Digest Logo

„ჯოჯოხეთი გავიარე, როცა საქართველოში ჩამოგასვენეს და მე ვტიროდი უცნობ დედას... გაუფრთხილდით დედებს. ხელი ჩასჭიდეთ, ხმელა პური ჭამეთ და გვერდით იყოლიეთ“ - ემიგრანტის შვილის სულის შემძვრელი წერილი

1637738078
ემიგრანტი

ქართველი ემიგრანტების თემაზე მომუშავე ვებგვერდი emigrantebi.org. ემიგრანტის შვილის სულის შემძვრელი წერილს აქვეყნებს. წერილის ავტორი შვილებს მიმართავს და სთხოვს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მშობლები ემიგრანტად არ გაუშვან და ერთად იპოვონ გამოსავალი.

„დედა… მე ხომ სულ რაღაც თვეების ვიყავი, როცა ჩემი დატოვება მოგიხდა და გადახვეწა სხვა ქვეყანაში. მაშინ, როდესაც უსუსურ ჩვილს დედა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, შენ გარეშე დავრჩი…

როცა პირველად რაღაც ბგერები შევაკოწიწე, ჩემი პირველი სიტყვა „დედის“ ნაცვლად ბებო ყოფილა. ბებო, რომელიც ზრუნავდა ჩემზე.

მერე ათასჯერ დავცემულვარ, მუხლები გადამტყავებია. თუ სხვა პატარები ასეთ დროს „ვაიმე, დედას იძახდდნენ“, მე „ვაი, ბებოს“ ყვირილი მიწევდა.

ვეგოისტობდი, როცა დედებს სასეირნოთ მიჰყავდათ პატარები და მათთან ერთად მხიარულობდნენ. მე კი შენი სახის ნაკვთებიც კი არ მახსოვდა, დედა… როგორ მაკლდა გულში ჩაკვრა დედის.

წამოვიზარდე… მახსოვს უკვე რაღაც საჯანდაბე ყუთთან დამსვეს, რასაც კომპიუტერი ერქვა. იმ დროისთვის ბედნიერების ყუთს ვეძახდი, ჩვენი პირველი კონტაქტი სწორედ კომპიუტერის საშუალებით დაიწყო. მერე გახშირდა „სკაიპში“ საუბრები.

თითქოს რაღაც სულ მარტო არ ვიყავი, მაგრამ მაინც ყოველთვის მაკლდი, დედა…

ის დღეც მახსოვს ჩემი პირველ კლასში პირველად სკოლაში წასვლის დღე, ყველას თავისი დედა ახლდა ყვავილებით ხელში, ამშვიდებდნენ გულაჩუყებულ ბავშვებს რომელთაც ცხოვრების ახალი ეტაპი ეწყებოდათ. მე კი იქაც შენ გარეშე ვიყავი, დედა.

წამოვიზარდე. ბებო შეუძლოდ გახდა. ახლა ბებოზეც მე უნდა მეზრუნა, როგორც ბებო ზრუნავდა ჩემზე. ამიტომ სახარბიელო მოსწავლე ვერ ვიყავი, დედა, ვერ გავამართლე შენი იმედები.

ვფიქრობდი, როგორ შეგეძლო წლები არ გენახე, წლები გეცხოვრა ჩემ გარეშე. ხანდახან მიფიქრია, რომ ისე ძალიან არასოდეს მოგნატრებივარ, როგორც მე მენტრებოდი.

წლები გავიდა, ბებო გარდაიცვალა. მე უკვე საკმაოდ დიდი გოგო ვიყავი. გემუდარებოდი, რომ დაბრუნებულიყავი, რაღაცას ვიზამდით, ოღონდ დაბრუნებულიყავი.

შენ იძახდი, ცოტაც, დედი, ცოტაც და ჩამოვალ, მშიერი ვერ გამყოფებ, გული გამისკდებაო.

ნეტა, მშიერი კუჭი ყოფილიყო და არ მეგრძნო ის სულიერი შინაგანი შიმშილი, სულ რომ მშიოდი და მწყუროდი…

მერე აგრესია დამეწყო, ჩავთვალე, რომ შენთვის სულერთი ვიყავი… ვერადავერ ვეღირსე დანაყრებას შენით, პირიქით, დედა, პირიქით, ერთხელაც ვერ ჩაგიკარი გულში…

უბედური დღე დამიდგა, ჯოჯოხეთი გავიარე, როცა საქართველოში ჩამოასვენეს შენი ცხედარი და მე ვტიროდი უცნობ დედას. მიცვალებულს გიკოცნიდი თვალებს. ვერ გპატიობდი ვერაფრით იმას, რომ შენ გარეშე გავიზარდე და შენი სითბო მაკლდა მხოლოდ სიდუხჭირის გულისთვის.

…მაგრამ განვლო წლებმა, მე გავთხოვდი არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში. სიდუხჭირეში… ვამბობდი, ჩემს შვილს ვერასოდეს დავტოვებ-მეთქი, მაგრამ მეც შენს გზას დავადექი. გზას, რომელიც შენ გაიარე…

ახლა, როცა აეროპორტში ვზივარ და უკვე დედის გადმოსახედიდან დედის შინაგან განცდებს ვიგებ, მრცხვენია, რომ მეგონა, არ გიყვარდი.

ახლა ვხვდები, რა მტკივნეულია, რა მწარეა, როცა გულიდან იგლეჯ თოთო ბავშვს. წინასწარ იცი, ვერ გაიგებ მის პირველ “აღუს“, პირველ “დედას”. ვერ იბედნიერებ მისი პირველი ნაბიჯების მზერით.

ცრემლები მახრჩობს და ჩემში მოკვდა ადამიანი, ახლა რკინის მანქანას ვგავარ, რომელსაც ემოციის და სისუსტის უფლება არ აქვს, რომ ოჯახი არჩინოს, რომ მისი შვილი დანაყრებული იძინებდეს, რომ ოჯახი გადარჩეს. დედა, ახლა ვხვდები, რა ჯოჯოხეთიც გამოგივლია ჩემთვის…

შენი ყოველი დღე წარმოვიდგინე ჩემ გარეშე და ლამის გული გასკდა, იმდენად მწარეა ამ ყველაფრის წარმოდგენა… მაგრამ მე სუსტი დავრჩი, ძალიან სუსტი, რადგან აი, ამ წამს გადავწყვიტე, წელში რომ გავწყდე, მჭადზე რომ გავზარდო, ერთმანეთს არ უნდა დავშორდეთ არავითარ შემთხვევაში…

არ მინდა, დავშორდე, დავაობლო ჩემი შვილი, ალბათ გამიგებს, ალბათ გაუძლებს სიდუხჭირეს ერთად ყოფნისთვის…

ეს სიტყვები მინდა, ზეცამდე ამოვიდეს, მინდა, მიხვდე, რომ აქ, აეროპორტში, უკვე ნათელი გახდა შენი ტკივილიანი და ჯოჯოხეთური გზა უჩემოდ. გზა, რომელსაც ემიგრანტი დედა გადის…

შვილებო, გაუფრთხილდით დედებს. ხელი ჩასჭიდეთ, ხმელა პური ჭამეთ და გვერდით იყოლიეთ, ამის ფასი არაფერია.

არ დაგავიწყდეთ, უთხრათ დედას ძალიან ხშირად:

– დედა, მიყვარხარ“…

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩემი დაიკო 20 წლის გახდებოდა...“ - ჯანეტ ქერდიყოშვილის დის ტრაგიკული ისტორია

🔵როგორ გაუმწარა ცხოვრება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჯოზეფ კეიმ და რატომ დაკარგა ნათელა პატარკაციშვილმა საკუთარი და - უცნობი ამბავი

🔵47 წლის კაცი მარტოხელა გოგოებს „ტროსტით“ სცემდა და შემდეგ ახრჩობდა - შემზარავი დანაშაული, რომელმაც 58 ქალის სიცოცხლე შეიწირა

🔵ცეკვის გაკვეთილზე მიმავალი 9 წლის ბავშვი სარდაფში ჩაიყვანა და მასზე იძალადა - სასტიკი მკვლელობა, რომელმაც საქართველო შეძრა

🔵რატომ ემალებოდა ნინო ჩხეიძის მამა ჟურნალისტებს 15 წელი - გაიცანით მომღერლის მშობლები