Digest Logo

„კანონიერი ქურდი“ „ტუზი“ ქურდული ღირსების შელახვას თბილისელმა ბიჭმა გადაარჩინა - გაუხმაურებელი ამბავი

1613376618
ქურდი და ციხე

თავანი

ქურდულ ბარაკში ოციოდე პატიმარი იყო შეკრებილი და შუაღამის დადგომას მოუთმენლად ელოდნენ. საქმე ის იყო, რომ 1973 წლის 25 იანვრის იწურებოდა ის დრო, როდესაც ავთო ცაბაძეს, მეტსახელად „ტუზის“, 10 ათასი წაგებული მანეთი უნდა ჩაებარებინა თავისი კოლეგისთვის – ივანე მალცევისთვის, რომელსაც „ბრიტვას“ ეძახდნენ.

ტუზი და ბრიტვა „კანონიერი ქურდები“ იყვნენ. ცაბაძემ მალცევთან 1 იანვარს ზარში წააგო ფული. ამგვარად, ტუზს თავანი ჰქონდა ჩასაბარებელი და ეს რომ არ გაეკეთებინა, „ქურდული პატივის“ აყრა ელოდა კოლეგების მხრიდან, ან, თავი უნდა მოეკლა, რომ საკუთარი ღირსება გადაერჩინა და ამქვეყნიდან ქურდის სტატუსით წასულიყო...

ტუზს თბილისში „ქსივა“ ჰქონდა გამოგზავნილი, რომელშიც ის 10 ათას მანეთს ითხოვდა. ეს ფული ცაბაძეს უპრობლემოდ შეუგროვეს და გაუგზავნეს თბილისელმა კრიმინალებმა, თანხის ჩატანა კი ქურდობის ტიტულის მაძიებელს, 27 წლის ნოდარ კაშიას – ნოდკას დაავალეს.

მან ფული სპეციალურ ქამარში დამალა და წელზე შემოირტყა. 9 იანვარს იგი უკვე სარანსკში იმყოფებოდა და მეცხრე კოლონიაში გასამგზავრებლად ემზადებოდა. მაგრამ, მოულოდნელად, ნოდკა სასტუმროს ნომერში დააპატიმრა მილიციამ.

მას მაშინვე მოხსნეს ქამარი, იქიდან 10 ათასი მანეთი ამოიღეს, კაშია კი დროებითი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს და ერთადგილიან საკანში გამოამწყვდიეს...

ნოდკა მიხვდა, რომ ყველაფერი საგანგებოდ იყო მოწყობილი და მისი ვოიაჟის შესახებ სარანსკელ მილიციელებს თბილისიდან აცნობეს. ამიტომ, მან ხმაური ატეხა, ყვიროდა და იმუქრებოდა, მაგრამ მის სკანდალს არავინ აქცევდა ყურადღებას.

ციხის ზედამხედველი დღეში ორჯერ მიდიოდა მასთან, „ბალანდა“ მიჰქონდა და „კარმუშკიდან“ აწვდიდა საკანში.

ასე გაგრძელდა 24 იანვრის საღამომდე და როდესაც ზედამხედველმა ნოდკას მორიგი „ბალანდა“ მიუტანა და „კარმუშკაში“ შეიხედა, დაინახა, რომ პატიმარი გისოსზე ზეწრით იყო ჩამოკიდებული... ზედამხედველმა სასწრაფოდ გააღო საკნის კარი და შიგნით შევარდა, რომ გისოსიდან ჩამოეხსნა, მაგრამ ნოდკამ მას წიხლი დაარტყა ყბაში, იატაკზე დააგდო და ზეწრით გაკოჭა, მანამდე კი უნიფორმა გახადა და თვითონ ჩაიცვა, გასაღებების შეკვრას ხელი დაავლო და საკნიდან გავიდა...

ნოდკამ „კაპეზეს“ კიდევ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიარა და ციხის გარეთ აღმოჩნდა... იმავე ღამეს, ანუ თავანის ჩასაბარებელი ვადის ამოწურვამდე 24 საათით ადრე, ნოდკამ გაყინულ, უცხო ქალაქში ორი ყაჩაღობა ჩაიდინა. მან ჯერ მოტყუებით შეაღწია ვინმე ანტონ ვავილოვის ბინაში, რომელიც ოქროს მომპოვებელი კომბინატის დირექტორი იყო და 7 ათასი მანეთი წაართვა. შემდეგ ვავილოვთან ერთად მის მეზობელს, ლევ პავლოვს ეწვია და 4 ათასი მანეთის „კონფისკაცია“ გაუკეთა. ბოლოს კი, ორივე დაზარალებულს მოკვლით დაემუქრა, თუ ისინი მილიციაში იჩივლებდნენ. მან პავლოვის სამოსი ჩაიცვა და სიბნელეში გაუჩინარდა...

ნოდკა მე-9 საპყრობილეში მიდიოდა, რომ ტუზის თავანი ჩაეტანა, მასზე დაკისრებული ნდობა გაემართლებინა და ქურდის ღირსებაც გადაერჩინა...

შუაღამის დადგომას 30 წუთი აკლდა. ტუზი ბარაკის კუთხეში ფანჯარასთან იყო წამოწოლილი და თვითმკვლელობისთვის ემზადებოდა... მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ თვითნაკეთი დანა გულში გაეყარა და ამგვარად დაესრულებინა სიცოცხლე. ტუზმა ლეიბის ქვეშ შეყო ხელი და დანა გამოაცურა. შემდეგ ფეხზე წამოდგა და კარისკენ გაემართა, რომ გარეთ გასულიყო. მაგრამ, მოულოდნელად ბარაკის კარი გაიღო, ზღურბლზე ზედამხედველი გამოჩნდა და წინ შეფეთებულ ტუზს ხვეული გაუწოდა, თან უთხრა:

– აი, გამომართვი, აქ 10 ათასი მანეთია...

ტუზს სიხარულისგან ლამის გული გაუსკდა და „ბრიტვას“ დათქმულ დროში ჩააბარა ფული. შემდეგ, ზედამხედველს დაუძახა, ყველაფერი დაწვრილებით გამოკითხა და გაიგო, რომ ფული მას ნოდკამ მიუტანა, რომელიც ძებნილი იყო და ტუზს მხურვალე სალამს უძღვნიდა...

დაბრუნება

ავთო ცაბაძე ავტორიტეტული ქურდი იყო, ამავდროულად გამოცდილიც და, როდესაც ნოდკას ამბავი შეიტყო, არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ ეს ყველაფერი განგებ იყო მოწყობილი და ვიღაცა მის ჩაძირვას ცდილობდა. მტრები კი ტუზს საკმაოზე მეტი ჰყავდა.

მართალია, ტუზი პირადად არ იცნობდა ნოდკას, მაგრამ, მისი საქციელიდან გამომდინარე, საუკეთესო წარმოდგენა შეექმნა მასზე. ამიტომ ტუზმა ყველა მიმართულებით დააგზავნა ქსივები, რომლებშიც ძებნილ ნოდკას ძმად, ანუ კანონიერ ქურდად მოიხსენიებდა და მოუწოდებდა კოლეგებს, რომ ნოდარ კაშია „კანონიერ ქურდად“ ეცნოთ.

ამასობაში დრო გადიოდა. ნოდკა კვლავ მოუხელთებელი ძებნილი იყო და ხან ერთ ადგილზე ამოყოფდა თავს, ხან – მეორეზე.

ყველგან თავის კარგ სახელს ტოვებდა და მოპარულის ლომის წილს საპყრობილეებში, ქურდულ „ობშჩიაკში“ აგზავნიდა. ასე გავიდა 3 წელი. ტუზს პატიმრობის ვადა გაუვიდა, საპყრობილიდან გათავისუფლდა და თბილისში დაბრუნდა. შემდეგ ქურდები შეკრიბა და ძველი ისტორია გაიხსენა, რის გამოც ნოდკა უკვე სამი წელია, ძებნილი იყო, თავად კი ლამის სიცოცხლეს გამოესალმა. „სხოდკას“ შვიდი ქურდი ესწრებოდა, რომელთა გასაგონად ტუზმა თქვა:

– თქვენში, როგორც მინიმუმ, ერთი კაცი ბოზია, ანუ ის, ვინც ნოდკა სარანსკში დააჭერინა და რომ არა მისი ვაჟკაცობა, მე ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. იმართლეთ თავი, რას გაჩუმებულხართ?

