Digest Logo

დედის უნებლიე მკვლელი – ცნობილი ქართველი ბიზნესმენის საყვარლის მკვლელობის საქმე

1613741061
უბედური- შემთხვევა

არ მესმის, რატომ დამაპატიმრეს, – წარმოთქვა 50 წელს მიახლოებულმა მამაკაცმა, როცა ის ადვოკატთან შესახვედრად პაემნებისთვის განკუთნილ ოთახში შეიყვანეს.

– გისოსების მიღმა მოხვედრილი პატიმრების ნახევარს სწორედ ეგ კითხვა აწუხებს. ასე რომ, მარტოობით არ დაიტანჯები, – გულგრილად შეაგება პასუხი ახალგაზრდა იურისტმა და ძველ ნაცნობს ხელი ჩამოართვა.

ეჭვმიტანილი ფრიდონ ბერია თბილისში ცნობილი ბიზნესმენი იყო. ის ალბათ ერთადერთი გახლდათ მე-20 საუკუნის მიწურულს, რომელიც ქალაქში თეთრი ლიმუზინით დადიოდა და თავის მოვლის პროცედურებში იმაზე მეტ ფულს ხარჯავდა, ვიდრე ერთი პატარა ქალაქის ბიუჯეტი იყო.

ბერია როცა დააპატიმრეს, ბევრმა გაბედა, ხმამაღლა ესაუბრა მის დანაშაულებრივ საქმიანობაზე, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ახალაღძრული სისხლის სამართლის საქმე ბიზნესს არ უკავშირდებოდა.

იმ დღეს, როცა ბერია დააკავეს, პროზექტურაში ხერხემალში გადამტვრეული 42 წლის ქალი, ორი შვილის დედა, ემა ენდელაძე გადაასვენეს. ის პროფტექნიკუმის პედაგოგის, გივი გრიგალაშვილის, ცოლი იყო.

სად გადაიკვეთა სრულიად განსხვავებული სოციალური სტატუსების მქონე ოჯახების ინტერესები და ვინ და რატომ მოკლა ქალი, გამოძიებას ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად დიდი დრო არ დასჭირვებია.

მოულოდნელი ეჭვმიტანილი

– მე არავინ მომიკლავს, რომელ სულელს მოუვიდა ჩემი დაპატიმრება თავში აზრად?! – ბერია სკამიდან წამოდგა და მხრებში გაიმართა, – გამოვალ და ყველას თავებს დავაყრევინებ! – აშკარა იყო, ბიზნესმენს ადვოკატთან შეხვედრამ მხნეობა შეჰმატა.

იურისტმა ძლივს შეიკავა თავი, რომ არ გასცინებოდა.

– გამოსვლა გაგიჭირდება, მკვლელობის ღამეს გრიგალაშვილების სახლის წინ შენი მანქანა დაინახეს, – ადვოკატმა მაგიდაზე ქეისი დადო, ჩამკეტი გახსნა და საბუთები ამოალაგა, – ორი მოწმის ჩვენება უკვე საქმეშია.

– გადავირევი, რამდენი რეგვენი დადის ამ ქვეყანაზე! რას ნიშნავს ჩემი მანქანა?! იქნებ სხვისი იყო?!

– იმ უბანში, რომლის მცხოვრებნიც თვიდან თვემდე ძლივს ირჩენენ თავს, თეთრი ლიმუზინით არავინ სეირნობს. გარდა ამისა, მეზობლებმა მანქანის გამოჩენიდან რამდენიმე წუთში ჩხუბის ხმა გაიგონეს. როგორც ჩანს, ემა გემუქრებოდა.

ემას ხსენებაზე ეჭვმიტანილი სკამის საზურგეს ჩამოეყრდნო. ცნობილი ბიზნესმენი თვალის დახამხამებაში დაუძლურებულ მოხუცს დაემგვანა.

