„პოლიტიკაში არეული ქურდული სამყარო და კრიმინალით გაჯერებული პოლიტიკა“, - ასე ეხმაურება აფხაზური მედია რეგიონში მიმდინარე კრიმინალურ პროცესებს, რომელიც 2018 წელს ხდებოდა.
აფხაზეთში „კანონიერი ქურდებისა“ და „კრიმინალური ავტორიტეტების“ ბრძოლამ კარგა ხანია სახიფათო მასშტაბი შეიძინა. ე.წ კანონიერი ქურდის, 52 წლის რაულ ბარცბას ავტომობილს ყუმბარსატყორცნი ესროლეს. როგორც ამბობდდნენ, ეს გამაფრთხილებელი გასროლა იყო.
ბარცბა ქურდულ სამყაროში „პიზას“ მეტსახელით არის ცნობილი და წლებია, აფხაზეთში გავლენიან ქართველ, ასევე ე.წ. კანონიერ ქურდ ნიკოლოზ დგებუაძესთან, იგივე „ნიკა გაგრინსკისთან“ არის დაპირისპირებული.
რუსული გამოცემის ცნობით, ბარცბასთვის მიუღებელია, რომ აფხაზეთში თანხები არასწორად ნაწილდება. მას ე.წ. კანონიერი ქურდების მოშორება სურს.
მათ შორის რეგიონში გავლენიანი პირები - მისივე „ნათლული“ ასტამურ შამბა (ასტიკი) და ალხაზ ავიძბა (ხასიკი). მოსახლეობა მათ „სამეულად“ მოიხსენიებს და ბევრისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, ავტორიტეტები არიან.
ბარცბას „სამეულმა“ ქართველი ქურდებისგან „ობშიაკი“ მოითხოვა. „ობშიაკის“ ბარცბასთვის მიცემის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ე.წ. კანონიერი ქურდი, გალელი მურმან ლემონჯავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბარცბას „გალში ვიზიტი“ შეტაკების გარეშე ვერ ჩაივლიდა.
დაპირისპირება თავიდან რომ აერიდებინათ, რუსეთიდან გალელმა ქურდმა კახაბერ ფარფალიამ დარეკა და მათ თანხის ბარცბასთვის გადაცემა ურჩია... აფხაზური მედიის ცნობით, თანხა, რამდენიმე ათეული ათასი დოლარი, გალელი თხილის გამყიდველებისგან არის აგროვებული...
„თუ ქურდულ სამყაროში, პოლიტიკასა და ეკონომიკაშიც ერთიანი ვიქნებით, ბიუჯეტში მეტი „შავი ფული“ წავა“, - ამ ნახევრად ირონიული სათაურით შეეხმიანა ადგილობრივი გამოცემა რეგიონში ე.წ. კანონიერი ქურდების მიერ გავლენების გადანაწილებას.
აფხაზური მედიის ცნობით, აღარავის უკვირს, რომ რეგიონში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, „კანონიერი ქურდები“ და პოლიტიკოსები სხვადასხვა საკითხს ერთობლივად წყვეტენ. ამიტომაც ის, რომ ბარცბა, იგივე „პიზა“, აფხაზეთში გავლენებს იძლიერებს, ე.წ. ხელისუფლების პირდაპირი დამსახურებაა.
მურმან ლემონჯავა ოკუპირებულ აფხაზეთში ხელშეუხებელ ფიგურად ითვლებოდა. შესაბამისად, ეთნიკურად და პოლიტიკურად მოტივირებულ ბარცბას, სურდა თუ არა, მისთვის ანგარიშის გაწევა უწევდა... არსებული ცნობით, ე.წ. ქურდული კანონები ადამიანებს ეროვნების მიხედვით არ ყოფს, რაულ ბარცბა კი სწორედ ეთნიკური მიდგომით გამოირჩევა, რასაც მისი „კოლეგები“ კატეგორიულად აპროტესტებენ.
ბარცბასთან შეჯახებას ვერც გაგრელი ქართველი ნიკოლოზ დგებუაძე გადაურჩა. ბარცბა წინააღმდეგი იყო, დგებუაძეს გავლენა ჰქონოდა აფხაზეთში. ნიკა გაგრინსკი უკან არ იხევს და როგორც მშობლიურ ქალაქში, ასევე რეგიონში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
2017 წლის 24 აგვისტოს გუდაუთაში ე.წ. ქურდების შეხვედრისა და გავლენების გადანაწილების შესახებ მოლაპარაკების მცდელობა სისხლიანი გარჩევით დასრულდა. მაშინ ნიკა გაგრინსკი დაჭრეს. სიკვდილს გადაურჩა მის მხარდასაჭერად თურქეთიდან გუდაუთაში ჩასული კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“ რაშად ისმაილოვი.
ის აზერბაიჯანული კლანის წევრია და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდის“, ნადირ სალიფოვის სახელით არის ცნობილი...
მაშინ ბარცბას კრასნოდარიდან და სტავროპოლიდან ჩამოსული ქურდებიც გაუსწორდნენ, მაგრამ მან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც კიდევ ორი „ავტორიტეტი“ - რაშიდ ალიევი (რაშად გიანჯინსკი) და რომან დმიტრიევი (რომა სტავროპოლსკი) დაიჭრნენ.
შეხვედრა მიმდინარეობდა ერთ-ერთი კრიმინალის სახლში, რომელიც „ნეიტრალურ ზონად“ ითვლება. მასზე აფხაზური მილიციის იურისდიქცია არ ვრცელდება...
აფხაზები მაშინვე ვარაუდობდნენ, რომ მათ კონფლიქტს გაგრძელება მოჰყვებოდა, რადგან ნიკა დგებუაძე აფხაზეთში „კანონიერი ქურდების“ მიწვევით იყო ჩასული, მისი ცემა კი მათი ავტორიტეტის ხელყოფას ნიშნავს...
ასე რომ, სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, სალიფოვმა ბარცბას შეუთვალა, შენი დღე აუცილებლად დადგებაო.
რუსული მედიის ცნობით, მისი სასტიკი ბუნებიდან გამომდინარე, სალიფოვი ასეთ დაპირებებს აუცილებლად ასრულებს...
აგრეთვე წაიკითხეთ: