ხანუმ ჯეირანოვა აზერბაიჯანული ეროვნების საქართველოს მოქალაქე იყო. ის საქართველოში დაიბადა და მთელი ცხოვრება აქ გაატარა, კახეთის ერთ-ერთ რაიონში. 2014 წლის 18 სექტემბერს, ხანუმმა თავი მოიკლა, ის ჩამომხრჩვალი იპოვეს. ხანუმი 30 წლის იყო. ის ოჯახის ღირსების აღდგენას ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.
ხანუმი ერთ-ერთ ძველ სოფელში ცხოვრობდა, იქ, სადაც უმრავლესობა ქართულად ვერ ლაპარაკობს. სოფელში ჩასვლისთანავე ცხადი გახდა, რომ ადგილობრივები ჩაკეტილი საზოგადოების წევრები არიან - მათი დიდი ნაწილი საკუთარი სოფლის გარეთ არასდროს არ გასულა. ისინი იმ ტრადიციებსა და ცხოვრების წესს მისდევენ, რაც ოდითგანვე დამკვიდრებულია. ტრადიციების შენარჩუნება და დაცვა მათთვის პატივია, თუნდაც ეს თანასოფლელების მსხვერპლად შეწირვას მოითხოვდეს. ხანუმის სიკვდილიც ამავეს მოწმობს - ზოგჯერ ტრადიცია ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი ხდება. აქ, ამ სოფელში სიკვდილი ღირსების დაბრუნების წილ, სრულიად მისაღები ნორმაა.
ხანუმ ჯეირანოვას ბრალი ღალატში ედებოდა. ერთ დღეს ყველანი ერთად შეიკრიბნენ და ხანუმს განკითხვა მოუწყვეს. მეუღლის ნათესავები პირში აგინებდნენ და სცემდნენ კიდეც ქალს. ეს მოხდა სოფელ ლამბალოს ცენტრში.
ტრადიციის მიხედვით, იმ დღის შემდეგ, აღარავინ უნდა დალაპარაკებოდა მას. ხანუმს ჩამოერთვა უფლება, წასულიყო ბაზარში, დასწრებოდა მშობელთა კრებას სკოლაში, ვინმეს ქორწილს, სულ უბრალოდ - გასულიყო სასაფლაოზე. ანუ ტრადიციის მიხედვითვე, ხანუმის ცხოვრება ამ განკითხვის რიტუალის შემდეგ, იქვე დამთავრდა - სოფლის ცენტრში.
ხანუმის მეზობლებს ახლა აღარ სურთ, ისაუბრონ მომხდარზე. მამამისის სახლის კარის მეზობელმაც კი თქვა, რომ ხანუმის სიკვდილის შესახებ არაფერი სმენია. ყველამ იუარა, რომ იცოდნენ ხანუმის დასჯის, ცემისა და შეურაცხყოფის ამბავი.
საზოგადოება სიკვდილის შემდეგაც კი განაგრძობს ხანუმის იგნორირებას. მას ერთადერთი შანსი ჰქონდა საკუთარი ღირსების აღსადგენად და ეს იყო თვითმკვლელობა. სოფლის მცხოვრებლებს სჯერათ, რომ თუ ადამიანი ამ დროს თავს მოიკლავს, საკუთარ შეცდომებს ხედავს და სინანულსაც გრძნობს.
სოფლის დაუწერელი კანონების თანახმად, თუ ხანუმის მსგავს მდგომარეობაში ჩავარდნილი ქალი არ მოიკლავს თავს, ამით ამბობს, რომ არც არაფერს ნანობს და პირიქით, ამაყობს კიდეც იმით, რაც ჩაიდინა. შესაბამისად, ტრადიციის თანახმად, თუ ქალი თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მისი დასჯა უკვე მეუღლის, ძმის, მამის, ანდა შვილის მოვალეობა ხდება.
სწორედ ამიტომ ირწმუნა ხანუმმა, რომ გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდა და მან თავი მოიკლა.
ხანუმის ღალატის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს, ამის შესახებ მხოლოდ ნათესავები ლაპარაკობენ. მამამ და ორმა შვილმა იმ ადამიანების სახელები გვითხრეს, რომელთაც ხანუმი ცემისა და შეურაცხყოფისთვის გაიმეტეს, მაგრამ კანონის ძალით, რა თქმა უნდა, არც ერთი მათგანი არ დასჯილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლში ჩაწერილია ფრაზა: თვითმკვლელობამდე მიყვანა. კანონის ამ ნაწილში წერია:თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით, ანდა მისი პატივის, ან ღირსების სისტემატური დამცირებით, - ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე.
ისეთი უბედური შემთხვევები, როგორიც თვითმკვლელობაა, უამრავ ადამიანს წარუშლელ კვალს უტოვებს. თუმცა, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად ვინც ამ დროს ბავშვები იტანჯებიან. როცა სოფელ ლამბალოში, 2014 წლის სექტემბერში, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის შემდეგ, სკოლის ასაკის ორი შვილი დატოვა - ილკნური და იოლჩუ.
მათ რამდენიმე დღით ადრე ისიც დაინახეს, როგორ სცემდა დედას რამდენიმე მამაკაცი ყველას დასანახად, სოფლის გზაზე.
მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თითქმის არ არსებობს.