ამონაწერი მოკვლევის ოქმიდან:

„გარდა ზემოთ ხსენებული სამხილისა, ბერიას საქმეს ისიც ართულებდა, რომ, მისივე თქმით, ენდელაძის მკვლელობის ღამეს შინ მარტო იყო, მეუღლე მეგობრებთან ერთად წავიდა წვეულებაზე და მის ალიბის ვერავინ დაადასტურებდა“.

– შენს მეგობრებს ველაპარაკე. ამ ბლოკნოტში იმ გოგონების სიაა, რომლებსაც ხვდებოდი, – უთხრა ადვოკატმა ეჭვმიტანილს.

– ასეთი მეგობრების პატრონს მტრები რაღაში მჭირდება. რა, ყველაფერი დაფქვეს? – სიმწრით გაიღიმა მამაკაცმა.

– ნუ იქნები მათ მიმართ ასეთი მკაცრი, არავის სჯერა, რომ აქედან 20 წელზე ადრე გახვალ, – ადვოკატს ისე ეჭირა თავი, თითქოს საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის გაღიზიანებას ცდილობდა. ალბათ ამის მიზეზი ის იყო, რომ ეგონა, ბერია მასთან საკმარისად გულწრფელი არ იყო, – მათ ჩამონათვალში ბევრი ულამაზესი ქალია, არც მიკვირს, – უბის წიგნაკი მაგიდაზე მიაგდო და ეჭვმიტანილს შეხედა, – ეს ფულზე მონადირე ქალების სიაა, მხოლოდ ემა ენდელაძე რჩება ჩემთვის გამოცანად. მე ის მორგში ვნახე, მაგრამ გარდაცვლილსაც ემჩნეოდა, რომ მერილინ მონრო არ იყო…

ეჭვმიტანილი სკამზე ჩამოჯდა და სახეზე აიფარა ხელები.

– მაინც ვერ გაიგებ, – ჩაილაპარაკა უღონოდ, – ემა ჩემმა ცოლმა მოკლა. ამას თუ დაამტკიცებ, დამატებით 20 ათას დოლარს გადაგიხდი.

სიკვდილის მიზეზი

პათანატომის დასკვნის მიხედვით, რომელიც თან ერთვის ბერიას სისხლის სამართლის საქმეს, დადგენილია, რომ ემა ენდელაძე ფიზიკური დაზიანებით გარდაიცვალა. იქვეა განმარტება, რომ ეს დაზიანებები არც ბლაგვი საგნითაა მიყენებული და არც ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღებით.

სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე ქალი აივნის მოაჯირთან ახლოს იდგა, მას ხელი ჰკრეს და მეორე სართულიდან გადავარდა. დაცემისას ხერხემლის რამდენიმე მალა დაემსხვრა, თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ვერსიით, ემა ენდელაძის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, ძველი აივნის ხის რიკულებმა მის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ქალი გადავარდა.

მეორე ვერსია, რომ ემას ქმარმა ცოლს საყვარელთან შეუსწრო და სიცოცხლეს გამოასალმა, გამოირიცხა, რადგან მამაკაცს ალიბი ჰქონდა – გრიგალაშვილი ქალაქგარეთ იმყოფებოდა. გარდა ამისა, გაჭირვებისგან წელში მოხრილი, დაჩიავებული მამაკაცი, რომელიც პროზექტურის კუთხეში ბავშვივით გულამოსკვნილი ქვითინებდა და მისი ერთადერთი გულშემატკივარი 22 წლის ქალიშვილი ფიქრია იყო, ეჭვმიტანილთა სიაში უკანასკნელ გრაფას თუ დაიკავებდა.

მაცდური ქალი

ფრიდონ ბერიას ცოლი იმ ასაკში იყო, როცა ქალი ხვდება, რომ დროსთან ბრძოლაში მალე დამარცხდება და სახეზე გაჩენილ ღრმა ნაოჭებს ვეღარაფერი გააქრობს. ის ასაკით ქმარზე უფროსი იყო. თავის დროზე ბერიამ სასიმამროს მსუყე ჯიბის გამო ითხოვა ცოლად და მისივე დახმარებით აიწყო ცხოვრება.

