2016 თბილისის ერთ–ერთი სასტუმროს სამზარეულოში მომუშავე 36 წლის ქალი ეკატერინე ქავთარაძე მოკლეს.
6 ივნისს მას დაურეკა ქმარმა, კრიმინალური წარსულის მქონე, 37 წლის ბესო ოდიშელიძემ და სამსახურთან ახლოს შეხვედრა სთხოვა. ამ შეხვედრის დროს ეკატერინე ქავთარაძე ქმარმა მუცლის არეში ტყვიით დაჭრა. მოგვიანებით ქალი ერთ–ერთ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.
„თავიდან მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ის ასე შეიცვლებოდა,“ – იხსენებდა გარდაცვლილი ქალის ბავშვობის მეგობარი, ეკა ეხიზაშვილი, – შემდეგ ციხეში რამდენჯერმე მოხვდა... ეჭვიანობდა კიდეც და მოკვლით ემუქრებოდა, რადგან ცოლს გაყრა სურდა.
მას წასასვლელი არსად ჰქონდა. მშობლები დიდი ხნის წინ ჰყავდა გარდაცვლილი, მისი და კი იტალიაში მუშაობდა. არც კი ვიცი, ვინმეს უთხრა თუ არა ქმრის მუქარის შესახებ. ძალიან მორცხვი და გულჩათხრობილი გოგო იყო და საკუთარ პრობლემებზე ბევრს არასდროს ლაპარაკობდა“.
„ეკატერინე ძალიან კარგი, ძალიან თბილი და კეთილი ადამიანი იყო. ძალიან მტკივა გული, რომ ჩვენს გვერდით აღარაა, – ამბობს მისი ერთ–ერთი კოლეგა, რომელიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს, – ამ სასტუმროში გახსნის დღიდან (2015 წლიდან) მუშაობდა. რამდენადაც ვიცი, ქმარი მასზე საშინლად ეჭვიანობდა და ეკატერინესთან კონფლიქტი ჰქონდა. პირადად მის ქმარს არასდროს შევხვედრივარ, სამსახურში არასდროს მოსულა“.
ეკატერინეს თანამშრომელი 6 ივნისის უბედურ შემთხვევას ასე იხსენებს:
„კი, მეც იქ ვიყავი. ვუცქერდი მის სიკვდილს, მის ტანჯვით სავსე თვალებს. საშინელება იყო. უკვე ბოლო წუთებში, როცა გონს კარგავდა და გაუჩერებლად მთხოვდა, არ გამეშვა ხელი, ვერაფრით ვშველოდი. სიკვდილის წუთებშიც კი მთხოვდა, არ დამერეკა პოლიციაში – ბოლომდე თავის ქმარს იცავდა“.
გარდაცვლილის ქმარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11–109, 108 და 236–ე მუხლების მიხედვით გაასამართლეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
⭕აგრეთვე წაიკითხეთ: