ფილმ„ჩემი ქალაქის ვარსკვლავში“ მსახიობი ქალის როლს მედეა ბიბილეიშვილი ასრულებს. თავისუფლების წყურვილით სავსე, ჰაეროვანი და მიმზიდველი ქალი იყო.
დღეს სწორედ მის შესახებ გიამბობთ.
„მიყვარს მზე, განსაკუთრებით შემოდგომის. ასე მგონია, მზის ენერგიით ვივსები და სიცოცხლეც მემატებაო“, - ამბობდა მსახიობი.
ბავშვობა
ჩემი ბავშვობა ლამაზ ფერებში დახატულ უმშვენიერეს სურათს მაგონებს. მშობლები პროფესიით ექიმები იყვნენ. მამა - მეან-გინეკოლოგი კამოზე, მეორე სამშობიაროში მუშაობდა, მთავარი ექიმის მოადგილე გახლდათ; დედა ვენეროლოგ-დერმატოლოგი იყო. მათ თეატრი უსაზღვროდ უყვარდათ. ვორონცოვზე დიდი სახლი გვქონდა და ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები.
თუკი რაიმე კარგი არსებობს ჩემში, ჩემი მშობლებიდან არის, ცუდი კი, საკუთრივ ჩემია... ერთი შეუხედავი, სასაცილო და კნაჭა გოგო ვიყავი. ახლობლები ჩემზე ასე ხუმრობდნენ: მედიკო უშნო და საძაგელ იხვის ჭუჭულს ჰგავდა, რომელიც მოგვიანებით მშვენიერ გედად გადაიქცაო.
ჩემი ბავშვობა ფათერაკებით იყო სავსე. სამჯერ დავუძვერი სიკვდილს. ერთხელ 7 წლისას, საჩუქრად პატარა ბატკანი მომიყვანეს. სულ მის ფერებაში ვიყავი. ეტყობა, მისგან გადმომედო ჯილეხი - ციმბირის წყლული.
ჩემ გადარჩენაზე ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. მახსოვს, გაგიჟებულმა მამამ ტუჩებზე დაფენილი სველი ტილო როგორ მომგლიჯა და მთელი სახე დამიკოცნა. სასწაული მოხდა... იმ დღიდან სიცხემ დამიკლო და მოვჯობინდი.
მეორედ, მორიელმა დამკბინა, მესამედ კი მუცლის ტიფი დამემართა.
ეტყობა, ღმერთს არ ვემეტებოდი სიკვდილისთვის.
მშობლების ნებიერას ფერადი ბავშვობა მქონდა. ჩვენთან ხშირი სტუმრები იყვნენ სესილია თაყაიშვილი, ირაკლი აბაშიძე, მარინე თბილელი და მისი მეუღლე, კაკო დვალიშვილი, ცნობილი ექიმი ზაზა კახიანი.
მეათე კლასში საშემოდგომო გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი გეომეტრიასა და ქიმიაში. სწორედ იმ დროს გვესტუმრა ბატონი კაკო დვალიშვილი, იმდროინდელი კულტურის მინისტრის მოადგილე.
მამამ სთხოვა, გამონაკლისის სახით, ატესტატის გარეშე, რეკომენდაცია გაეწია ჩემთვის თეატრალურ ინსტიტუტში. მართლაც, ინსტიტუტის რექტორმა, ილია თავაძემ დამიშვა მისაღებ გამოცდაზე, გამომცდელი მიხეილ თუმანიშვილი იყო და როცა მომისმინა, ხელები საქმიანად მოიფშვნიტა: ეს გოგონა გეომეტრიის გარეშეც მშვენივრად გაძლებსო...
კინო და თეატრი
ხშირად მეკითხებიან, რომელს ანიჭებთ უპირატესობას, თეატრს თუ კინოსო? დაუფიქრებლად ვპასუხობ: რა თქმა უნდა, თეატრს!
მუდმივად ვიხსენებ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ჩემს სპექტაკლებს და როლებს, რომლებიც სულით ხორცამდე შევიყვარე და გავითავისე.
სულ სხვაა თეატრის სცენა, სადაც შენს სახეს გამუდმებით ხვეწ, კინოკამერის წინ კი რთულია თამაში, რადგან რამდენიმე დუბლის შემდეგ რეჟისორი არჩევს მისთვის მისაღებს, მსახიობს კი უკმარისობის გრძნობა რჩება.
35 წელი ვიმუშავე მარჯანიშვილის თეატრში. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში შემცირებაში მოვხვდი.