ილკნური დედის ცემის ფაქტს ასე იხსენებს:
„სკოლიდან სახლში მივდიოდი. ვნახე როგორ ურტყამდნენ დედას. რამდენიმე იყვნენ - ელჩინი, ავრანი, ნოვრუზი, იევაზი, ტელმანი და კიდევ ერთი, რომლის სახელსაც ვერ ვიხსენებ. ისინი სცემდნენ დედას. მას კაბა შემოხეული ჰქონდა. კისერში ურტყამდნენ. ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. მერე სახლში მოიყვანეს. მეც მივედი სახლში. დედას წყალი დავალევინე. სკოლიდან ჩემი ძმაც უკვე დაბრუნებული იყო. როცა მოვინდომე, გარეთ გავსულიყავი და ვინმესთვის საშველად მეხმო, ელჩინმა (ოჯახის ერთ-ერთი წევრი) ჩემზეც გამოიწია, მაგრამ მერე აღარ მცემა. სახლიდან გასვლა აგვიკრძალეს. მთელი დღე შინ ვისხედით“.
იოლჩუმაც დაადასტურა, რომ დედა თავისი დის მიერ დასახელებულმა მამაკაცებმა სცემეს. „ერთმა კაცმა მითხრა, დედაშენს სცემენო. სახლისკენ გავიქეეცი. კაბა დახეული ჰქონდა. უღონოდ იყო“.
ბავშვების მამა დაკავებულია, რადგან მან იარაღი ესროლა ერთ-ერთ მამაკაცს, რომელმაც მის ცოლს სცემა.
ბავშვებმა არ იცოდნენ, რომ მამა ციხეში ჩასვეს. ბაბუამ უთხრა, რომ მამა საქმეზე წავიდა თურქეთში და უკან მხოლოდ მას მერე დაბრუნდება, როცა ყველაფერს მოაგვარებდა.
დედის სიკვდილამდე ორივე კარგად სწავლობდა, როგორც ილკნური ამბობდა, სულ ათ და ცხრა ქულებს იღებდა, იალჩუ კი - რვა და ცხრა ქულებს.
ილკნურის მასწავლებელი, ჟორა ხეირხაბაროვა, რომელიც 15 წელია სოფელ ლამბალოს სკოლაში ასწავლის, ამბობდა, რომ დედის სიკვდილის შემდეგ ბავშვები ტრავმირებულები გახდნენ.
ილკნური დედას თბილად იხსენებდა. ამბობდა, რომ დედა მეცადინეობაში ყოველთვის ეხმარებოდა ორივე შვილს. დასძენდა იმასაც, რომ დედა სულ, გამუდმებით ენატრება.
2014 წლის 18 სექტემბერს, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, საკუთარი მამის სახლში, ჩამომხრჩვალი იპოვეს. ორი დღით ადრე, ქალს ქმრის ნათესავებმა ბრალი ღალატში დასდეს და აიძულეს, სოფელი ფეხშიშველს შემოევლო. ამ სამარცხვინო პროცესიის დროს ხანუმს ახალგაზრდა მამაკაცები თან ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ.
ხანუმ ჯეირანოვა 16 წლის იყო, მომავალმა მეუღლემ ჰაჯი ჰასანოვმა რომ მოიტაცა. მათ იქორწინეს და ორი შვილი გაუჩნდათ - ილკნური და იოლჩუ. ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო მეცხოველეობა იყო. ამიტომ ქმარი ძირითადად მთებში, საგაზაფულო საძოვრებზე ატარებდა დროს, ზამთრის თვეებს კი ზამთრის ბანაკებში. შიგადაშიგ ჰაჯი სოფელშიც ჩადიოდა, მეუღლისა და შვილების მოსანახულებლად - ოჯახი იქ ცხოვრობდა, რათა ბავშვებს სკოლაში ევლოთ. მათი ცხოვრების ჩვეული რიტმი და ცოლ-ქმრობა 14 წლის შემდეგ, ტრაგედიით დასრულდა.
2014 წლის 15 სექტემბერს ჰაჯის ნათესავებმა ხანუმი სოფელ ყაზლარის მცხოვრები აზალხან ისმაილოვის მანქანაში შენიშნეს. ამ მიზეზით მეუღლის ნათესავმა კაცებმა ქალი სოფლის ორღობეში სასტიკად სცემეს.
ხანუმის დედის, იეტარ ახმედოვას გადმოცემით, მისი ქალიშვილი ხანუმი, ადგილობრივი სააღმსრულებლო ორგანოს თავმჯდომარემ, მაჰმუდ ალიევმა, ცემის შემდეგ, შინ წაიყვანა, რათა მეუღლის ნათესავების აგრესიისგან მერე მაინც დაეცვა. ახმედოვა ამბობდა, რომ ხანუმი შინ მეორე დღეს წამოიყვანა. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ის ქალიშვილს მომხდარზე გაესაუბრა. „ვკითხე, ასეთი რამ რატომ ჩაიდინე-მეთქი. მიპასუხა, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობს და მიზეზი არ იცის. ჩაი დავუსხი, მაგრამ არ დალია. წყაროზე წავედი წყლის მოსატანად, როცა უკან მოვბრუნდი, უკვე მკვდარი იყო. ჩაი, მისთვის რომ დავტოვე მაგიდაზე, ძირს იყო დასხმული“, - იხსენებს დედა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ცხედარი ბოსელში შევათრიეთ და დავწვით“ – დანაშაული ლესბოსელმა წყვილმა ჩაიდინა
🔵2 ქორწინება, 14 წლით უმცროსი მეუღლე და კონსერვატორიიდან „გაგდებული“ - ვაჟა აზარაშვილის პორტრეტი