სოციალურ ქსელში გვერდი „დამიცავი • პატარა ვარ“ ანონიმურად ერთ-ერთი გოგოს ძალადობის ისტორიის შესახებ წერს.
ანონიმური წყაროს თქმით, გოგო ძალიან ლამაზი იყო და სოფელში ყველა მას ეტრფოდა...
„დღეს მინდა, ისეთ გოგოზე გიამბოთ ვისზეც იტყოდნენ, სოფელში ხმა დადიოდა, რომ დაიბადა, მზე გაჩერდა და გაიღიმაო.
ამ ადამიანს პირადად არ ვიცნობდი. მასზე მისმა ძმამ მიამბო ამ ზაფხულს, როცა სოფლად ვიყავი, ეს ისტორია კი 25 წლის წინ მოხდა.
ის 17 წლის იყო.
გოგონა, რომელზეც ამბავს ვწერ, ულამაზესი იყო, დედამ მასზე მითხრა, მისნაირ გოგოს სოფელში არასდროს უვლია და აღარც გაივლისო. ფოტოც ვნახე, უმშვენიერესი იყო. სათნო, განათებული სახე ჰქონდა. იგი იმ გოგონებს მიეკუთვნებოდა, ერთდროულად ლამაზები, ჭკვიანები და კარგი ადამიანები რომ არიან. მისი ძმა იხსენებდა, მასზე უამრავი ბიჭი გიჟდებოდა, მე კი ყველასთან ჩხუბი მიწევდა, რათა ის დამეცვაო.
მაგრამ...
მოიტაცეს. ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს. ახლა წარმოვიდგენ მის ანთებულ თვალებს, რომელიც შავ-თეთრ ფოტოზეც მკაფიოდ შესამჩნევია, როგორ ჩაუქრეს.
სახლში საშინლად ექცეონენ, ამცირებდნენ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. ფსიქოლოგიურ სტრესში ჰყავდათ. სცემდა ქმარი და ქმრის დედაც. ამის შესახებ მისმა ძმამ გვიან გაიგო. მაშინ როდესაც უკვე გვიანი იყო...
მას მუცელი მოეშალა. ამის შესახებ არ იცოდა და გარდაიცვალა.
ძმა როდესაც მასზე საუბრობდა, მის თვალებში დიდი ტკივილი ისახებოდა და ცრემლი სდიოდა.
მე 17 წლის ვარ. მიხარია ის, რომ აღარ იტაცებენ გოგონებს, მაგრამ ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენ მშვენიერ გოგოს ჩაუქრეს ციმციმა თვალები და ახლაც რამდენს უქრობენ და ეს გულს მიჩერებს...
მადლობა თქვენ გვერდს რომ არსებობს! მადლობა იმისთვის,რომ ადამიანებს აძლევთ საშუალებას, მოყვნენ თავიანთი ისტორიები. მადლობა კიდევ ერთხელ!“- წერს ანონიმური წყარო.