სკანდალები არ მჩვევია, წყენა გულში ჩავიკალი და წამოვედი. ერთხელაც, ერთ-ერთი მსახიობის საღამოზე მივედი და ადმინისტრაციამ უბილეთოდ არ შემიშვა. ბურთი გამეჩხირა ყელში, ცრემლები ძლივს შევიკავე, გამოვტრიალდი, ვიყიდე ბილეთი და ისე შევედი იმ შენობაში, სადაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება გავატარე. იმ ბილეთს კი დღემდე ვინახავ, როგორც რელიქვიას...
მეუღლე, ექიმ-ლარინგოლოგი, რამაზ ვადაჭკორია
„თავიდან ერთი წლის მანძილზე მირეკავდა და იწყებდა ასე: გახლავართ ექიმი რამაზ ვადაჭკორია, თქვენი ნიჭისა და სილამაზის თაყვანისმცემელი და მინდა თქვენი გაცნობაო... უარს ვეუბნებოდი, არასერიოზულად მიმაჩნდა ტელეფონით გაცნობა.
საოცრად ორიგინალური და რომანტიკოსი იყო. მას შევადარებდი მარად შეყვარებულ მერკუციოსაც და ერთადერთხელ შეყვარებულ რომეოსაც.
საჩუქრებიც და სიურპრიზებიც ორიგინალური იცოდა. ერთ-ერთი სპექტაკლის ბოლოს, სცენაზე ამომიტანეს ახალაფეთქებული, კვირტებგაშლილი ულამაზესი ატმის ხე - რა თქმა უნდა, რამაზის საჩუქარი. ყველა აღფრთოვანდა. დიდმა ვერიკომ კი მითხრა: რანაირი საჩუქარი არ მოუძღვნიათ ჩემთვის, ათასნაირი გვირგვინი, კალათი თუ თაიგული, მაგრამ ასეთი არასოდეს მოუფიქრებიათო...
24 წლის ვიყავი, როცა მარჯანიშვილის თეატრში დავიწყე მუშაობა. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ მთელი ჩემი ყურადღება როლებსა და სამსახიობო კარიერაზე იყო მიმართული.
ერთხელაც ტელეფონზე ვიღაც უცნობმა დამირეკა და თამამად მომახალა: ძალიან მომწონხართ და თქვენი გაცნობა მინდაო... ცივად ვუპასუხე, რომ მე არ მსურდა მისი გაცნობა. დიდი ხნის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება... უკვე ვიცოდი, რომ ეს ჯიუტი და ცოტა თავხედი თაყვანისმცემელი რამაზ ვადაჭკორია იყო, თბილისის კოლორიტი და ცნობილი ექიმ-ლარინგოლოგი.
ერთ საღამოს, როცა სპექტაკლი დამთავრდა და რადიოკომიტეტში ინტერვიუს ჩასაწერად გავემზადე, გასასვლელთან შეწუხებული სახით დამიხვდა მეგობრის ქმარი და მითხრა, ჩემი ცოლი შეუძლოდ არის და შენს წასაყვანად გამომაგზავნაო.
აღარც გამხსენებია ჩაწერა, შეშფოთებული გავყევი სახლში. იქ კი, სიმპათიური მამაკაცი და გაშლილი სუფრა დამხვდა. ეს კაცი ჩემი თაყვანისმცემელი რამაზი აღმოჩნდა.
ცოტა არ იყოს, გავბრაზდი ჩემს მეგობარზე, ამ "შეთქმულებაში" რომ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ისეთი ლამაზი საღამო გამოვიდა, მასპინძელ ოჯახს დიდსულოვნად შევუნდე. იმ საღამოს რამაზმა შინ მიმაცილა და მორჩა, მას შემდეგ აღარც დავშორებულვართ.
რამაზი დაოჯახებული იყო. მამას კარგა ხანს ვუმალავდი მის არსებობას, რადგან ვიცოდი, არ მაპატიებდა ცოლშვილიანი კაცის სიყვარულს. მართალი გითხრათ, სულ მჯეროდა, რომ სხვისი ოჯახის დანგრევის მიზეზი არასოდეს გავხდებოდი, მაგრამ თურმე არასოდეს უნდა თქვა "არასოდეს".
ჩვენ უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი და ერთი დღეც აღარ შეგვეძლო ერთმანეთის გარეშე. ჩვენი სიყვარული აბობოქრებულ ზღვას, მთიდან წამოსულ ზვავს ჰგავდა და მისი დამშვიდება მხოლოდ დაქორწინებას შეეძლო... და ჩვენც დავქორწინდით.
