„კაკოვიჩი“, „იშვიათი იმერლები“, „კომედი გრუპი“ - უამრავი ხუმრობა და საყვარელი პერსონაჟები, რომელიც ხალხმა შეიყვარა.
„გუშინ 2 გოგოსთან ერთად ვიწექი, მაგრამ ბებიასთან წოლას არაფერი ჯობია“... - ამ და სხვა ხუმრობით „იშვიათი იმერლები“ მან-სან-კანზე მაყურებლის განწყობაზე ზრუნავდა.
„დაიჯესტი“ 2 იუმორისტის, თემო ნიქაბაძისა და გივი პაპავას შესახებ გიამბობთ. ერთად გავიგოთ, როგორ გაიარეს გზა წარმატებისკენ „კომედი გრუპამდე“.
გაიხსენეთ ბავშვობა, რაზე ოცნებობდით, ვინ გინდოდათ გამოსულიყავით?
თემო: ფეხბურთი ძალიან მიყვარს და მინდოდა ფეხბურთელი გამოვსულიყავი. ვცადე კიდევაც, 2 წელი ვიარე და ისე გამოვიდა, რომ ჩემგან ფეხბურთელი ვერ გამოვიდოდა... შემდეგ, 15-16 წლის ასაკიდან იუმორის სფერომ გამიტაცა და მინდოდა იქ მოვხვედრილიყავი სადაც ახლა ვარ.
გივი: ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, ხონში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე. ბავშვობაში ერთი ოცნება მქონდა, ტელევიზორში გამოვჩენილიყავი, მსახიობობაზე ვოცნებობდი. მინდოდა, კომედიური ჟანრის მსახიობი ვყოფილიყავი. კიდევ, კალათბურთელობაც მინდოდა, მაგრამ სარკეში რომ ჩავიხედე მივხვდი, რომ ეს ოცნებად დარჩებოდა.
როდის გადაწყვიტეთ ვიდეოების სოციალურ ქსელში დადება და როგორ შეიქმნა „კაკოვიჩი“?
თემო: 2015 წელს გადავწყვიტეთ ვიდეოები გადაგვეღო. კარგი გამოხმაურება მოჰყვა, რაც დიდი სტიმული იყო იმისა, რომ უფრო კარგი ვიდეოები გადაგვეღო.
გივი: ერთ-ერთი ცივი სასმლის რეკლამა გადავიღეთ, იუმორისტულად - ქუთაისური ვერსია. აქ ვახსენეთ სიტყვა „კაკოვიჩი“, თან თემოს მამას ჰქვია კაკო და ვიდეოს პოპულარობასთან ერთად ამაზე გაჩნდა მოთხოვნა. შემდეგ გავაკეთეთ გვერდი და დავარქვით „კაკოვიჩი“, სადაც სხვადასხვა იუმორისტულ ვიდეოებს ვდებდით.
როგორ მოხვდით მან-სან-კანზე?
თემო: ვიჯექი საკლასო ოთახში და შემოვიდა მან-სან-კანის ერთ-ერთი გუნდის, „იშვიათი იმერლების“ დამფუძნებელი ზაზა ლეჟავა, რომელიც იუმორისტული პროექტისთვის ბავშვებს არჩევდა. მეც ამიყვანა, საბოლოოდ, ისე შევედი მუღამში, ისე მომეწონა თამაში, რომ სკოლის შემდეგ ქუთაისის გუნდში „იშვიათ იმერლებში“ გადამიყვანა.
გივი: თავიდან ხონში, სკოლაში ვთამაშობდი, სკოლებს შორის ჩემპიონატს. შემდეგ ზაზა ლეჟავა, მაკვირდებოდა და ქუთაისის გუნდში წამიყვანა. „იშვიათ იმერლებში“ 4 წელი ვითამაშე, მეხუთე წელს ჩემპიონები გავხდით, შემდეგ საუკეთესო მოთამაშე და ასე...
რა გრძნობაა ფართო აუდიტორიის წინაშე დგომა და რამე რიტუალი თუ გქონდათ სცენაზე გასვლის წინ?
თემო: მან-სან-კანს სულ სხვა მუღამი აქვს, რადგან ცოცხლად ხვდები ხალხის რეაქციას. ამას დიდი სიამოვნება მოაქვს. როდესაც ხუმრობას მორჩები და ხალხი იცინის, ახალ ხუმრობაზე რომ გინდა გადასვლა და მათი ოვაციები ამის საშუალებას არ გაძლევს და სიტყვას გაწყვეტინებენ, ყველაზე კარგი გრძნობაა.
გივი: ეს უნდა განიცადო. როდესაც ხუმრობას ამბობ და ამაზე ბევრი ადამიანი იცინის საოცარი გრძნობაა. გრძნობ, რომ ხარ ადამიანი, რომელიც ერთი მოქალაქის, ერთი დღის, ერთ საათს ცვლის და ამხიარულებს.
სცენაზე გასვლის წინ მუსიკებს ვუსმენდი. ძირითადად სუფრულ, ტაშფანდურა სიმღერებს: მერაბ კაშიას, „ტრულაილას ფული რად უნდა“ და მსგავსნი, რომ მეტი პოზიტივი მქონოდა.
როგორ ქმნით პერსონაჟებს?