– თქვენც ჩემმა ქმარმა დაგიქირავათ? – ჰკითხა კარის ზღურბლთან გაჩერებულ ადვოკატს დიასახლისმა და ხელით ანიშნა, გამომყევითო.

– არა, – იცრუა იურისტმა, – მე გამოძიების მხარეს წარმოვადგენ და სიმართლის გარკვევით ვარ დაინტერესებული.

– ნუთუ?! – გაიღიმა ქალმა, რომელსაც ხალათი მკერდთან გადაწეოდა და მაქმანით გაწყობილი ბიუსტჰალტერი მოუჩანდა. დიასახლისი მოჩუქურთმებულ სკამზე ჩამოჯდა და ჭიქაში შუშხუნა ღვინო ჩამოისხა.

– ინებებთ? – გახედა იურისტს გამომწვევად.

ახალგაზრდა მამაკაცმა ერთ წამს თვალი თვალში გაუყარა ქალს და დარწმუნდა, რომ ნაოჭებთან ერთად მას რაღაც განსაკუთრებული ხიბლიც ჰქონდა.

– პროკურატურას აქვს ეჭვი, რომ ემა თქვენ მოკალით, – თვალები ძირს დახარა ადვოკატმა, – მკვლელობის ღამეს ფრიდონი შინ იყო და, როგორც ყოველთვის, ამ დროს წამლით გაბრუებული დიდხანს გონზე მოსვლას ვერ შეძლებდა. თქვენ ამით ისარგებლეთ, წვეულებიდან შინ ტაქსით დაბრუნდით, მისი მანქანა გამოიყვანეთ და ემას მიაკითხეთ. შემდეგ მანქანა ავტოფარეხში დააბრუნეთ და წვეულებაზე კვლავ ტაქსით დაბრუნდით.

მასპინძელი ისევ ღვინით ივსებდა ჭიქას, გულისპირთან შეხსნილ საკინძესა და ადვოკატის ემოციებს არ იმჩნევდა.

– ემა პირველი არ იყო, ფრიდონს უამრავი საყვარელი ჰყავდა, მაგრამ ყოველთვის ჩემთან ბრუნდებოდა, მან არ იცოდა, როგორ წასულიყო სამუდამოდ, – ბრალდებას მშვიდად შეხვდა დიასახლისი.

– მაგრამ მას ემა უყვარდა, ის მისი ბავშვობის სიყვარული იყო. გარდა ამისა, კაცი ლიმუზინით საყვარლის მოსაკლავად არ წავა. ეს თქვენ იყავით, – ადვოკატის ტონი უფრო გამომწვევი გახდა.

მასპინძელმა ხელში ბოკალი დაატრიალა და ჰაერში გაფანტულ შხეფებს გააყოლა თვალი.

– არ ვიცი, ვინ ხარ, მაგრამ ნებისმიერ თანხას გადაგიხდი, ოღონდ ჩემი ქმრის დანაშაული დაამტკიცე. მე ვიცი, რომ ემა მან მოკლა.

“აი, წყვილი”, – გაიფიქრა ადვოკატმა, როცა ბერიების სამსართულიანი სასახლიდან გამოვიდა, მანქანაში ჩაჯდა და პროკურატურისკენ აიღო გეზი.

კაპიუშონიანი გოგონას ლანდი

ამონაწერი წინასწარი მოკვლევის ოქმიდან:

„რამდენიმე მეზობელი ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მკვლელობის ღამეს ბერიას მანქანა გრიგალაშვილების სახლის წინ გაჩერდა, რასაც ყვირილისა და სიტყვიერი დაპირისპირების ხმა მოჰყვა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ იყო ბრალის წარდგენისთვის მყარი საფუძველი. მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი არც ერთი ნივთმტკიცება არ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ დამნაშავე ფრიდონ ბერია იყო”.