შეგვეძინა გოგონა, თამარი. საოცრად თბილი მამა იყო რამაზი, მაგრამ ბევრჯერ გამომტყდომია, - სიგიჟემდე მიყვარს თამუნა, მაგრამ შენ მასზე მეტადო... ვბრაზდებოდი, ამას დედა ხომ არასოდეს იტყვის-მეთქი. რა ვქნა, ვერ მოგატყუებო. ბედისწერასავით იყო რამაზის სიყვარული.
11 წლის მანძილზე სულ ფორიაქა ცხოვრებით ვცხოვრობდი, სულ მეშინოდა, რომ რამე არ მოსვლოდა, სადმე არ გადაჩეხილიყო, ის ხომ საოცრად ბობოქარი პიროვნება იყო. აკი, გამართლდა ჩემი წინათგრძნობაც. ზუგდიდში წავიდა მეგობრის დაკრძალვაზე და იქიდან წამოსული ავარიაში მოყვა, ადგილზევე გარდაიცვალა.
შოკი იყო ჩემთვის მისი სიკვდილი. ნათესავი მოვიდა და შემაპარა, - რამაზი ავარიაში დაზიანდა და თავი აქვს გატეხილი, მცხეთის საავადმყოფოშიაო... მაშინვე გავეშურე.
რამაზის მეგობრები სახეს მარიდებდნენ, მამაჩემის ბევრი მეგობარიც იქ იყო. ერთ-ერთმა სამძიმარი რომ მითხრა, გული გამიჩერდა... მერე უკვე აღარაფერი მახსოვს. მართალია, ჩვენ ერთად 11 წელი ვიყავით, მაგრამ ის პერიოდი მთელ ცხოვრებას გადაწონის. რამაზს ჰქონდა საოცარი იუმორის გრძნობა, სიყვარულიც დიდი იცოდა და სიურპრიზებიც რომანტიკული ახასიათებდა.
ჩემმა თეატრმა ძალიან შეიყვარა და დასის მეგობრად ითვლებოდა. ეჭვიანი იყო, მაგრამ ისიც იცოდა, რომ მე მისი ერთგული ვიყავი და კონფლიქტამდე არასოდეს მივდიოდით. ხშირად გადაღებებსა და გასტროლებზეც დამყვებოდა.
ფილმ "ჩემი ქალაქის ვარსკვლავის" გადაღებებზე კარლო საკანდელიძე ცდილობდა თავი მოეწონებინა ჩემთვის, მაგრამ როგორც კი რამაზი გამოჩნდა, უკან დაიხია. ერთ-ერთი მსახიობისთვის უთქვამს, - მედიკო მე კი არა, არავის ზედ არ შეხედავს, იმისთანა კაცს უყვარსო...
ერთხელ, მოსკოვში მივდიოდით გასტროლებზე, მატარებლით უნდა გვემგზავრა. რამაზმა ვერ მოახერხა ჩვენთან ერთად წამოსვლა. უზარმაზარი კალათი აავსო ნაირ-ნაირი ხილით და მთელი დასი ორი დღე გემრიელად შევექცეოდით. მოსკოვის რკინიგზის სადგურზე რომ შევედით, იასამნის ხე დავინახე.
უზომოდ მიყვარს იასამანი და ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ამ ბაქანზე რამ ამოიყვანა-მეთქი. როცა ყველანი გამოვიშალეთ, იასამნის ხის უკან ამოფარებული ჩია ტანის "პესო" დავინახე. ის რამაზის ხელოსანი და მისი მარჯვენა ხელი იყო. "პესო" რამაზმა დაარქვა. მას რამაზის თეთრი კოსტიუმი ეცვა, პიჯაკის გრძელი სახელოები ხელის მტევნებს უფარავდა, ეკეთა შავი სათვალე და ეხურა ფეტრის თეთრი შლაპა.
თურმე, რამაზს გამოუწყვია ასე, თბილისშივე უყიდია იასამნის ხე, გამოფრენის წინ გვარიანად დაუთვრია, რადგან ფრენის სიკვდილივით ეშინოდა და იმ დღეს გამოამგზავრა, როცა ჩვენი მატარებელი მოსკოვში ჩავიდა. "პესოს" შემხედვარეს ძნელი იყო, არ გაგცინებოდა და ჩვენი დასის ხარხარი მთელ სადგურზე ისმოდა.
