2019 წლის 6 მარტს, დაბა ბაკურიანში ტრაგედია დატრიალდა.
30 წლის გივი ბასილაშვილი საკუთარმა ძმამ, 20 წლის ივანე (ვანო) ბასილაშვილმა თავის დაბადების დღეზე დანით სასიკვდილოდ დაჭრა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა night.ge ავრცელებს.
ამბობდნენ, რომ ძმებს შორის დაპირისპირება და კონფლიქტი ადრე არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებდნენ, რომ ძმებს შორის ოჯახური კონფლიქტი მოხდა და მათი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა.
ივანე ბასილაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობდა.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც შევიტყვეთ, იმ საბედისწერო დღეს ძმები სახლში მარტო იყვნენ. დანაშაული საღამოს, 7:00 საათზე მოხდა.
სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ დედას კი უმძიმესი სურათი დახვდა.
„იმ დროს ძმები სახლში მარტო იყვნენ, დედამისი სამუშაოზე ყოფილა წასული, დამლაგებლად მუშაობს და სამსახურიდან გამოსულს მაღაზიაში შეუვლია, ვაშლი უყიდია. ამ დროს მეზობლებმა დაურეკეს და უთხრეს, სახლში სასწრაფოდ მოსულიყო.
რომ მოვიდა, საშინელი ამბავი დახვდა, ქალი განადგურებული იყო, საუბარი უჭირდა, გონებას კარგავდა და ასულიერებდნენ.
ამბობდა, ეზოში რომ შევედი გივი ძირს ეგდო დაჭრილი, მეორე შვილი სახლში იყო, ტიროდა და ბღაოდა, ეს რა ჩავიდინეო. სასწრაფოც მოვიდა და დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, იქ მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
ამბობდნენ, დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ძმა სახლიდან არ გაქცეულა, პოლიციას თავად ჩაბარდა და ბაკურიანის პოლიციაში ჩაიყვანეს. მერე მისი ტანსაცმლის წამოსაღებად პოლიციელი სახლში რომ ამოვიდა, იძახდა, ძალიან ნანობს ჩადენილ დანაშაულსო.
ბიჭების დედა ამბობდა, გივის დაბადების დღე არ აღუნიშნავსო, მარტო იყვნენ ძმები სახლში და რა მოხდა, არავინ იცის. მეზობლებიც გაოგნებულები იყვნენ.
ვანო 20 წლის იყო, კარგი ახალგაზრდა და ეს როგორ მოუვიდა, ვერავინ ხსნიდა. დედას ძლივს აბრუნებდნენ ისეთ დღეში იყო. ჩემი თვალით ვნახე სისხლიანი დანა, იქვე ეგდო…
ნასვამები იყვნენ თუ არა, ამასაც ვერ გეტყვით, არ ვიცით. ბიჭებს მამა არ ჰყავთ. გივი დაოჯახებული იყო, მეუღლე და ერთი შვილი დარჩა, ტრაგედიის დროს მისი ცოლ-შვილი სახლში არ იყო.
ცოლს ნათესავი ჰყოლია გარდაცვლილი და ორჯონიკიძეში იყო წასული შვილთან ერთად. ორივე ძმას ყველა დადებითად ახასიათებდა.
ვანო ბავშვებს ბაკურიანში თხილამურებით სრიალს ასწავლიდა. სამწუხაროა რაც მოხდა”,- ამბობდა ერთ-ერთი მეზობელი.
აგრეთვე წაიკითხეთ: