სოციალურ ქსელში თუ სადმე ჯოყოლას, აღაზას ან ზვიადაურს გადაეყრებით, რომლებიც ვაჟას ენით საუბრობენ, თუმცა ანიმაციური ფილმის გმირები არიან, იცოდეთ, რომ ისინი ანიმატორმა გიორგი გაგლოშვილმა გააცოცხლა. ის უკვე წლებია ქართულ პოეზიას აციფრულებს.
ლექსების ანიმაციად ქცევის შემდეგ, გიორგიმ გალაკტიონის ცხოვრების ბოლო ეპიზოდების ციფრულ სამყაროში გაცოცხლება სცადა. ამ პროექტზე ორი წელი იმუშავა და დღეს, გალაკტიონის დაბადების დღეს, გალაკტიონი კვლავ დაიბადა - ოღონდ ციფრულად და სულ რამდენიმე წუთით, თუმცა ემოცია, რომელიც ვიდეოს ახლავს თან, გალაკტიონის მოყვარულებს დიდხანს გაჰყვებათ.
Პირველად შევქმენი ნახატი, რომელზეც გალაკტიონის ცხოვრების ბოლო წუთები იყო ასახული. Სოციალურ ქსელში ამ ფოტომ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. Ამის შემდგომ დაიბადა იდეა, რომ უშუალოდ ანიმაციაში გამეცოცხლებინა გალაკტიონის ბოლო წუთები.
რა დრო დასჭირდა პროექტზე მუშაობას?
2 წლის წინ დავიწყე ამ ანიმაციაზე მუშაობა. შემდეგ სხვადასხვა საქმის გამო, დროში გამეწელა და ვერ ვამთავრებდი,. Ბოლოს გადავწყვიტე, რომ აღარ დამეყოვნებინა და გალაკტიონის დაბადების დღისთვის დამემთხვია პრემიერა. Ისე კი საერთო ჯამში რომ შევკრიბოთ სამუშაო პროცესის დრო, დაახლოებით თვენახევარია.
Როგორი იყო შენთვის მუშაობის პროცესი - რამდენად საინტერესო და საპასუხისმგებლო?
Მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ვუსმენდი მურმან ჯინორიას ხმას, თუ როგორ კითხულობდა გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარეს“ და ვფიქრებდი კადრებზე - სად რა მომენტში, რა კადრი უნდა ყოფილიყო. Ეს პროცესი იყო ყველაზე საინტერესო.
თუ იყო მუშაობის პროცესში რაღაც ისეთი, რაც სხვა პროექტებზე მუშაობისას არ გამოგიცდია?
Გალაკტიონის თვალები. როცა დავიწყე პირველად მუშაობა ანიმაციაზე, გალაკტიონის პერსონაჟი ავაწყვე და გავაკეთე ანიმაცია, ფაქტობრივად გალაკტიონის პირისპირ აღმოვჩნდი. თითქოს გაცოცხლდა და შემეძლო დალაპარაკება. ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება.