Digest Logo

ბერია - „ეშმაკი“, ხალხის მტერი თუ მათი ერთგული? შვილის მოგონებები და ისტორიული ფაქტები

1609155613
ლავრენტი ბერია

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას მისმა ერთ-ერთმა მასწავლებელმა, ვინმე ლევან სახოკიამ, „ეშმაკის ფეხი“ უწოდა და ბერიამ სრულად გაამართლა ეს „წოდება“... ისტორიის დოქტორი ვსევოლოდ კოტოვი წერს: 

„ლევან სახოკია სოხუმის სასწავლებლის სასწავლო ნაწილი იყო, სადაც ბერია ფრიადებზე სწავლობდა. ამავე სასწავლებელში მუშაობდა ვინმე გენრიხ გუტმანი. ეს 30 წლის კაცი, ეგრეთ წოდებული, „რეჟიმის კურატორი“ იყო და მოსწავლეების დისციპლინას ადევნებდა თვალ-ყურს. გუტმანი პოლიციასა და „ოხრანკაზე“ მუშაობდა და ყველას სძულდა. იცოდნენ, რომ დამსმენი იყო და ვერც მასწავლებლები იტანდნენ მას, მოსწავლეები, ხომ, მის დანახვაზე კანკალებდნენ. მხოლოდ არა პატარა ლავრენტი. ბერიამ გუტმანის მოშორება გადაწყვიტა და ეს ასეთი კომბინაციით მოახერხა: სკოლაში ქუთაისიდან ინსპექტორი იყო ჩამოსული, ვინმე სტეპან ელისეევი. მას გარდერობში ჩამოკიდებული პალტოდან „პაველ ბურეს“ ფირმის ოქროს საათი ამოაცალეს. ხოლო, როდესაც ეს გამჟღავნდა, პოლიცია. გამოიძახეს. მათ კი ყველა და ყველაფერი გაჩხრიკეს და მოპარული საათი გენრიხ გუტმანის პალტოს საიდუმლო ჯიბეში იპოვეს. ის დააჯარიმეს და სასწავლებლიდან გააგდეს. აი, სწორედ, ამიტომ უწოდა სახოკიამ ბერიას „ეშმაკის ფეხი“ და ეს ფრაზა მას მეგრულ ენაზე უთხრა. მოგვიანებით, როდესაც ლავრენტი პავლოვიჩი საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი იყო, ბერიამ თავისი მასწავლებელი დააფასა და თბილისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორად დანიშნა (სახოკია 1940 წელს გარდაიცვალა).

სხვათა შორის, ბერიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებაში. კონკრეტულად კი ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, საქართველოს ისტორიის სწავლების კურსის სრულყოფაში. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი თავის ახლობლებს ასეთ ისტორიას უყვებოდა: „1934 წელს მოულოდნელად ლავრენტი ბერიასთან გამომიძახეს. ღამის 10 საათი სრულდებოდა და ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ვახშმობის თავიც არ მქონდა და უნდა დამეძინა. უცებ კარზე დააკაკუნეს. ბინაში მარტო ვიყავი და მე გავაღე. ზღურბლზე გენერალი სერგო გოგლიძე იდგა. ის იმ პერიოდში ამიერკავკასიის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი და ბერიას უახლოესი ადამიანი იყო. მას მე სახეზე ვიცნობდი და ცოტა არ იყოს, შემეშინდა. მით უმეტეს, რომ მითხრა, ლავრენტი ბერია გიბარებთო. თუმცა, რომ დავფიქრდი, დავმშვიდდი, რადგან მივხვდი, რომ ბერია ჩემს დასაპატიმრებლად ამხელა თანამდებობის კაცს არ გამოგზავნიდა...“
იმ საღამოს ბერიამ ბერძენიშვილს საკმაოდ კონფიდენციალურად დაავალა საქართველოს ისტორიის ფართო სასწავლო კურსის შედგენა, რაც მან და სხვა ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა, დიდი წარმატებით შეასრულეს...
ლავრენტი ბერიას ვაჟი სერგო ბერია იხსენებდა: „მახსოვს, ახალი სასწავლო წელი დაიწყო, 1 სექტემბერი იყო და სახლში წიგნებით დავბრუნდი, რომლებიც სკოლაში უფასოდ დაგვირიგეს (სხვათა შორის, მხოლოდ საქართველოში არიგებდნენ სასწავლო წიგნებს უფასოდ 30-იან წლებში. ეს ბერიას დამსახურება იყო და ამის მერე გავრცელდა ეს წესი მთელ საბჭოეთში). მამა სახლში იმყოფებოდა და დაწვრილებით გამომკითხა სკოლის ამბები. ბოლოს ახალი წიგნები დაათვალიერა და ისტორიისა და ქართულის პროგრამით დიდად უკმაყოფილო დარჩა. იმავე წელს ცნობილმა ქართულმა მეცნიერ-ფილოლოგებმა, ლიტერატორებმა და ისტორიკოსებმა ახალი პროგრამა შეიმუშავეს, რომელიც სკოლებში შემდეგი სასწავლო წლიდან დაინერგა. მათში ძალიან ფართოდ იყო მოცემული საქართველოს ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა...“
სასწავლო პროგრამის შეცვლა საბჭოთა კავშირში მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური მთავრობის პრეროგატივა იყო. უკიდურეს შემთხვევაში, კონკრეტული სფეროს უმაღლესი საკავშირო ხელმძღვანელის. ამ შემთხვევაში – განათლების სახალხო საკავშირო კომისრისა. ამ პოსტზე კი იმ პერიოდში ანდრეი ბუბნოვი მუშაობდა. ბერია რის ბერია, რის ეშმაკის ფეხი იქნებოდა, რომ ფანდი არ ეხმარა. ბერიამ მოსკოვში, თათბირზე ყოფნისას სპეციალურად მოინახულა (ვითომ შემთხვევით) ბუბნოვი. გამოელაპარაკა მას და სხვათა შორის უთხრა, რომ სკოლებში საკავშირო მასშტაბით ისტორიის სასწავლო პროგრამა მოშვებული იყო. გადასინჯვას საჭიროებდა და რაც მთავარია, საინიციატივო ჯგუფი (ბერიას არ დაუსახელებია ეს ჯგუფი და არც შეშინებულ ბუბნოვს უკითხავს) სტალინთან აპირებდნენ შუამდგომლობით შესვლას, რომ ისტორიისა და ლიტერატურის სასწავლო პროგრამა გაეფართოებინათ. ბუბნოვმა „საინიციატივო ჯგუფს“ „დაასწრო“ და იმავე ღამეს გამოსცა შესაბამისი დადგენილება, ისტორიისა და ლიტერატურის სასწავლო კურსების გაფართოების შესახებ. ბერიამ, სწორედ, ეს დადგენილება დაუდო საფუძვლად თავის ნამდვილ მიზანს და წარმატებითაც განახორციელა ის. ასეთი საქციელი ბერიას მხრიდან, ეშმაკობის „უმაღლესი პილოტაჟი“ იყო, ძალიან წარმატებული სვლა და ამით ლევრენტი პავლივიჩმა მიაღწია იმას, რომ ოფიციალურად მოქმედების შემთხვევაში შესაძლოა, თავიც კი დაეკარგა. ნიშანდობლივია, რომ ბერიას სასწავლო გეგმით საქართველოს ისტორიას თითქმის 40 წლის განმავლობაში ასწავლიდნენ საქართველოს სკოლებში და მხოლოდ 70-იან წლებში შეწყვიტეს ეს კურსი მიხეილ სუსლოვის ბრძანებით.
ასეა თუ ისე, ლავრენტი ბერია ასი თავით ჯობდა თავის პოლიტბიუროელ კოლეგებს და მის ეშმაკობას ზღვარი არ ჰქონდა, თუმცა ეშმაკობას ხრუშჩოვის გუნდის კოლექტიურმა ვერაგობამ აჯობა“.

ერთი ვერსიით, აქ აღწერილი ამბები ისტორიული მანიპულაცია და საზოგადოებაში საბჭოთა ნოსტალგიის გაღვიძებაა.

რეალური ფაქტები

ბერიას ბრძანებით ქართველი ინტელექტუალები გაანადგურეს

1937 წლის მაისში კომუნისტური პარტიის X ყრილობაზე ლავრენტი ბერია სიტყვით გამოვიდა, თავის გამოსვლაში იგი ქართველ მწერლებსა და შემოქმედებით ჯგუფებს შეეხო.

ლავრენტი ბერია: „ქართველ მწერლებსა და ხელოვნების წარმომადგენლებს შორის არიან ცალკეული პირები, რომლებმაც უნდა გადასინჯონ თავიანთი ურთიერთობა ქარველი ხალხის მტრებთან _ აღნიაშვილთან, ლომინაძესთან, ჯიქიასთან, ელიავასთან და სხვებთან. სერიოზულად დაფიქრდნენ და თავისთვის ყველა საჭირო დასკვნა გამოიტანონ, რადგან არავის მივცემთ ნებას, ითვალთმაქცოს, ქართველი ხალხი მოატყუოს და საბჭოთა მწერლის ან მხატვრის სახელწოდებას ამოფარებულმა, ხალხის მტრებთან ერთად შავი საქმე აკეთოს. მაგალითად, პაოლო იაშვილმა, რომელიც უკვე ასაკით ორმოცს გადაცილებულია, დროა, ჭკუა ისწავლოს. სიკეთე არ მოჰყვება მის ნავარდს ლომინაძისგან ჯიქიასკენ, ჯიქიასგან აღნიაშვილისკენ და ბოლოს ელიავას კლანჭებში. ზედმეტი არ იქნება, სერიოზულად ჩაუფიქრდნენ თავის საქციელს აგრეთვე გამსახურდია, ჯავახიშვილი, მიწიშვილი, შევარდნაძე და კიდევ ზოგიერთები........ჩემ მიერ ჩამოთვლილმა მწერლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შემდგომი საქციელი, თუ რა სწრაფად გარდაიქმნებიანდა დაჰგმობენ თავიანთ წარსულ საქმეებს, განსაზღვრავს ჩვენი პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულებას მათდამი“.
ამ განცხადებიდან მალევე ქართველი ხელოვანების „წმენდა“ დაიწყო. სხვადასხვა ბრალდებით (ჯაშუშობა, სამშობლოს ღალატი, ანტირევოლუციური საქმიანობა და სხვა) დააკავეს, აწამეს და დახვრიტეს: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე, ნიკოლო მიწიშვილი, სანდრო ახმეტელი და სხვები.

პაოლო იაშვილმა მოსალოდნელ დაჭერას და დახვრეტას დაასწრო და 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა სასახლეში თავი მოიკლა. საბჭოთა მთავრობამ პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმეგ პროვოკაციად შეაფასა და მიიღო დადგენილება იაშვილის, როგორც „ხალხის მტრის“ სახელით, დაკრძალვის შესახებ.


ბერია მესხთა იძულებით დეპორტაციას ხელმძღვანელობდა

სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის N6279-სს დადგენილებისა და იმავე წლის 20 სექტემბრის სსრკ შსს N00117 ბრძანების საფუძველზე 1944 წლის 15 ნოემბერს მესხეთის მოსახლე ათეულობით ათასი ადამიანი ყოველგვარი ახნსა-განმარტების გარეშე სატვირთო მატარებელში შეყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს. სწორედ ბერიას გადაწყვეტილებით შუა აზია გადასახლების ადგილად შეირჩა. 1944 წლის 15 ნოემბერს ბორჯომიდან საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომისარმა აქვსენტი რაფავამ ბერიას უპატაკა.

აქვსენტი რაფავა: “18:00 საათისათვის უკვე დატვირთული იყო 3 ეშელონი და 26 591 ადამიანი.“
ამ დღეს საერთო ჯამში სპეცგადასახლებულ იქნა 19 818 ოჯახი.

ბერია ჩრდილო კავაკასიელი ხალხების იძულებით გადასახლებას სათავეში ედგა

1944 წლის 23 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირში ყველაზე დიდი იძულებით გადასახლება კოდური სახელით „ჩეჩევიცა“ (ოსპი). ოპერაციაში NKVD, NKGB-სა, სამხედრო კონტრდაზვერვის დაახლოებით 19 000 ოპერატიული თანამშრომელი და 100 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა. ოპერაცია ითვალისწინებდა ჩრდილო კავკასიელი ხალხების იძულებით დეპორტაციას. ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 500 000 ადამიანი გადაასახლეს ჩრდილო კავკასიიდან შუა აზიის ქვეყნებში.

1944 წლის 11 მარტს დილით ბერია ტელეგრამით ატყობინებდა სტალინს:

ბერია: „გადასახლება მიმდინარეობს ნორმალურად. განსაკუთრებით ყურადსაღებ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.“


ბერია კატინის ტრაგედიის ერთ-ერთი შემოქმედი იყო

1940 წელს ბერიამ შეადგინა დოკუმენტი, სახელწოდებით „ამხანაგ სტალინს“, რომელიც სტალინს დაკავებული პოლონელი ოფიცრების, ჯარისკაცების და სხვა პატიმრების დახოცვას სთავაზობდა.

ლავრენტი ბერია: "НКВД-ს ომის ტყვეების ბანაკებსა და უკრაინისა და ბელარუსის ციხეებში ამჟამად დიდი რაოდნობით ყოფილი პოლონელი სამხედროები, პოლონეთის პოლიციისსა და დაზვერვის ყოფილი მოხელეები, პოლონეთის ნაციონალისტური კონტრ-რევოლუციური პარტიის წევრები, გაშიფრული კონტრ-რევოლუციური უცხოური ორგანიზაციების წევრები და სხვები იმყოფებიან. ისინი ყველანი საბჭოთა ხელისუფლების მტრები და საბჭოთა სისტემის მიმართ ზიზღით აღვსილები არიან… სთავაზობს სსრკ-ს НКВД-ს.. განიხილოს საქმე განსაკუთრებული წესით, მათ მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომის - დახვრეტის გათვალისწინებით“
ეს დოკუმენტი ხელმოწერით დაამოწმეს სტალინმა, ვოროშილოვმა, მოლოტოვმა და პოლიტბიუროს სხვა წევრებმა. 1940 წლის აპრილ-მაისში წითელმა არმიამ 22000 პოლონელი სამხედრო და სამოქალაქო პირი სამხედრო ტყვეთა ბანაკებიდან გამოიყვანა და მასობრივად სამ ადგილას დახოცა, ყველაზე ცნობილი ამ ადგილთა შორის კატინია, სადაც ცხედრები დაწვეს და დამარხეს.


წყარო: ჟურნალი „თბილისელები“, ონლაინ-გამოცემა „მითდეტექტორი“