას მშობლებმა მომხდარის შესახებ გაიგეს, მოძალადის ოჯახში წავიდნენ და ბიჭს აიძულებდნენ, გოგო ცოლად მოეყვანა, მაგრამ ბიჭის ოჯახმა ღარიბი გოგო რძლად არ ინდომა. მანგოშვილები ეხვეწებოდნენ, ცოტა ხნით მაინც ყოფილიყო ემა მათი რძალი რომ ქმარნაყოლის სახელი ჰქონოდა, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ამიტომ, მანგოშვილებმა პოლიციაში იჩივლეს, მაგრამ ბიჭის ოჯახმა საქმე ისე გააყალბა, რომ სასამართლომ მოძალადე გაამართლა.
მას შემდეგ, რაც ემას ოჯახმა საჩივარი შეიტანა, მოძალადე გაუპატიურების მუხლით დააპატიმრეს. როგორც კანონი მოითხოვს, გაუპატიურების დასადგენად გამოძიებამ 15 წლის ემა მანგოშვილს ექსპერტიზა ჩაუტარა. გოგონა გაუპატიურებული აღმოჩნდა, მაგრამ ბიჭის ოჯახი უარყოფდა, რომ ეს მათმა შვილმა ჩაიდინა – ჩვენგან რომ წავიდა, ვაგზალზე დახეტიალობდა და, ვის შეხვდა, ინტიმური კავშირი ვისთან ჰქონდა, თვითონ ეცოდინებაო, – აცხადებდნენ ისინი და ირწმუნებოდნენ, რომ იმ მომენტში მათ შვილს ამ მხრივ პრობლემები ჰქონდა, ანუ ქალთან ურთიერთობა არ შეეძლო, რადგან ცოტა ხნით ადრე თიაქრის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. ალიბის მიუხედავად, ეჭვმიტანილი მაინც დააკავეს, მაგრამ მისმა ოჯახმა და ადვოკატმა სამთვიანი დაპატიმრების საკითხი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს (იმ პერიოდისთვის წინასწარი პატიმრობა სამთვიანი იყო).
მოკლედ, ვინაიდან ოჯახი ბიჭის უძლურებაზე აკეთებდა აქცენტს, საჭირო გახდა, ექსპერტიზა ბიჭსაც ჩასტარებოდა. ეს მოთხოვნა პროცესზე თავად პროკურორმა დააყენა და დაკმაყოფილდა კიდეც, მაგრამ ბოლოს ისე წავიდა საქმე, რომ მოძალადის ადვოკატთან ერთად, დაკავებულის გათავისუფლება თავად პროკურორმაც მოითხოვა, რაზედაც სასამართლოც დათანხმდა, რატომ: ექსპერტიზით დადგინდა, რომ დაკავებულს სქესობრივი აქტი არათუ შეეძლო, ცოტა ხნით ადრე ასეთი კავშირი ჰქონდა კიდეც, მაგრამ, მისმა ადვოკატმა გენიალური ვერსია შეთხზა და სწორედ ეს გახდა დაკავებულის გათავისუფლების საფუძველი: ადვოკატმა სასამართლო დაარწმუნა, რომ ბიჭს ინტიმური კავშირი მართლაც ჰქონდა, მაგრამ არა ქალთან, არამედ ცხვართან. სასამართლომაც გაიზიარა მისი ვერსია, მით უმეტეს, პროკურორმაც მხარი დაუჭირა და ბიჭი დარბაზიდან გაათავისუფლეს.
როგორც განსასჯელის დედამ განაცხადა, უპატრონობის გამო დაჩაგრეს. ამიტომ, სხვა გზა აღარ დარჩა და მხოლოდ ის მოიმოქმედა, რომ პროკურორი და მოსამართლე დაწყევლა და არცთუ უსაფუძვლოდ. ლამარა მანგოშვილის თქმით, პროკურორსა და მოსამართლეს მისმა წყევლამ უწია და ამ საქმიდან ძალიან მალე ორივე გარდაიცვალა... (საუბარია 9 წლის წინანდელ საქმეზე, რადგან ამჟამად ტელეფონისთვის დაკავებული განსასჯელი ემა მანგოშვილი 24 წლისაა).