წინასწარი მოკვლევის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ ენდელაძის მკვლელობიდან 2 კვირის შემდეგ დნმ-ის პასუხები მოვიდა, რომლებმაც საქმის მსვლელობა ძირფესვიანად შეცვალა.

„დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილმა თმის რამდენიმე ღერმა, რომლებიც ლაბორატორიულად შეისწავლეს, დაადასტურა ის ფაქტი, რომ მკვლელობის ღამეს გრიგალაშვილების სახლში ბერიას მეუღლე იმყოფებოდა. ეს გამოძიებისთვის სენსაციური აღმოჩენა იყო. ახალ ეჭვმიტანილს ბერიას მანქანაზეც მიუწვდებოდა ხელი და იმის მიზეზიც ჰქონდა, რომ ემა ენდელაძე მოეკლა, მაგრამ კვლავ რჩებოდა ერთი პასუხგაუცემელი კითხვა…”.

საქმეში იყო ერთი მნიშვნელოვანი „მაგრამ“. ემას მკვლელობის ღამეს, როცა გრიგალაშვილების სახლის მიმდებარე ტერიტორია თეთრმა ლიმუზინმა დატოვა, ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაინახა, რომ მათი სახლიდან ვიღაც სირბილით გამოვიდა, სავარაუდოდ, გოგონა. მას თავზე მუქი კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული. სიბნელის გამო მისი სახის გარჩევა თვითმხილველმა ვერ შეძლო.

ეს გარემოება გამოძიებისა და დაცვის მხარეს მოსვენებას უკარგავდა. ხანგრძლივი განსჯის შემდეგ პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ თვითმხილველს კაპიუშონიანი მოეჩვენა და სანქცია ბერიას ცოლის დაპატიმრებაზე გასცეს.

აყვანის ოპერაციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ადვოკატმა ახალდანიშნული გამომძიებლის კარი შეაღო და ახალგაზრდა ქალს მიესალმა.

– რა შესანიშნავად გამოიყურებით, – მიმართა ქალს, რომელიც ბუდიდან ამომჯდარ თვალებს აბრიალებდა.

გამომძიებელმა სალამზე პასუხი ძლივს დააბრუნა.

– საოცრად გიხდებათ ახალი ვარცხნილობა, – კვლავ გაიღიმა ადვოკატმა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ გამომძიებლის კეთილგანწყობის მოპოვებაზე ფიქრი ისეთივე უაზრო იყო, როგორიც საგზაო ნიშნისთვის სიყვარულის ახსნა.

– რა გინდა, დვალიშვილო? – ცივი ხმით იკითხა გამომძიებელმა და სკამზე ისე გადაქანდა, ლამის ყირამალა გაიჭიმა.

ადვოკატს თვალები გაუბრწყინდა, იფიქრა, მშვენიერი სანახაობის მომსწრე გავხდებიო, მაგრამ გამომძიებელმა მხოლოდ ჰაერში უმწეოდ ააფართხალა ფეხები, ბოლოს მაინც მოახერხა თავის შემაგრება.

დაჯექიო, დვალიშვილისთვის არავის შეუთავაზებია, ამიტომ გულხელდაკრეფილი მიეყრდნო კედელს და მშვიდი გამომეტყველებით დაელოდა, როდის მოიწესრიგებდა გამომძიებელი თავს.

– თქვი, რა გინდა! – უხერხული ღიმილით გაისწორა კაბა ახალგაზრდა ქალმა.

– ქალბატონო მანანა, როგორც ვიცი, მალე ოპერატიული ჯგუფი ფრიდონ ბერიას მეუღლის დასაპატიმრებად გავა. არ მგონია, ეს გადაწყვეტილება თქვენს კარიერას წაადგეს. თანაც საოლქო პროკურატურაში გადასვლაზე ოცნებობთ, მაგრამ თუ გაირკვა, მკვლელობა მას არ ჩაუდენია, აღმოჩნდება, რომ კიდევ ერთ უდანაშაულო ადამიანს დააკავებთ.