დავბინავდით სასტუმრო "როსიაში" და ვახშამზე "პესოც" დავპატიჟე. ძლივს მოვხადე შლაპა, შავი სათვალე კი არ მოიხსნა, - ბატონმა რამაზმა მითხრა, სულ გეკეთოსო. მთელი რესტორანი ჩვენ შემოგვყურებდა. "პესო" მხრებამდეც ვერ მწვდებოდა და ალბათ, უკვირდათ, ასეთი "კავალერი" რომ მახლდა.
ორ უცხოელს, რომელმაც ცეკვაზე გამიწვია, უარი ვუთხარი, ჩემი თანმხლები მამაკაცი კავკასიელია და თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თქვენთან თუ ვიცეკვებ-მეთქი, სამაგიეროდ "პესოს" ვეცეკვე.
მთელი დარბაზი გაფართოებული თვალებით მოგვჩერებოდა, "პესო" კი უბედნიერესი იყო. რამაზს დაწვრილებით ვუამბე ტელეფონით ეს ამბავი და ბევრი იცინა. იგი ქალთა საზოგადოებაშიც დიდად პოპულარული გახლდათ, მაგრამ არ ვეჭვიანობდი, რადგან ვიცოდი, მხოლოდ მე ვუყვარდი.
განცალკევებული ვარდი
რამაზმა საგურამოში ულამაზესი სახლი საკუთარი გემოვნებით ააშენა. ეზოს ნაწილი ევროპულად მოაწყო – აუზით, ფერადი ქვებით მოკირწყლული ბილიკებით, ფერადი საქანელებით, ქოლგებით… სახლის უკან კი სოფლის კუთხე მოაწყო ჩაწნული ღობით, თონით, ნალიით. ეზოში ვარდების ბაღი გააშენა.
ერთხელ გაიგო, რომ ულამაზესი ჯიშის ვარდი არსებობდა, რომელსაც მედეა ერქვა, მაგრამ ვერსად იშოვა. მერე გაიგო, რომ ეს ჯიში კისლოვოდსკში ხარობდა. ერთ-ერთი მეგობარი სპეციალურად გააგზავნა და “მედეა” ჩამოატანინა. ვარდი განცალკევებით, აუზთან დარგო.
– “მედეა” ულამაზესი ვარდია, ფორთოხლისფერი დაჰკრავს. მეუბნებოდა, ეს შენ ხარო. განცალკევებით რომ დარგო, არ მესიამოვნა. ვუთხარი კიდეც, ასე მარტო რატომ დარგე-მეთქი. მიპასუხა, შენ ხომ ერთი და განუმეორებელი ხარ, სხვა ვარდებს რატომ უნდა შეერიოო.
უცნაურია, მაგრამ მეც იმ ვარდივით მარტო დავრჩი. ერთხელ ჩემი და რამაზის სურათი დავკარგე. როგორც ჩანს, ვიღაცამ მოიპარა. ძალიან შევწუხდი, რამაზმა კი მითხრა, შენ ხომ ჯოკონდა ხარ, რომელიც უნდა მოიტაცოო, – იხსენებს ქალბატონი მედეა.
ორი მამაკაცის ომი
შვილის გათხოვების წინააღმდეგი მამა ყველანაირად ცდილობდა, ეს ქორწინება არ შემდგარიყო. ერთ ქალზე შეყვარებული ორი უახლოესი მამაკაცი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდა. საბოლოოდ სიყვარულმა გაიმარჯვა და არაორდინარულობით გამორჩეულ სიძეს სიმამრი შეეგუა.
ტრაგედია
მეუღლის სიკვდილის მერე დიდხანს მქონდა სიცარიელე და ტკივილი. ძალიან ახალგაზრდა, 40 წლის რამაზ ვადაჭკორია დავკარგე, კარგა ხნის მერე მშობლებიც გამომეცალნენ, მერე თეატრიდან გამომიშვეს და მიუხედავად ამისა, მაინც ბედნიერ ქალად ვთვლი თავს, რადგან ღმერთმა ჯილდოდ მარგუნა ასეთი მშობლების შვილობა და ისეთი სიყვარული, როგორიც მე და რამაზს გვქონდა.
გარდაცვალება
2008 წელს თავადაც შეუერთდა მარადისობას. წავიდა იმქვეყნად, სადაც ყველაზე ერთგული და მოსიყვარულე მეუღლე ეგულებოდა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
VIDEO: დაათვალიერეთ ბათუმელი მოდელის „შუშის სასახლე“
ოჯახის მიტოვება, „ძველბიჭობის“ მცდელობა და რექტორობა - მეუფე ნიკოლოზის უცნობი ამბები