მიუხედავად ასეთი ტრაგედიისა, 20 წლის ასაკში ემა მანგოშვილი სხვა სოფლის ბიჭს მოეწონა და ცოლად შეირთო. ქმარს ემა უყვარდა, გოგონაც შეეძინათ, მაგრამ დედამთილმა შემთხვევით გაიგო რომ მისი რძალი 15 წლის ასაკში თანასოფლელმა შეაცდინა და რძალი სახლიდან გამოაგდო. ემა შინ დაბრუნდა, მაგრამ, რამდენიმე თვის შემდეგ შვილი დედასა და ბიძაშვილს დაუტოვა და ისევ ვაგზალზე წავიდა, სადაც მეძავობა დაიწყო. მშობლებმა შვილი სახლში რამდენჯერმე დააბრუნეს, თურმე აბამდნენ და თმას პარსავდნენ, რომ გარეთ ვერ გასულიყო, მაგრამ, არაფერმა გაჭრა – გოგონა ვაგზალს დაუბრუნდა...
რატომ დააკავეს ბიძაშვილები
ემა მანგოშვილი, რომელიც ვაგზალზე „მუშაობდა“, ფაქტობრივად, იქვე ცხოვრობდა, მისი 3 წლის შვილს, როგორც აღვნიშნეთ, დედამისი და მისი უმცროსი ბიძაშვილი – მზია ზრდიდნენ. ოჯახის წევრები ემას გამო ძალიან ნერვიულობდნენ. ამასთან, ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა უნდოდათ, მაგრამ ტანსაცმლის არქონის გამო ვერ მიჰყავდათ.
იანვრის ბოლოს ძალიან აცივდა, ოჯახს კი შეშა არ ჰქონდა. ამიტომ, ემას დედამ ბავშვი მაინც შეიყვანა საბავშვო ბაღში, რადგან, პატარას არა მხოლოდ სითბო, საჭმელიც აკლდა და ქალს ეშინოდა, რამე ავადმყოფობა არ შეჰყროდა. თუმცა, იმ მიზეზით, რომ ბავშვს ტანსაცმელი არ ჰქონდა, ლამარა მანგოშვილმა თავის გაზრდილ მაზლიშვილს, მზიას, სთხოვა, თბილისში წასულიყო, ვაგზალზე ემა მოეძებნა და ცოტა ფული გამოერთმია, რომ ბავშვის ბაღში სატარებლად ერთი ხელი ტანსაცმელი ეყიდათ. ვინაიდან მათ თბილისში გასამგზავრებელი თანხაც კი არ ჰქონდათ, ლამარა მანგოშვილმა მეზობლისგან ნისიად იყიდა კვერცხების სოლიდური რაოდენობა და მზიას თბილისში გაატანა. თანაც, ვარაუდობდა, რომ თუ ემა ფულს ვერ მისცემდა, ნავაჭრით ბავშვის პრობლემებს მაინც მოაგვარებდა.
მზია მანგოშვილი თბილისში ჩამოვიდა და, მას შემდეგ, რაც კვერცხების ნახევარი გაყიდა ბიძაშვილის მოსაძებნად წავიდა, რომელსაც კითხვა-კითხვით ძლივს მიაგნო. მისი ჩვენების თანახმად, მან ემა მანგოშვილს ჯერ სახლში დაბრუნება ურჩია, შემდეგ კი უთხრა, რომ ოჯახს რაღაც თანხით მაინც დახმარებოდა. აღმოჩნდა, რომ ფული არც ემა მანგოშვილს ჰქონდა.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, განსასჯელი მზია მანგოშვილი ბიძაშვილთან ფულის სათხოვნელად მივიდა, მაგრამ უარი მიიღო. თუმცა, ემამ უთხრა, ცოტა ხანს მოეცადა და თვითონ ცოტა ხნით სადღაც წავიდა, უკან დაბრუნებულმა კი მზიას ტელეფონი მისცა – გაყიდეთ და ფული ბავშვს მოახმარეთო. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ემა მანგოშვილმა ტელეფონი მეგობარს მოჰპარა და ამის გამო ორივე ბიძაშვილი ადგილზე დააპატიმრეს...