– ის ქალი დამნაშავეა, – გადაჭრით თქვა გამომძიებელმა.

– ამას მალე გავარკვევთ, მხოლოდ ერთ საათს გთხოვთ. აბა, რას იტყვით?

სამართალდამცველმა თვალები გადაატრიალა. არ შეიმჩნია, მაგრამ ადვოკატის წინასწარმეტყველება მის შესაძლო მარცხთან დაკავშირებით ცუდად მოხვდა გულზე.

– იდეა გაქვს? – იკითხა ხანმოკლე პაუზის შემდეგ.

– რა თქმა უნდა, უამისოდ სახლიდან არ გამოვდივარ, – წამოიძახა გახარებულმა დვალიშვილმა. კარი გამოაღო და გამომძიებელს ანიშნა, გამომყევიო.

მოულოდნელი დასასრული

რამდენიმე წუთში, როცა ადვოკატის მანქანა გრიგალაშვილების სახლის წინ გაჩერდა, გამომძიებელი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ადვოკატი მიზანმიმართულად თავგზას უბნევდა, მაგრამ კარიერის გადასარჩენად რაზე არ დათანხმდება ადამიანი.

– ბატონო გივი, თქვენი ალიბი შევამოწმეთ და გაირკვა, რომ მეგობრები ხელს გაფარებდნენ, ცდილობდნენ, დაეცავით, თითქოს ემას მკვლელობის ღამეს შინ არ ყოფილხართ, მაგრამ ეს სიცრუეა. ახლა ხელბორკილს დაგადებთ და განყოფილებაში გადაგიყვანთ.

– არა, არა, რატომ უნდა მომეკლა?! – საბრალო სახით იკითხა პროფსასწავლებლის პედაგოგმა, რომელსაც თავის დაცვაც არ შეეძლო.

– წამოიყვანეთ, – სიტყვა აღარ გააგრძელა ადვოკატმა.

როცა გრიგალაშვილს პოლიციელი მიუახლოვდა, მამის გვერდით მდგომი ქალიშვილი თითქოს ფიქრიდან გამოერკვა, გოგონამ ხმამაღლა შეჰკივლა და წინ გადაუდგა ოპერმუშაკს.

– გაეთრიეთ, მამაჩემს არ მიეკაროთ!

– მან დედა მოგიკლა, როგორ იცავ?! – ადვოკატი ფიქრიას თვალებში ჩააცქერდა.

– ის უდანაშაულოა, დედა მე მოვკალი, – ჩაიჩურჩულა და მუხლებზე დაემხო, – შინ სწორედ მაშინ დავბრუნდი, როცა დედაჩემს მისი საყვარლის ცოლი ეჩხუბებოდა. მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ის ქალი როცა წავიდა, თავი ვეღარ შევიკავე, დედას ხელი ვკარი. მისი მოკვლა არ მინდოდა, მაგრამ აივნის მოაჯირს მიეხეთქა და ძირს გადავარდა…

ფიქრია ტიროდა, მის გვერდით კი გაქვავებული იდგა გივი გრიგალაშვილი. ის იმ წუთებში ყველაზე უმწეო იყო მათ შორის, ვინც კი მანამდე დვალიშვილს ენახა. იურისტს იქნებ ცრემლიც მოსდგომოდა, მაგრამ ტირილს დიდი ხნის წინ გადაეჩვია.

ბერია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ცოლი რამდენიმე თვეში გაეყარა და ქონება შუაზე გაუყო.


აგრეთე წაიკითხეთ:

ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ - როგორ ცხოვრობს გელა დაიაური, ცოლისა და 3 მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალების შემდეგ

Video: საკუთარი „სიკვდილის“ ქრონიკის ყურება“ რთულია - მიშა მესხის სკანდალები

თბილისელი და ქუთაისელი „კანონიერი ქურდების განგსტერული ომები“ და სიკვდილისთვის გაწირული ტარიელ ონიანი - ლაშა შუშანაშვილის ამბები