დანარჩენ შვიდ ქურდს შორის ყველაზე ავტორიტეტული იყო გელა ბაზღაძე, მეტსახელად „დუშკა“. რომელიც, ასაკითაც აღემატებოდა იქ შეკრებილებს და ტუზს უთხრა:

– ეს, ძმაო, უმძიმესი ბრალდებაა და ჩვენ კი არ უნდა ვიმართლოთ თავი, არამედ, შენ უნდა დაგვიმტკიცო. ნუ იქნები უმადური, სწორედ ჩვენ ვიჩალიჩეთ თავანის ფული და რას გვემართლები?

– იმას, რომ თქვენში ვიღაც ჩამშვებია, კაკ მინიმუმ, ერთი კაცი, – გაიმეორა ტუზმა, – რა, არაა სწორი? თავანის ბაზარი თქვენ და ნოდკამ იცოდით. ნოდკას ბოზობა გამორიცხულია, ამიტომ რჩებით თქვენ და თქვენვე გააიასნეთ, ვინაა ნაბოზარი. მე თუ ეს თქვენზე ადრე დავადგინე, გპირდებით, რომ იმ ნაბოზარს არ ვაცოცხლებ...

ქურუდლი შეხვედრა იმით დასრულდა, რომ ტუზი გამოუმშვიდობებლად წამოვიდა და ქურდებს მათ მიმართ უნდობლობის სიტყვა დაუტოვა. მალე დაიშალნენ დანარჩენებიც, და ისე წავიდ-წამოვიდნენ, რომ ერთმანეთისთვის სიტყვაც არ უთქვამთ.

იმავე ღამეს, ზემო ვერაზე, ნათესავის ბინაში მყოფ ტუზს, რომელიც სამზარეულოში ვახშმობდა, თავს დაესხნენ...

უცნობმა პიროვნებამ სამზარეულოში მჯდომ ავთო ცაბაძეს 6 ტყვია ესროლა ქუჩიდან და ღამის წყვდიადში მიიმალა. ტუზი სასწრაფოდ არამიანცის საავადმყოფოში მიიყვანეს, გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს და სხეულიდან ოთხი ტყვია ამოუღეს... ცნობილ ქურდს ექვსი ნატყვიარიდან ორი გამჭოლი ჭრილობა აღმოაჩნდა, ოთხი ტყვია კი სხეულში ჰქონდა ჩარჩენილი. მათ შორის ყველაზე საშიში იყო მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, რომელმაც ნაწლავები და კუჭი დააზიანა, თუმცა, დროულმა ოპერაციულმა ჩარევამ მას სიცოცხლე შეუნარჩუნა და ავთო ცაბაძე რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ამგვარად, თბილისში დაბრუნებიდან ერთი კვირის შემდეგ, ცნობილი ქურდი საავადმყოფოში იწვა და სიკვდილს ებრძოდა...

დიდი კუში

ძებნილი ნოდარ კაშია, მიუხედავად იმისა, რომ კანონიერი ქურდის სტატუსი არ ჰქონდა, დიდი პატივისცემით სარგებლობდა კრიმინალურ სამყაროში. ის იმდენად მოუხელთებელი იყო სამართალდამცველებისთვის, რომ ერთგვარ ფანტომადაც კი იქცა და მისი დაპატიმრება უკვე მილიციის მუნდირის ღირსების საქმე იყო. ამიტომ ძალოვნებმა მთელი აგენტურული ქსელი დააყენეს ფეხზე ნოდკას შესაპყრობად, ათასი ხაფანგი დაუგეს მას, მაგრამ კაშიას ბედი სწყალობდა და ყველა ხიფათს თავს აღწევდა. პარალელურად კი აქტიურ კრიმინალურ საქმეებსაც სჩადიოდა და ისეთი შესაშური ოსტატობით ძარცვავდა მდიდარი ადამიანების ბინებს, რომ მილიცია გაოცებული იყო.