სასამართლოზე თავი დამნაშავედ არც ერთმა ბიძაშვილმა არ ცნო, ემა მანგოშვილი აცხადებდა, რომ, მართალია, მეგობარს ტელეფონი გამოართვა და ბიძაშვილს აჩუქა, მაგრამ ასე იმიტომ მოიქცა, რომ შვილი შეეცოდა, მობილურის საფასურის გადახდას კი მოკლე დროში აპირებდა. რაც შეეხება განსასჯელ მზია მანგოშვილს, მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ემამ ტელეფონი მისცა, ძალიან გაუხარდა და მაშინვე სოფელში დარეკვა გადაწყვიტა, რათა ემას დედისთვის გადაეცათ, რომ ფული იშოვა. მაგრამ, ნომრის არაერთხელ აკრეფის მიუხედავად, ხაზზე ვერ გავიდა. ამ მომენტში კი ემასთან მისი მეგობარი, ასევე მეძავი გოგონა მივიდა და ემას თავისი ტელეფონი მოსთხოვა, ემამ კი იცრუა, რომ ტელეფონი მას არ ჰქონდა. მისი თქმით, მეტი საუბარი მზიას არ მოუსმენია, რადგან მათგან რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო და სოფელში რეკავდა. ხოლო, ვიდრე გაერკვეოდა, რაში იყო საქმე, მობილურის პატრონმა მათთან პოლიცია მიიყვანა, რის გამოც ის და მისი ბიძაშვილი ტელეფონის ქურდობის ბრალდებით დააკავეს...
საგულისხმოა, რომ სასამართლოში ბიძაშვილებს ადვოკატიც კი არ ჰყოლიათ (თუ მძიმე მუხლით არ არის პატიმარი ბრალდებული, შესაძლებელია მას ადვოკატი არ ჰყავდეს). სასამართლომ კი მათი ბრალის დასამტკიცებლად სულ ორი მოწმე გამოიძახა – ტელეფონის პატრონი და პოლიციელი, რომელმაც სასამართლოს მოახსენა რომ ერთ-ერთმა პიროვნებამ ტელეფონის დაკარგვის თაობაზე მიმართა...
მოკლედ, დაზარალებულისა და ერთი მოწმის ჩვენებით, ბიძაშვილებს დანაშაული დაუმტკიცდათ და პროკურორმა ერთისთვის – 5, ხოლო მეორისთვის 4 წლით პატიმრობა მოითხოვა. მოსამართლემ კი, მოთხოვნილ ვადას ერთი წელიც არ ჩამოაკლო. მეტიც: გარდა სასჯელისა, ემა მანგოშვილს 2 000 ლარი ჯარიმა დააკისრა.
და ბოლოს, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ, ვიდრე საქმე სასამართლოში წავიდოდა, აღმკვეთი ღონისძიების განხილვისას, განსასჯელებს შესთავაზეს, რომ დანაშაულის აღიარებისა და 5-5 ათასი ლარი გირაოს საფასურად გაათავისუფლებდნენ. მაგრამ მანგოშვილებს პურის ფულიც კი არ ჰქონდათ, რის გამოც თანხა ვერ გადაიხადეს და გოგონები ციხეში დარჩნენ.
მასალა მომზადებულია „თბილისელებზე“ დაყრდნობით.