2019 წლის 27 ნოემბერს, პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოში 36 წლის ვისური მუთოშვილი მოკლეს.
უთანხმოებისას დაიჭრა 2 ადამინი, როგორც გაირკვა, დაჭრილთაგან ერთ-ერთი პანკისის ხეობაში „ქართული ოცნების“ იმდროინდელი კოორდინატორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის მერაბ ქავთარაშვილის ძმა, მურად ქავთარაშვილი იყო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა, შესაძლოა, „ხადორი 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას უკავშირდებოდა.
ადგილობრივების თქმით, მოკლულის ახლობელი და მისი თანამოაზრეები, ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ, მანამდე სცემეს, რის გამოც გვარებს შორის დაპირისპირება გაღრმავდა.
მკვლელობის კიდევ ერთ მიზეზად გვარებს - დუისელ ქავთარაშვილებსა და ჯოყოლოელ მუთოშვილებს შორის მანამდე არსებული დაპირისპირება სახელდება. კონფლიქტის მოგვარებას პანკისის უხუცესთა კავშირიც ცდილობდა.
ტრაგედია
28 ნოემბერს მიწას მიაბარეს 5 შვილის მამა, ვისური მუთოშვილი. ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დაპირისპირება ტრაგედიით დასრულდა.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის ატეხილ ორმხრივ სროლებს პოლიციელები შეესწრნენ, მაგრამ დანაშაულის აღკვეთა ვერ შეძლეს.
ერთ-ერთი ვერსიით, გვარები ერთმანეთს პირადი მიზეზით გადაეკიდნენ, მეორე ვერსიით კი მკვლელობა, სავარაუდოდ, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას უკავშირდება.
ლუიზა მუთოშვილი, გარდაცვლილის ახლობელი:
ეს არის ჰესის მშენებლობის საკითხზე დაწყებული დავა და ის ადამიანები, რომლებიც ლობირებდნენ ჰესის მშენებლობის საკითხს ხეობაში, ვის უკანაც დგას მთავრობა, პოლიცია, მათ მოკლეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჰესის შენებლობას. ღიად ხეობაში ვინც ამ საკითხს ლობირებს, არიან ქავთარაშვილები და ფარეულიძეები.
საქმე გახსნილია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვისური მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია.
„ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი, 1982 წელს დაბადებული ვისური მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია.
დაკავებული 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ. ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“,- წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ნათლიამირონობა ივანიშვილთან, ავადმყოფობა და სხვა ამბები ძმებ გაჩეჩილაძეებზე