ტუზზე თავდასხმის შესახებ, ნოდკამ მოსკოვში შეიტყო. ის ცნობილ როსტოველ კრიმინალებთან, ვოვა პეტროვთან, იგივე „კრივოისთან“ და კანონიერ ქურდთან, სიომა პეტროვთან – „კასოისთან“ ერთად იმყოფებოდა. კრივოი და კასოი ძმები იყვნენ და ნოდკა მათთან ერთად „მსხვილი საქმისთვის“ ემზადებოდა.

ქურდების ტრიო უკვე ერთი თვის განმავლობაში არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. ისინი ცნობილი მოსკოველი იუველირის, დენის ბონზეს ბინას აკვირდებოდნენ. ერთ დილას კი, როდესაც მარტოხელა იუველირმა თავისი ბინა საიმედოდ ჩაკეტა, ახალთახალ „ვოლგაში“ ჩაჯდა და სამსახურში წავიდა, ქურდები მის ბინას ეწვივნენ. კასოიმ ბონზეს ბინის საკეტები ჩვეული ოსტატობით გახსნა და კოლეგებს ბინაში შეუძღვა. ტრიომ გულდასმით გადაჩხრიკა იუველირის ბინა, ორი საიდუმლო სეიფი აღმოაჩინა და დიდძალ ძვირფასეულობასთან ერთად, 38 ათასი მანეთიც გააყოლა ხელს. შემდეგ ქურდები კონსპირაციულ ბინაში დაბრუნდნენ, ნადავლი შეაფასეს და დაადგინეს, რომ ბონზეს ბინიდან წაღებული ძვირფასეულობის ღირებულება 486 ათასი საბჭოთა მანეთი იყო, რაც იმ პერიოდისთვის ასტრონომიულ თანხას შეადგენდა.

– ხარახურა შევინახოთ. ამ მაყუთით კი თბილისში გავემგზავროთ, – თქვა კასოიმ, რომელიც კანონიერი ქურდის სტატუსით სარგებლობდა და გადამწყვეტი სიტყვის უფლება ჰქონდა.

– თბილისში რა გვინდა? – ჰკითხა კრივოიმ ძმას.

სამი საქმე გვაქვს გასაკეთებელი: პირველი – ტუზი უნდა მოვინახულოთ საავადმყოფოში; მეორე – გავაიასნოთ, ვინ ჩაუშვა ამ სამი წლის წინ ნოდკა, რაც ტუზის გაფუჭებას ისახავდა მიზნად და, მესამე – უკვე დროა, რომ ნოდკა ქურდად ვაკურთხოთ...

სისხლიანი შეტაკება

კასოი, კრივოი და ნოდკა თბილისში, რომ ჩამოვიდნენ ინკოგნიტოდ, ტუზი ჯერ ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. თუმცა, უკვე სრულ გონებაზე იყო და ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ სამ-ოთხ დღეში ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანდნენ, ერთ თვეში ფეხზე დააყენებდნენ და სახლშიც გაწერდნენ.

ქურდებმა მოპარული ფულიდან 12 ათასი მანეთი საპყრობილეებში შეაგზავნეს, 26 ათასი მანეთი კი დაიტოვეს. ამით ახალთახალი სამოსი შეიძინეს, ძებნილ კაშიას კი პარიკიც მოარგეს, რომ არავის ეცნო და ტუზს რეანიმაციულ განყოფილებაში მიადგნენ სანახავად.

– როგორ ხარ, ტუზო? – ჰკითხა კასოიმ კოლეგას და ძმაკაცს, ვისთან ერთადაც არაერთი სერიოზული საქმე ჰქონდა გაკეთებული.

– ახლა აღარაფერი მიჭირს. შენ, კასოი?

– კაჟივით, ძამიკო, კაჟივით. სხვაგვარად არც შეიძლება, რადგან ბოზები მომრავლდნენ და მუსრი უნდა გავავლოთ. შენ ეს მითხარი, ეჭვი თუ გაქვს ვინმეზე. ვის შეიძლება, შენი მოკვლა შეეკვეთა?

– კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ, ალბათ იმას, ვინც ამ სამი წლის წინ ნოდკა ჩაუშვა, რომ მე გავფუჭებულიყავი. ისე, მაგარი ბიჭი აღმოჩნდა ეგ ნოდკა და ვერა და ვერ გავიცანი ჩემი მხსნელი.

– აი, შენი მხსნელიც, გაიცანი, – უთხრა კასოიმ ტუზს და ცაბაძეს კაშია გააცნო.

ტუზი საწოლზე წამოჯდა, ნოდკას გადაეხვია, მადლობა გადაუხადა და უთხრა:

ქურდი ხარ, ძამიკო. ეს მე ყველას შევატყობინე და როგორც კი სხოდკა შედგება, ერთი ხმა უკვე გაქვს.

– ეგ სულ მალე მოხდება – ნოდკას ამ დღეებში ვაკურთხებთ. ქსივები უკვე გავუგზავნე ქურდებს და, პასუხს რომ მივიღებ, სხოდკასაც დავნიშნავთ. ახლა წავედით, ეს კი შენ – უთხრა კასოიმ ტუზს, კომოდზე 3 ათასი მანეთი დაუტოვა, გამოემშვიდობა და დანარჩენებთან ერთად პალატიდან გავიდა.

კასოი და კამპანია ვერაზე, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში ცხოვრობდნენ. ბინას სათადარიგო გასასვლელიც ჰქონდა, რომელიც ქუჩაში გადიოდა და საშიშროების შემთხვევაში, კასოის და მის მეგობრებს გაქცევის საშუალება ეძლეოდათ.

სხოდკა, რომელზეც სპეციალურად შეკრებილმა რვა ქურდმა ნოდკა კანონიერ ქურდად აკურთხა, ვერაზე გაიმართა, იმ სახლიდან 200 მეტრის მოშორებით, სადაც კასოი და კამპანია ცხოვრობდნენ. დილით, როდესაც სხოდკა დასრულდა და მისი მონაწილეები დაიშალნენ, სახლისკენ მიმავალ კასოის, ნოდკას და კრივოის მილიციის ოპერატიულმა რაზმმა ალყა შემოარტყა და დანებება შესთავაზა, მაგრამ ქურდები არ დაემორჩილნენ ბრძანებას და ატყდა სროლა. ჯერ კიდევ ხეირიანად არ იყო გათენებული და ვერელებს საკუთარ სახლებში ეძინათ, როდესაც ისინი ინტენსიური სროლის ხმამ გააღვიძა და თითქმის ნახევარსაათიანი ურთიერთსროლის შედეგად, მოკლული იქნა კრივოი და ოთხი ქართველი მილიციელი დაიჭრა. კასოიმ და ნოდკამ კი გაქცევა მოახერხეს და მიიმალნენ...

P. S. კასოი და ნოდკა თითქმის ექვსი წელი იმალებოდნენ, ბოლოს კი ესპანეთში გაიქცნენ. მანამდე ქურდებმა მოკლეს ვინმე „ბუზი“, რომელიც მათ მილიციასთან თანამშრომლობაში ამხილეს და დაუმტკიცეს, რომ ტუზის გაფუჭება მას უნდოდა. თავად ტუზი კი გამოჯანმრთელების მერე მოსკოვში დასახლდა. 1997 წლის დეკემბერში კი კაზინო „კონტინენტალთან“ ის უცნობებმა მოკლეს...

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

ვინ იყო კანონიერი ქურდი „შმუთი“ და რატომ ამოთხარეს საფლავიდან

თბილისში მგზავრმა ტაქსის მძღოლში მშობლების მკვლელი ამოიცნო და მოკლა

რატომ ხოცავდა ახალგაზრდა მეძავებს ცნობილი თბილისელი ექიმი და-ძმა

64 წლის კაცმა შვილი დაჭრა, კანონიერი ქურდი კი საკუთარ სახლში მოკლა