თემო: თავისთავადი პროცესია. ერთჯერადი გმირების შექმნის შემდეგ ხალხის რეაქციიდან, გამოხმაურებიდან, გამომდინარე ვხვდებით რამდენად მოეწონათ პერსონაჟი და შემდეგ კვლავ ვაკეთებთ სკეტჩებს მასზე.
აგრეთვე ისეც ხდება, რომ გმირებს რეალობიდან გამომდინარე ქმნი, მაგალითად: მასწავლებელი, სადღაც ნანახი მაქვს და ნაზავი გავაკეთე.
გივი: არის პერსონაჟები, რომელზეც ვფიქრობ... კლუბის სკეტჩს რაც შეეხება, არიან ქართველი ბიჭების ის კატეგორია, რომლებიც გოგოს თავის მოსაწონებლად ყველაფერს აკეთებენ - აი, აქედან წამოვიდნენ ეს პერსონაჟები.
რა შეცვალა თქვენ ცხოვრებაში „კომედი გრუპმა“?
თემო: ოცნება ამიხდინა. დაარსების დღიდანვე ვუყურებდი სკეტჩებს და მათთან ერთად რომ მოვხვდი, ძალიან გამიხარდა. აგრეთვე, ის რომ მეტმა ადამიანმა გამიცნო და როცა ამდენ ხალხს უყვარხარ, თან შენ საყვარელ საქმეს აკეთებ, მეტი დიდი სიამოვნება არ არსებობს.
გივი: ალბათ, ის რომ ადამიანებს, ვისაც დიდი ხანი ვუყურებდი ტელევიზორში, შევხვდი. თავიდან სიმორცხვეც იყო, დისკომფორტიც, მაგრამ მერე მათი დახმარებით ეს ბარიერი გადაილახა, დავმეგობრდით...
აგრეთვე, ბევრი რამ შეიცვალა პოპულარობის მხრივ. აი, მაგალითად ქუჩაში, ადრე რაიმე სისულელეს თუ გავაკეთებდი, ბევრი არ მიცნობდა და რეაგირება არ იყო, ახლა რომ გავაკეთო უფრო ყურადღებას მივიქცევ. როდესაც ცნობილი ხდები, ისეთი რაღაცები უნდა აკეთო, რაც საზოგადოებისთვის მისაბაძი მაგალითი იქნება.
დები კეკე და ნიცა - ვისი პროტოტიპია? როგორ შექმენით ეს პერსონაჟები?
თემო: გაუთხოვარი გოგოების თემა ჩემი და გივის იდეა იყო.
დღეს საქართველოში გათხოვების პრობლემა აქტუალური თემაა. წარმოვიდგინეთ, რომ ქალების ამპლუაში ძალიან შეუხედავები და სასაცილოები ვიქნებოდით... მართლაც ასეც გამოვიდა და პერსონაჟები მაყურებელს ძალიან მოეწონა. ეს გოგოები ვერა და ვერ თხოვდებიან...
როგორია თქვენი ურთიერთობა კადრს მიღმა?
თემო: მე და გივის ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ფაქტობრივად ერთი ოჯახი ვართ. ერთად ბევრი მარცხი და წარმატება გამოვიარეთ. მისი ბავშვის ნათლია ვარ.
გივი: დიდი ხანია ვმეგობრობთ, კადრს მიღმა არ განვსხვავდებით, ისეთები ვართ, როგორც ეკრანზე. ისე ცალკე აღებული „მეს“ არ მიყვარს ხუმრობა, ცალკე მე ძალიან განვსხვავდები ეკრანზე მყოფი გივისგან, მაგრამ თუ თემოსთან ერთად ვარ, მაშინ ზუსტად ისეთები ვართ, როგორც ეკრანზე.
გამორჩეული ისტორია, რამაც შეგცვალათ და არასდროს დაგავიწყდებათ...
თემო: როდესაც „კომედიში“ პირველად მივედი და საერთოდ, როდესაც პირველად იწყებ რამეს, რთულია მოერგო გარემოს. თან როცა ამდენი ხანი ადამიანებს ტელევიზიით ხედავ და უცებ მათთან ერთად გიწევს მუშაობა. ამ სირთულეების გადალახვაში და ნერვიულობაში ძალიან დამეხმარა „კომედი გრუპი“.
აგრეთვე, ის ფაქტიც, რომ როდესაც ქუჩაში გავდიოდი და ბევრ თბილ სახეს ვხედავდი, ძალიან მსიამოვნებდა და ბევრი რამ გადამალახვინა. ამის შემდეგ უფრო გავიხსენი და ახალ პერსონაჟებზე მუშაობაც დავიწყე.
გივი: სიმთვრალეში გადამხდარი ისტორია მახსენდება: სანამ „კომედიში“ აგვიყვანდნენ ქუთაისში ვიყავით... ერთხელ ბევრი მომივიდა დალევა, სენტიმენტები შემომაწვა... ქუთაისში პარკში ვიჯექი და ერთ ჩვენ მეგობარ გოგოს დავურეკე. შემდეგ ამ გოგომ დაურეკა თემოს და უთხრა გივის მიაკითხეთ, ქუთაისის პარკში ზის და ტირის-ო. რატომ ვიჯექი და რატომ ვტიროდი არ ვიცი...
⭕აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵24 წლის ასაკში დაოჯახება, განშორება და რომანი მეგი გოგიტიძესთან - ჯაბა კილაძის აქამდე უცნობი ამბები
🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი